თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია სოციალური ქსელის გარეშე, მათი გამოყენება ინფორმაციის გავრცელების ეფექტური საშუალებაა, თუმცა არსებობს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. უდავოა, რომ სოციალურმა ქსელებმა უკვე ღრმად შემოაღწიეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და გაიდგეს ფესვები ჩვენს ფსიქიკაში.
გთავაზობთ ახალგაზრდა დედის წერილს, რომელიც მან ანონიმურად მოგვწერა:
- ორი შვილის დედა ვარ, მყავს მზრუნველი, მოსიყვარულე მეუღლე. ყურადღებიანი მეგობრები და დიდი სანაცნობო წრე, საზოგადოების გული და სული ვარ. ვცხოვრობ დიდ ოჯახში, ფერადი და საინტერესო ცხოვრებით.... ეს არის ჩემი ირეალური სამყარო, რომელიც სოციალურ ქსელში, თვითონ გამოვიგონე, ეს არის ჩემი ფასადური ბედნიერება, რომელიც მხოლოდ ფერადი ფოტოებით შემოიფარგლება.
იმედია, უმადურობაში არ ჩამომართმევთ თუ ვიტყვი, რომ რეალურ ცხოვრებაში ბედნიერი ბოლოს როდის ვიყავი, არ მახსოვს. უკვე ოთხი წელია, რაც გავთხოვდი და შვილები მყავს, მაგრამ ჩემი დღეები არაფრით გამოირჩევა ერმანეთისგან. ადექი, ბავშვებს გამოუცვალე, აჭამე, გაასეირნე, დააძინე, გაიღვიძებენ - გამოუცვალე, ისევ აჭამე, დააძინე.
ამასთან სახლის საქმეებიც არ დაგავიწყდეთ და მომდევნო დღეს ყველაფერი თავიდან იწყება. ბოლოს მეგობრებს როდის შევხვდი, არ მახსოვს. ხანდახან დილიდან საღამომდე დრო ისე გადის, შესაძლოა პირის დაბანაც ვერ მოვასწრო, ამასთან სტრესისა და დაღლილობის, არეული კვების რეჟიმის ფონზე წონაში საგრძნობლად მოვიმატე.
სოციალური ქსელი ერთადერთი განტვირთვის საშუალებაა ჩემთვის. იქ შემიძლია ვიყო ის, ვინც მინდა რომ ვიყო: ბედნიერი, ლაღი, ლამაზი, წარმატებული.
თვეში ერთხელ, რომელიმე საღამოს, როცა შემიძლია ბავშვები დედაჩემს დავუტოვო, ვიცვამ ლამაზად, ვიკეთებ მაკიაჟს და მივდივარ ფოტოების გადასაღებად, შესაძლოა ერთი შეხედვით ამაში უცნაური არაფერია, მაგრამ ვგრძნობ, როგორ გავხდი ჩემი გამოგონილი ვირტუალური სამყაროს ტყვე, რომლისგანაც თავის დაღწევა მიჭირს“.
წერილის ავტორის მსგავსად, ბევრი ადამიანი ექცევა ვირტუალური სამყაროს „მახეში“. ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ სოციალურ ქსელს დღის განმავლობაში 2 საათზე მეტი დრო არ უნდა დავუთმოთ. იმისათვის, რომ არ გავხდეთ სოციალურ ქსელზე დამოკიდებული, გავითვალისწინოთ ძირითადი რჩევები:
გააცნობიერეთ, რამდენად დამოკიდებული ხართ სოციალურ ქსელზე, გადააფასეთ ღირებულებები და გააანალიზეთ, რატომ არის ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. დღეში გამოყავით რამდენიმე საათი, რომელსაც სოციალურ ქსელს დაუთმობთ, შესაძლოა კვირაში ერთი დღე დავაწესოთ, როდესაც საერთოდ არ გამოიყენებთ კომუნიკაციის ამ საშუალებას. ოჯახურ ცხოვრებაში მეტი ხალისის და ფერების შეტანა სცადეთ, უყურეთ მოვლენებს პოზიტიურად და გაცილებით მეტად სასიამოვნოდ აღსაქმელი გახდება თუნდაც რუტინული საოჯახო საქმეები. გამოყავით დრო მეგობრებთან და ახლობლებთან რეალური კომუნიკაციისათვის. იფიქრეთ სასარგებლო, საინტერესო, პროდუქტიულ საქმეზე, რომელიც შეიძლება გავაკეთოთ სოციალურ ქსელში დროის დაკარგვის სანაცვლოდ. დაკავდით ახალი ჰობით, მოუსმინეთ გარშემო მყოფებს და გადააფასეთ თქვენი სოციალური კომუნიკაციის ჩვევები. თუ მეგობრები, ახლობლები გეუბნებიან, რომ გახდით უფრო იზოლირებული, კარგად დაფიქრდით ამ საკითხზე.