მინდა, თქვენი მეშვეობით გავაგონო ხმა მათ, ვინც არც საკუთარ თავს უფრთხილდება და არც სხვებს. განსაკუთრებით, ქალაქელებს. მე სოფელში დავიბადე, გავიზარდე, შემდეგ განათლება თბილისში მივიღე და ისევ აქ დავბრუნდი, გავთხოვდი, ოჯახი შევქმენი და აქვე ვცხოვრობ. მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ სოფელი ქვეყნის ძალაა ბევრი გაგებით და ყველანაირად ვცდილობ, ჩემი შვილებიც ისე გავზარდო, არ გაიქცნენ ქალაქში მხოლოდ იოლი ფულისა და იოლი ცხოვრებისთვის. თუ იშრომებ და გეყვარება სოფელი, ბუნება, მიწა, ისიც აუცილებლად დაგიფასებს და სულაც არ არის სამარცხვინო სოფლელობა, როგორც ბევრს გონია...
ახლა იმიტომ ვწერ, როგორც ზაფხულობით აღმოაჩენენ ხოლმე ქალაქელები, რომ სოფელი არსებობს და სოფელში ყოფნა ბავშვებისთვის კარგია, ახლაც, ამ გაჭირვების ჟამს, რატომღაც გადაწყვიტეს, რომ სოფლებს შეაფარონ თავი. ისეთი ხალხი დავინახე ამ დღეებში, წლები რომ არ ყოფილან მამაპაპისეულ სახლებში ან სოფლიდან რომ აიკრეს გუდანაბადი, თბილისური ცხოვრება გვინდაო და აქეთ აღარ იყურებოდნენ... მოდიან და მოდიან წყებად, აღებენ დახურულ ჭიშკრებს, ნახულობენ ნათესავებს, აწყობენ თავშეყრებს და... ავრცელებენ ინფექციას. უკვე მერამდენე შემთხვევაა, რომ სოფელში ქალაქიდან ჩამოიტანეს ვირუსი და გადასდეს აქაურებს. დროებითი თავშესაფრის ძიება კარგია და სოფლის ჰაერზე ყოფნა, მაგრამ აქაც დაიცავით მაშინ წესები და დაიცავით აქაურები. თავად არღვევთ წესებს და მერე ისევ სოფლელებზე ლაპარაკობთ, აქ ასეო და ისეო. აქ მისვლა-მოსვლა რომ გვაქვს, სხვაგან არსად დავდივართ და სხვა ხალხთან არ გვაქვს კონტაქტები. მაგრამ თქვენი ჩამოსვლის მერე კი ნამდვილად ვკეტავ კარს და აღარ გავდივარ ეზოს იქით, რომ თქვენს ჩამოტანილ ვირუსს არ ვემსხვერპლო. დაეტიეთ თქვენს სახლებში. დარჩი სახლშიო თქვეს და არა იარე სოფლებშიო.
ნინო, 37 წლის