სოციალურ ქსელში დედები ბევრ საჭირბოროტო საკითხზე მსჯელობენ. ახალგაზრდა დედა, ლანა თხელიძე ბავშვთა საავადმყოფოებში არსებულ პრობლემაზე წერს:
"მაინტერესებს ანალოგიური სიტუაცია გაქვთ თუ არა, როდესაც რიგი მიზეზების გამო ხვდებით საავადმყოფოში. 3-4 დღის გატარება მომიწია ბავშვთან ერთად ერთ-ერთ კლინიკაში. აღნიშნული პოსტი ეხება სამედიცინო პერსონალს და მშობლებს. ჯერ მინდა მივმართო ექიმებს:
1. ურიგო არ იქნება, თუ პაციენტის პალატაში შესვლის წინ დააკაკუნებთ. (ჩვენ ასე ვიქცევით, როცა თქვენს კაბინეტში შემოვდივართ.. თუ დაკაკუნება არ გინდათ, მინიმუმ, ისე არ უნდა შეხვიდეთ ოთახში, თითქოს პაციენტს შტურმით იღებდეთ. თვეების ბავშვი დამინევროზეთ კარების ამ არაადეკვატური შენგრევებით. დიახ, პატარა ბავშვებს ძინავთ იქ, სადაც კარების ჩამოღებით შედი-გამოდიხართ.
2. ვენაში კათეტერს თუ ვერ დგამთ, არაა სირცხვილი (არადა სირცხვილია.. შეგიძლიათ მას დაუძახოთ, ვინც ამას იხერხებს და ეს 7282839 წარუმატებელი ცდის მერე არ უნდა გააკეთოთ. ცას რომ სწვდება ბავშვის ტირილი, მაშინ მაინც გამოიჩინეთ ადამიანობა.
3. კონსილიუმი, როგორც წესი, დერეფნებში არ იმართება ღამის საათებში და ბოლო ხმაზე. შეხვდით კოლეგებს დერეფანში?! მიესალმეთ და გაიარეთ, რა საჭიროა პაციენტის კარებთან ჩამოდგომა და ამა ქვეყნის ამბების იქ განხილვა.
4. ეს ყველაფერი ეხებათ ასევე ექთნებს, დამლაგებლებს.
რაც შეეხებათ მშობლებს:
1. როცა დაღამდა და თქვენი ბავშვი შედარებით დიდია და ძილი არ უნდა, ან პატარაა და მაინც არ უნდა ძილი, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ არც სხვის ბავშვებს ეძინებათ და ინდა იხტუნოთ, იმღეროთ და ირბინოთ დერეფნებში.
2. ტელეფონზე გაუთავებელი ლაპარაკი უბრალოდ ჭორაობის მიზნით და არა ბავშვის ჯანმრთელობაზე. იმხელა ხმაზე გაჰყვირით, რომ საერთოდ არაა დარეკვა საჭირო, დამიჯერეთ თქვენი წიოკის ხმა 9 მთას გადასცდება და ადრესატი მაინც გაიგებს. ტყუილად ნუ ხარჯავთ სალაპარაკოს.
ამ ყველაფერს იმიტომ ვწერ, რომ ეს ყველაფერი ხდება ღამის საათებში. აქვე ვიტყვი, რომ აქ იმ მშობლებზე არ მაქვს საუბარი, რომლის შვილებიც მართლა ძალიან ცუდად არიან და მათი პალატაში მშვიდად მოთავსება მათ ძალებს აღემატება. არ ვასახელებ კონკრეტულ სახელებს იმიტომ, რომ ანალოგიური მდგომარება დამხვდა ყველგან, რაც ნიშნავს რომ პრობლემა საზოგადოებაშია და არა მაინცდამაინც ერთ კონკრეტულ დაწესებულებაში. თუ ერთმანეთის მიმართ მეტ ურთიერთპატივისცემასა და კულტურას გამოვიჩენთ, ურიგო არ იქნება" - წერს ლანა თხელიძე.