გამოცდილებამკითხველების ამბები
"ჩაიში "სგუშონს" მიმატებს, რძე მოჰყავსო და ცდილობს, ბავშვი აკვანში ჩამაწვენინოს..." - თვითიზოლაციაში ქმრის ბებიასთან ერთად გამოკეტილი ახალბედა დედის წერილი
"ჩაიში "სგუშონს" მიმატებს, რძე მოჰყავსო და ცდილობს, ბავშვი აკვანში ჩამაწვენინოს..." - თვითიზოლაციაში ქმრის ბებიასთან ერთად გამოკეტილი ახალბედა დედის წერილი
მსოფლიოში არსებულმა სიტუაციამ თითოეული ჩვენგანის ცხოვრება შეცვალა. ჩვენი მკითხველი 10 დღის ჩვილთან და ბებიასთან ერთად თვითიზოლაციაში მარტო აღმოჩნდა. სწორედ ამ ამბავთან დაკავშირებით მოგვწერა წერილი:

„10 დღეა, რაც ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება, ჩემი შვილი მოევლინა ქვეყანას.
მეუღლე საპატრულო პოლიციის თანამშრომელია. გადატვირთული გრაფიკის გამო მხოლოდ ორჯერ მოახერხა ჩვენი ნახვა, რაც ჩვენი ბიჭი დაიბადა. უმეტესწილად პოსტზეა და ვიდეოზარებით, დისტანციურად ვახერხებთ ერთმანეთთან კონტაქტს.

მე და ანდრია ქალაქს და ვირუსებს გამოვექეცით და სოფელში ჩამოვედით ჩემი ქმრის ბებიასთან.

მსმენია მშობიარობის შემდეგ დეპრესიაზე, ამის ფონზე სუსტ ნერვებზე
და ადვილად გაღიზიანებაზე, მაგრამ ეს ყველაფერი თუ მე დამემართებოდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.
აქამდე მეგონა, რომ რკინის ნერვები მქონდა, მაგრამ უკვე მეოთხე დღეა აქ ვარ და ვცდილობ თავი მაქსიმალურად ხელში ავიყვანო.
პატარა მთელი ღამე ჭირვეულობს. ან გულზე მიწევს, ან სულ ჭამს, ან სულ ტირის.

გამთენიისას, როცა ძლივს ჩაეძინება და მეც ვითიშები, ძაღლები, ქათმები, საქონელი თუ სადმე რამე არსებობს, ყველაფერი ერთად იწყებს წკავწკავს, კაკანს, ღმუილს... ცოტა ხანში შემოდის ბებია, მოაქვს ჩაი, რომელშიც, სავარაუდოდ, 5 კოვზი შაქარი ყრია, ისეთი ტკბილია და "სგუშონს" ამატებს კიდევ, რატომღაც მიტკიცებს, რომ ამას რძე მოჰყავს.
ველოდები სანამ არ გავა, რომ გადავღვარო. ჯერ ისედაც კოლიკითაა შეღონებული ბავშვი და ვერ ვაგებინებ, რომ ტკბილი არ შეიძლება.
მერიდება, მოხუცია, არ მინდა ვაწყენინო, თან ძალიან თავისებური და ჯიუტი ქალია.

მარტო ვერ ვტოვებ ანდრიას. წინა დღით ძველი აკვანი შემოიტანა, სინთეტიკაში ნუ გიწევს (საწოლ-მანეჟზე მიმანიშნა), ეს ხეა და სუნთქავს, აქ ჩვააწვინოთო.

საღამოს საქათმიდან ამოვიდა ჩახუტებული ქათმით, ფეხი სტკივაო. ანდრიას ეძინა და აივანზე ვისვენებდი.
სახლში შევიდა და ცოტა ხანში მოარბენინებს ბავშვს, გაიღვიძაო. ვხედავ, იგივე ტანსაცმელი აცვია, რომელზეც მანამდე ქათამს იხუტებდა.
ხანდახან მინდა, რომ ვიკივლო და ვინმეს მოვუხმო მშველელად...

ჩემს ქმარსაც ვერ ვუყვები ვერაფერს, არ მინდა დამატებით საფიქრალი და სანერვიულო გავუჩინო, ისედაც გადამწვარია ამ საგანგებო სიტუაციის გამო.
როცა რეკავს ვეუბნები, რომ კარგად ვართ, არადა ისე მიჭირს ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც, უკვე აღარ ვიცი რა ვუშველო ჩემს თავს.
იმედი მაქვს, ეს ყველაფერი მალე დამთავრდება, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდე“.
ქეთი, 25 წლის

ბეჭდვა