საკმარისია ისინი გვესტუმრონ, ბავშვი ცუდად ხდება... მირჩიეთ რამე თქვენს საიტზე, რომელზეც ბევრ სასარგებლო რჩევას ვიღებ და ამისთვის მადლობას გიხდით, წავიკითხე ცრურწმენებისა და ნიშნების შესახებ, რომლებიც ახალდაბადებულ ბავშვებს უკავშირდებათ და წერდით, რომ ეს როგორც წესი, არ არის დასაჯერებელი და ადამიანების მოგონილია. მაგალითად, ბავშვის სარეცხი რომ ღამე არ უნდა გაფინო და ჩვილთან 40 დღემდე სტუმარი რომ არ უნდა მოვიდეს. ეს ყველაფერი და ბევრი სხვა რამეც, გამიგია ბებიაჩემისგან და სულ დავცინოდი ხოლმე. თუმცა როცა თავად გავხდი დედა, მეტად ფრთხილი გავხდი ყველაფრის მიმართ. მით უმეტეს, გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ ვერაფერზე ვერ იტყვი, ეს მოგონილია და ცრურწმენააო.
პირველ რიგში, იმაში დავრწმუნდი, რომ საკუთარ შვილზე კარგი არაფერი არ უნდა ვილაპარაკო – რაც უნდა გულღია და არაშურიანი მოსაუბრე მყავდეს, საკმარისია, ვთქვა, რომ ჩემი პატარა გოგონა (ახლა ორი წლისაა) კარგად იძინებს, კარგად ინელებს საჭმელს თუ ა.შ. (ასეთ თემებზე ხომ სულ ვლაპარაკობთ დედები), იმავე დღეს ერევა ყველაფერი ერთმანეთში. თავიდან არ მჯეროდა, მერე კი ყურადღება მივაქციე და იმდენად დავფრთხი, ფიქრშიც კი ვცდილობ, არ გავამახვილო ყურადღება იმაზე, თუ რა კარგად არის პატარა, რამდენი ხანია სიცხე არ ჰქონია თუ რამდენი ხანია გული არ არევია. უკვე ისე დავპროგრამდი, ასე მგონია, ფიქრადაც თუ გავივლე, მაშინვე უკუღმა დატრიალდება ყველაფერი. სერიოზული კომპლექსი გამიჩნდა, რომ ბავშვს ვვნებ ასეთი ფიქრებით თუ ლაპარაკით, საერთოდ ვჩუმდები ამგვარ თემებზე საუბრისას.
სიზმრებსაც მეტად ვაქცევ ყურადღებას. საკმარისია, დამესიზმროს, რომ ბავშვი სველია ან წყალში დადის, მეორე დღესვე ცივდება. ვიღაცას გაეცინება და მეტყვის, არ უნდა მიაქციო ყურადღება და არც მოხდება მასეო. ვცადე, მაგრამ მართლა არ გამოდის...
კიდევ უფრო უარესს გეტყვით. მე და ჩემი ქმარი მარტო ვცხოვრობთ. საკმარისია, ჩემი დედამთილი ან მული გვესტუმრონ, ბავშვი იმავე დღეს ცუდად ხდება. გულწრფელი რომ ვიყო, მე თვითონაც არ ვგიჟდები მათზე, მაგრამ ეს ხომ ბავშვზე ისე არ მოქმედებს, მათ დანახვაზე ცუდად გახდეს? ჩვეულებრივ ვხვდებით, პატარას უყვარს კიდეც მათთან ყოფნა, ეთამაშება, ეფერება. მაგრამ იმ დღეს მაინც ცუდად ხდება – არ ვიცი, აურის ბრალია, თვალს იღებს (ასეც იტყვიან ხოლმე) თუ რა ხდება, მაგრამ ფაქტია. მათი ვიზიტები სერიოზულ ნერვიულობად მიჯდება – ხან სიცხე უწევს უმიზეზოდ, ხან ყელი უწითლდება, ხან კუჭი ეშლება. უკვე გული მისკდება, რომ ვიცი, უნდა მესტუმრონ. არადა, რა ვქნა? ჩემს ქმარსაც ვერ ვეუბნები, გადაირევა, ათას რამეში დამდებს ბრალს და ალბათ ღირსიც ვიქნები. მაგრამ მართლა ასე რომაა, რა ვქნა? აღარ ვიცი, ვის გავენდო. მიხარია, რომ გაჩნდა ასეთი საიტი, სადაც შემიძლია გამოვთქვა ჩემი აზრი და დიდი იმედი მაქვს, ვიღაც მაინც გამოჩნდება, ისეთი დედა, რომელიც გამიგებს და მეტყვის, რომ არ ვაფრენ და ასეთი რამ მართლა ხდება...
მარიამი, 28 წლის.
ასევე იხილეთ: "მხოლოდ იმიტომ დავორსულდი, რომ ქმრის ნათესავებმა ტვინი გამიბურღეს"