გამოცდილებამკითხველების ამბები
"რომელი პირბადე დაგვიცავს, როცა შენი წინმდგომის ფეხებში ინერწყვები... ელემენტარული არ ვიცით" - ახალგაზრდა ქალის წერილი
"რომელი პირბადე დაგვიცავს, როცა შენი წინმდგომის ფეხებში ინერწყვები... ელემენტარული არ ვიცით" - ახალგაზრდა ქალის წერილი
ალბათ, თითოეული ჩვენგანი, ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით ადამიანებს, რომლებიც მექანიკურად აკეთებენ რაღაც მოქმედებებს.
მაგალითად, ქუჩაში აგდებენ ქაღალდებს, იფურთხებიან, ეწევიან და ისვრიან ნამწვებს... სამწუხაროდ, უმეტესწილად, ეს ყველაფერი მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
ამ ადამიანებს თავში აზრადაც არ მოსდით, რომ სხვანაირადაც შეიძლება ცხოვრება, არადა, შეიძლება… გთავაზობთ ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი მკითხველის წერილს:

„ცოტა ხნის წინ ბავშვები გავასეირნე ეზოში, სათამაშო მოედანზე, სადაც თავს იყრიან როგორც პატარები, ასევე სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლები.
ბავშვები სრიალებენ, ქანაობენ, ბურთს თამაშობენ და იქვე მოედანზე ვხედავ ახალგაზრდა გოგო-ბიჭების ჯგუფს, მზეზე გამოსულებს... განიხილავენ
კორონავირუსის შესახებ ამბებს გაცხარებით.
განსაკუთრებით ორმა ახალგაზრდამ მიიქცია ჩემი ყურადღება, რადგან საუბრის დროს წამდაუწუმ იფურთხებოდნენ აქეთ-იქით.
ეს არის საშინელება, ყველაზე ამაზრზენი საქციელი, რომელ ჰიგიენას და პირბადეზეა საუბარი, ელემენტარული არ ვიცით!

ჰიგიენას რომ თავი დავანებოთ და გავრცელებულ ვირუსებს, დგახარ გოგოსთან ერთად, დიდად მოგაქვს თავი და ამ დროს უტიფრად ინერწყვები.
მე ვფიქრობ, რომ ეს არის საკუთარი თავის უპატივცემულობა და გარშემო მყოფების შეურაცხყოფა.

რატომ უნდა ირბინოს ბავშვმა შენს გადაფურთხებულში, რომელი პირბადე დაგვიცავს, როცა შენი წინმდგომის ფეხებში ინერწყვები?! ელემენტარული ზრდილობის ნორმები არ ვიცით! ეს არის სირცხვილი!

ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა, მივუთითოთ, დავწეროთ, ვისაუბროთ ხმამაღლა, რომ ეს არის, არც მეტი არც ნაკლები, უზნეობა!
აღმზრდელობითი შეგონებით მათთან ურთიერთობა უკვე დაგვიანებულია, იქნებ
სირცხვილმა და ნამუსზე აგდებამ გამოიღოს შედეგი.
ათი კაციდან ერთის ყურამდე და შეგნებამდე თუ მივა ჩავთვალოთ, რომ მისია შესრულებულია".
ნინო, 35 წლის
ბეჭდვა