ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ სათამაშო ძალიან მნიშვნელოვანი ნივთია, რომელიც ბავშვის განვითარებას უწყობს ხელს.
აქვს თუ არა სათამაშოს „სქესი“, რა მოხდება, თუ ბიჭუნა ითამაშებს თოჯინებით, ან პირიქით, გოგონა - მანქანებით?! - ამ თემაზე საინტერესო წერილი მივიღეთ, რომელსაც ანონიმურად ვაქვეყნებთ:
„ჩემი ბავშვობა შუაგულ 90-იანებს დაემთხვა. სათამაშოები, ბრჭყვიალა, ფერადი გასართობები კი არა, ხშირად საჭმელი არ იყო მაღაზიებში.
არც შესაძლებლობები იყო მაინცდამაინც, ცოტა შორიდან მოვუარე, მაგრამ გეტყვით, რატომაც.
ჩემი ბავშვობიდან გამომდინარე დღეს ვცდილობ, ჩემს შვილებს პატარა სურვილები და ოცნებები ავუსრულო.
ამავდროულად, შუალედსაც ვიცავ, ბავშვები „მიყიდედ“ რომ არ გადავაქციო.
მყავს ორი მცირეწლოვანი ბიჭი, უფროსი ხუთი წლისაა, უმცროსი ორის.
ყოველ ხელფასზე ვცდილობ შეძლებისდაგვარად გავახარო.
რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სათამაშოების მაღაზიაში ვარჩევდით საჩუქრებს, ჩემმა პატარა ბიჭმა თოჯინას დაადგა თვალი.
ხელში დიდხანს ატრიალა, მიუხედავად კონსულტანტის დაჟინებული მითითებისა, რომ „ბიჭი ხარ, აბა, თოჯინა რა შენი საქმეა, მანქანა შევარჩიოთ, აი, ნახე თოფიც“.. შევატყვე, რომ მტკიცედ ქონდა გადაწყვეტილი თოჯინის სახლში წამოყვანა.
კონსულტანტი თანაგრძნობით მიმეორებდა ფრაზას: „რა ვქნა, ვეცადე მაინც თოჯინა უნდა“...
ვიყიდეთ.
ოჯახის წევრებიც ძალიან შეშფოთდნენ, „ბიჭი ხარ, ეს რად გინდა?“ „ეს რა გიყიდია, რად უნდა, რა კაცის საქმეა თოჯინა?! ბარემ კაბა ჩააცვი!“
მიუხედავად კრიტიკის ქარცეცხლისა, ვფიქრობ, ტრაგედია არაფერია იმაში, თუ ბიჭს თოჯინით თამაში უნდა, ან გოგოს მანქანებით.
მშვენივრად ერთობა, ჯერჯეობით , აჭმევს, აცმევს, აძინებს, ზრუნვას სწავლობს. რა არის ამაში ცუდი?!“
მშობლის წერილი ფსიქოლოგ ნინო შველიძეს გავაცანით, რომლისგანაც რეკომენდაცია მივიღეთ:
- თამაშს ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სათამაშოების მეშვეობით ბავშვები თავიანთ გრძნობებს გამოხატავენ, შეიგრძნობენ და ეცნობიან გარე სამყაროს, სწავლობენ ურთიერთობას და ამავე დროს, საკუთარ თავს შეიმეცნებენ. თამაში ახალისებს და ართობს ბავშვს.
საზოგადოებაში არის გაბატონებული სტერეოტიპი - „ბიჭისა და გოგოს სათამაშო“, ისევე როგორც „ბიჭისა და გოგოს ფერები“ - ცისფერი და ვარდისფერი.
ეს არის გარკვეული სტანდარტი, რომელსაც თავად საზოგადოება ქმნის.
ფსიქოლოგები მსგავს ტერმინს არ ვცნობთ, მთავარია სათამაშო იყოს ასაკისთვის შესაფერისი და ავითარებდეს სხვადასხვა უნარსა და ჩვევებს. იქნება ეს თოჯინა თუ მანქანა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
გასათვალისწინებელია აუცილებლად ასაკობრივი თავისებურებები, მშობელმა უნდა იცოდეს, რა ასაკში რომელი სათამაშო შესთავაზოს ბავშვს.
უნდა გვახსოვდეს, რომ თამაშის პროცესში ბავშვი სოციალურად და ბიოლოგიურად ყალიბდება, ეუფლება ურთიერთობისთვის აუცილებელ მეტყველებას, უვითარდება წარმოსახვა. ასე რომ, მშობლებისათვის ჩემი რეკომენდაცია იქნება პატარას შეუძინონ ისეთი სათამაშო, რომელიც აღვიძებს ფანტაზიას, ავითარებს ჩვევებს და, რაც მთავარია, მოსწონს თვით ბავშვს.
ნინო მღვდელაძე