წყვილს შორის, თანაცხოვრების მანძილზე, კრიზისული პერიოდები კანონზომიერი და მოსალოდნელია. მასთან დაკავშირებული გამოწვევები ყველასთვის სხვადასხვაგვარია, ზოგისთვის - ფინანსები, ზოგისთვის - პიროვნული კრიზისი ან რუტინული ყოველდღიურობა, ჩვენი მკითხველი გურანდა სწორედ ამ პრობლემაზე გვწერს, წერილს უცვლელად გთავაზობთ:
"ხუმრობები და ფრაზები, რომ რა დროს ვალენტინობაა და ყოველი დღე სიყვარულისაა, ალბათ, ჩემნაირმა ქალებმა მოიგონეს, მათ, ვინც ყოველ ვალენტინობას უყურადღებოდ რჩებიან.
უკვე ათი წელია მე და ჩემი მეუღლე ერთად ვართ. ვერ ვიტყვი, რომ ერთმანეთი აღარ გვიყვარს, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია, მაგრამ რამდენიმე წელია ჩვენი ურთიერთობა უინტერესო და რუტინული გახდა.
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ სახლიდან ისე გავიდოდით, ერთმანეთს არ დავემშვიდობებოდით, ან დივანზე უფრო ხშირად გავიღვიძებდით ცალ-ცალკე, ვიდრე ერთად - საძინებელში.
გავუვუცხოვდით ერთმანეთს და ეს ყველაფერში თვალსაჩინო გახდა.
არავისთვის არაა საიდუმლო, რომ ქალებს ყველაზე მეტად ყურადღება გვსიამოვნებს, თუმცა გულწრფელად, რომ გითხრათ ახლა სუნამოზე და ყვავილებზე მეტად იმის ცოდნა უფრო მჭირდება, რომ ისეთივე პატივსაცემი და ღირებული ვარ მისთვის, როგორც ადრე, წლების წინ, შეყვარებულობის პერიოდში.
ვისურვებდი, რომ მეტი კომუნიკაცია გვქონდეს ერთმანეთთან, თუმცა ეს ფაქტობრივად შეუძლებელია მრავალრიცხოვანი ოჯახის გამო. ხანდახან მესამე პირის თანდასწრებით წამოწყებული კამათი მარტო იმიტომ გადაზრდილა ჩხუბში, რომ ამას სხვა შეესწრო...
მესმის, რომ ოჯახურ ურთიერთობებში კრიზისული პერიოდები არსებობს, თუმცა ამას ცალმხრივად გააზრება არ შველის, სამწუხაროდ.
ჩემი გადმოსახედიდან, წყვილებს მინდა ვურჩიო, რომ გაიაზრონ: ყოველი პრობლემის დასაბამი არასაკმარისი კომუნიკაციაა. ისწავლონ ერთმანეთის მოსმენა და რაც მთავარია - გულწრფელობა!
მივმართავ მამაკაცებს:
იყავით უფრო მეტად ყურადღებიანი, დაუმტკიცეთ თქვენს მეორე ნახევარს, რომ ის არა მხოლოდ ჭურჭლის მრეცხავი და სამზარეულოში მოფუსფუსე დიასახლისია, არამედ თქვენი საყვარელი ადამიანი, რომლის გამოც ახალგაზრდობაში უამრავ სიგიჟეზე იყავით წამსვლელი და რომელსაც თქვენი ცხოვრების ყველაზე ლამაზ დღეს დაჰპირდით, რომ ერთად იქნებოდით, სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ".