"ყველა წუწუნებს. ზოგი ვერ იგებს, რა აკეთოს მთელი დღე სახლში, სხვებმა აღმოაჩინეს, რომ სახლშიც ბევრი საქმე ყოფილა..." - დიასახლისის წერილი
"ყველა წუწუნებს. ზოგი ვერ იგებს, რა აკეთოს მთელი დღე სახლში, სხვებმა აღმოაჩინეს, რომ სახლშიც ბევრი საქმე ყოფილა..." - დიასახლისის წერილი
"ბევრ წერილს ვკითხულობ თქვენთანაც და სხვაგანაც ამ თემაზე და მომინდა, მეც მომეწერა. 

გახლავართ ჩვეულებრივი დიასახლისი. სამი შვილი მყავს, უფროსი 11 წლისაა და ფაქტობრივად, 11 წელია სახლში ვარ და ოჯახზე ვზრუნავ, ბავშვებს ვუვლი და ა.შ. რომ გავთხოვდი, მე და ჩემმა ქმარმა ასე გადავწყვიტეთ - მას უნდა მოემარაგებინა ოჯახი, არ მოეკლო არაფერი, სამაგიეროდ, მე დავმჯდარიყავი სახლში და ვყოფილიყავ ჩვეულებრივი დიასახლისი. ასე დავიწყეთ ცხოვრება და ნორმალურად ავაწყვეთ ყველაფერი. ფაქტობრივად, ხანდახან იყო დღეები, სახლიდან საერთოდ არ გავდიოდი - მაღაზიიდან პროდუქტებიც ჩემს მეუღლეს მოჰქონდა და
საქმე გარეთ არ მქონდა. დილას ვიწყებდი დალაგებას, ვზრუნავდი ბავშვების და მეუღლის საუზმეზე. მერე ჭურჭლის რეცხვა, მერე სადილის მზადება, მერე სადილობა - ისევ ჭურჭლის რეცხვა, ისევ დალაგება, მერე ვახშმისთვის ზრუნვა, მერე ისევ ჭურჭელი... შუალედებში რეცხვა, უთოობა, ბავშვების გართობა... და თუ დამიჯერებთ, იყო დღეები, ტელევიზორისთვისაც ვერ ვიცლიდი, განსაკუთრებით, როცა პატარები იყვნენ... 

მიუხედავად ამ ყველაფრისა, იყვნენ ადამიანები, რომლებიც ნიშნის მოგებით მეუბნებოდნენ ხოლმე, რომ მე რა მიჭირს, ქმარი უზრუნველმყოფს და ვარ ბედნიერად; რომ სახლის საქმე არაფერია იმ საქმეებთან შედარებით, რასაც ქალები სამსახურებში აკეთებენ; რომ დიასახლისობა სულ არ არის რთული და არც სახლში ჯდომაა იოლი. რამდენი ჩემი მეზობელი სიცილითაც კი მეტყოდა, ნეტა შენო... 

აი ახლა კი, რაც კორონავირუსმა ყველა სახლებში
ჩაკეტა, აღმოჩნდა, რომ ძალიან ძნელი ყოფილა მთელი დღე სახლში ჯდომა. ყველა წუწუნებს. ზოგი ვერ იგებს, რა აკეთოს მთელი დღე სახლში, სხვებმა აღმოაჩინეს, რომ სახლშიც ბევრი საქმე ყოფილა... ახლა შედიხართ დიასახლისების მდგომარეობაში? რომელი აღმოჩნდა უფრო რთული, მთელი დღე სახლში რომ ხარ და საქმეს ბოლო არ უჩანს, ღამეც რომ ვერ ისვენებ ნორმალურად, თუ რომ გაქვს საშუალება, გარეთაც გახვიდე, ადამიანებს შეხვდე, იურთიერთო, როცა გინდა დაალაგო და როცა გინდა არა, ძიძა დაიხმარიო, ბავშვები მშობლებს გააზრდევინო... და ა.შ. ნამდვილად არ ვსაუბრობ ნიშნისმოგებით, უბრალოდ მინდა, ყველა შევიდეს ერთმანეთის მდგომარეობაში და ნუ გააიოლებენ სხვის ცხოვრებას და სხვის საქმეს. მე არ ვწუწუნებ, ეს ჩემი არჩევანია და ასე ვცხოვრობ..."
ნინა, 40 წლის
1256
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
მე
0
ბოლოსდაბოლოს ვიღაცამ თქვა ჩემი სათქმელი
07:18 / 22-04-2020
მსგავსი სიახლეები