მსოფლიოში არსებულმა სიტუაციამ თითოეული ჩვენგანის ცხოვრება შეცვალა. ჩვენი მკითხველი გვიყვება თავის ყოფაზე, თვითიზოლაციის პირობებში.
"აქამდე არ გამომიცდია, ახლა ვნახე რას ნიშნავს სახლიდან მუშაობა. მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ, რაც ბოლო კვირის განმავლობაში მივიღე და მოგიყვეთ ნებაყოფლობითი თვითიზოლაციის პირობებში ჩემს ყოფაზე.
დავიწყებ იქიდან, რომ ძიძა გავუშვი, თავისი სურვილი იყო, თორემ ამ პირობებში, იმაზეც თანახმა ვიყავი, ჩემთან დამეტოვებინა და აქ ეცხოვრა, ოჯახის წევრივით გვყავს და ძალიან გვიყვარს ყველას.
დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის დღიდან დაიწყო "ტანჯვა", სახლიდან მუშაობა არის კოშმარი, ალბათ ბევრმა გამოსცადა ეს თავის თავზე.
რადგან სახლში გხედავენ და აქ ხარ ფიზიკურად, ავტომატურად "გეტენება" საჭმელი, სარეცხი, დალაგება, სამი ბავშვის, ქმრისა და დანარჩენი ოჯახის წევრების მოვლა.
პლუს ამას უნდა მოასწრო აუცილებლად შესასრულებელი დავალება, რომელსაც სამსახურიდან იღებ, რას როგორ ვასწრებ თვითონ არ ვიცი.
სამწუხაროდ, დედამთილი არ მყავს, ჩემი დამხმარე ჩემი ძიძა იყო, რომელსაც ერთი კვირაა მივტირი.
ძეგლი უნდა დავუდგა იმ გამძლეობისთვის, შრომისთვის, რასაც ის აქამდე, თურმე, ჩვენთვის და განსაკუთრებით კი ჩემთვის, აკეთებდა. ახლა მეტად ვაფასებ მას ამის გამო.
კიდევ ერთი რამ, რაც ჩემს განწყობაზე მოქმედებს და ფიზიკურად მანგრევს ისაა, რომ რაც სახლში ვარ, ფორმაში ვერ ჩავდექი.
ერთი კვირაა ავდგები და დავდივარ ხალათით.
ალბათ ბევრისთვის სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, მაგრამ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მაკიაჟისა და ვარცხნილობის გარეშე, ამოღამებული თვალებით ოდესმე ვიმუშავებდი.
გაჩეჩილი თმით, შავი უპეებითა და დიდი ზომის თბილი ხალათით, ნამდვილ მოსიარულე ზომბს დავემსგავსე. მგონია, რომ საშინელებათა ჟანრის ფილმში ვარ, ან მძინავს, კოშმარს ვხედავ და გაღვიძება არ შემიძლია.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, მალე დასრულება ეს ყველაფერი და ყველა ცხოვრების ჩვეულ ტემპს დავუბრუნდებით".
ანა, 40 წლის