ეს წერილი ჩვენს ერთ-ერთ მკითხველს ეკუთვნის, რომელმაც ანონიმურად ამჯობინა მისი გამოქვეყნება:
"ბევრი ვიფიქრე, დამეწერა თუ არა, ან როგორ დამეწერა, რა ფორმით...
მე რომ დავიბადე, სამმაგი გულის მანკით, 6 თვის ვადა მომცეს ექიმებმა, მეტს ვერ იცოცხლებსო. მშობლებს სამშობიაროში დატოვება ურჩიეს. მადლობა ღმერთს, ჩემი მშობლები ესენი არიან, ვინც არიან და არა სხვები... თავს არ შეგაწყენთ.
1 თვეში გაზეთში დაიბეჭდა ქართველ ექიმზე, ლადო ალექსი-მესხიშვილზე, რომელიც ამბობდა, რომ თეორიულად იცოდა, როგორ უნდა გაეკეთებინა ოპერაცია,პრაქტიკა არ ჰქონდა. დასაკარგი არაფერი იყო და საცდელი ვირთხასავით მიმიყვანეს მასთან...
დღეს 38 წლის გავხდი, აბსოლუტურად ნორმალური ცხოვრებით ვცხოვრობ. ვმუშაობ, ვმოგზაურობ, ვვარჯიშობ, გავთხოვდი და ბავშვიც მყავს...
ახლა რას მოვაყოლე ეს - დღეს დეიდაჩემმა, ძალიან დარცხვენილმა მითხრა, რომ ურჩევდა დედას, არ ავეყვანე ხელში, რომ არ მომჩვეოდა...
სულ ერთი აზრი მიტრიალებს თავში, მაშინ რომ გამოჩენილიყო ჩემი "ნაკლი" ექოზე და არ გავეჩინე დედაჩემს?! წარმოდგენაც არ მინდა იმისი, რომ შეიძლება ჩემი შვილი არ დაბადებულიყო!
ალბათ ბევრის მტკივნეულ თემას ვეხები ახლა, მაგრამ უნდა ვთქვა, ვისაც "პრობლემატურ" ნაყოფის გეტყვიან ექოზე, ორჯერ დაფიქრდით, სანამ მოიშორებთ. ბოდიშის მოხდით..."