ჩვენი ერთგული მკითხველი გვწერს საკითხზე, რომელზეც ხშირად მჯელობენ მშობლები, მასწავლებლები და ფსიქოლოგები - უნდა მივცეთ თუ არა დავალებები საზაფხულო არდადეგებზე ბავშვებს და თუ უნდა მივცეთ, რა დოზით და რა ოდენობით.
"საქართველოს ერთ ულამაზეს სოფელში ვისვენებ. ბევრი დამსვენებლია, ბავშვების ჟივილ-ხივილი, ერთმანეთის ძახილი, ერთად შეკრება, ერთად თამაში... ჩემი ბავშვობის ზაფხული მახსენდება, სოფლად გატარებული 3 თვე ყველაზე ლაღ და ბედნიერ მოგონებად ქცეული, გზადაგზა ცხელი პურით და ყველით წახემსება, გარეთ გაქცევა თანატოლებთან სათამაშოდ... აქ, ახლაც თითქმის ასე თამაშობენ, ჩამოსული თუ აქაური ბავშვები...
ერთი ცუგრუმელა, ულამაზესი მესამეკლასელი გოგოც ისვენებს. ხშირად მესმის დედის ძახილი: ,,შემოდი, წასაკითხი გაქვს, დასაწერი გაქვს, გადასაგზავნი გაქვს"... გოგონაც თვალებაცრემლებული შეეხვეწება დედას, ცოტა ხანიც ვითამაშებო, მერე მაინც მიდის გულდაწყვეტილი...
მის დედიკოს ვკითხე, ონლაინსწავლა ხომ დასრულდა-მეთქი? შეწუხებულმა მითხრა, კი დასრულდა, მაგრამ დათქმულ ორ-სამ დღეს, მასწავლებელს ვუგზავნით კონკრეტული (საკმაოდ დიდი მესამეკლასელისთვის) ნაწარმოების წაკითხვის ვიდეოს და ორ, სამ, ხან ოთხ ფურცელს მათემატიკის დავალებას!!! კვირაში სამჯერ! გავოგნდი, ნუთუ ისე თუ არა, ამდენი ტრენინგების ფონზე მაინც არ იცის მასწავლებელმა, რომ ზაფხულში ამ რეჟიმით მეცადინეობა ძალიან უარყოფითად აისახება ბავშვის ფსიქიკაზე და ამ მიდგომით წარმატებულ შედეგზე ვერ გავა??? თქვენ რომ განახათ ის პატარა, სიფრიფანა გოგონა, როგორ ყლაპავს ცრემლებს, გარეთ მისი თანატოლების ჟივილ-ხივილი რომ ისმის და თავად თითქმის ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს სწავლას! მერე მასწავლებლის კომენტარები არ გაინტერესებთ? გადაგზავნილ დავალებებში სულ შეცდომების აღნიშვნაზეა ორიენტირებული!!!
დაასვენეთ ზაფხულში მაინც ბავშვები, მასწავლებლებო, ასეთი მიდგომით, მერწმუნეთ, ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებთ!! ურჩიეთ წასაკითხი ლიტერატურა, მიუთითეთ, რა უნდა იმეცადინონ მათემატიკაში, თუმცა არა ასეთი რეჟიმით!! დაინდეთ ბავშვები!!"