სამწუხაროდ, მშობლების მხრიდან შვილებზე ძალადობის ფაქტები არც წარსულში იყო იშვიათი და არც ახლა. შვილებს სამუდამო ფიზიკურ თუ მორალურ დაღად რჩებათ ხოლმე მშობლების მხრიდან გამოვლენილი აგრესია, სიძულვილი და სისასტიკეც კი. ჩვენს ვებგვერდზე გამოწვეყნებულ სტატიას, სადაც სწორედ ასეთი ადამიანების რეალური კომენტარები იყო შეკრებილი (იხილეთ სტატია - "მეზიზღებოდა დედა, რომელიც მცემდა..." - დედების მიერ გულნატკენი შვილების საშინელი ნაამბობი), კიდევ უამრავი კომენტარი მოჰყვა ადამიანების, რომლებიც თავიანთ ამბებს ყვებიან. ესეც ერთ-ერთი მათგანია - გოგონა, რომელიც არ ამხელს ვინაობას, მამის აგრესიაზე გვიყვება:
"დღე არ გავა, მამაჩემის ქცევები რომ არ გამახსენდეს. ჯოხითაც ვუცემივარ, ქამრითაც... ერთხელ კბილის ექიმთან თავში მუშტი ჩამარტყა, რადგან ბურღვისას კბილი მტკიოდა და ვტიროდი... სულ დამცირების რეჟიმში ვიყავი - შენ რისი გამკეთებელი ხარ, შენ რა უნდა გამოგივიდეს, ხშირად მესმოდა... უამრავი კომპლექსი ჩამომიყალიბდა, კარგა ხანს მჯეროდა, რომ ამას ვიმსახურებდი, მერე დიდ წყენაში გადამეზარდა და დღემდე ვფიქრობ, მიყვარდა თუ არა მამა?
ისევ ჩემს თავს მე "ვუმკურნალე", მე მამაჩემმა მასწავლა, თუ როგორი არ უნდა იყოს მშობელი... ახლა ძალიან დიდი გოგო ვარ, შვილები მყავს, მე და მეუღლე ვცდილობთ, კარგი მშობლები ვიყოთ და როგორც შვილები გვეუბნებიან, გამოგვდის...
ვგმობ ყოველგვარ ძალადობას, დამცირებას, შეურაცხყოფას... შვილების გვერდში დგომა და მათ მიერ ნათქვამი ფრაზა, "ყველაზე მაგრები ხართ" შეუფასებელი ჯილდოა!!! თუმცა გული დღემდე მტკივა..."