"ჩემი ბრალია ყველაფერი..." - ბებიის სულის შემძვრელი აღსარება არ მეგონა, როდისმე თუ მომიწევდა ამის დაწერა და ვინმესთვის გულის გადაშლა. ხშირად ვკითხულობ სხვების წერილებს და გამიჩნდა სურვილი, მეც დამეწერა, რომ ჩემი მაგალითი სხვებისთვის იყოს ჭკუის სასწავლებელი. ვიცი, რომ ჩემნაირად ბევრი დედა თუ ბებია იქცევა ყოველდღე, ისე, რომ ვერც აცნობიერებენ ამ ყველაფრის სერიოზულობას და ჩემ შემთხვევაში, ტრაგიკულობასაც.
მოკლედ მოგიყვებით. დედისერთა გოგო მყავს და 21 წლისა გათხოვდა. ერთ უსაქმურ ბიჭს გაჰყვა. რა გასაკვირია, არ მომწონებოდა სიძე? გამოვთქვამდი კიდეც უკმაყოფილებას.
ჩემმა შვილმა სულ ორი წელი იცხოვრა ქმრის სახლში – დედამთილიც დიდი უსაქმური და ჭორიკანა ქალი შეხვდა, ორივენი ნერვებს უშლიდნენ. ეს ჩემი საწყალი გოგო მთელი დღე მუშაობდა და დაღლილ-დაქანცული შინ რომ მივიდოდა, უკვე აღარ შეეძლო შენიშვნების, საყვედურების, ყვირილის და ათასგვარი მორალური დამცირების ატანა. თანაც, მალე შვილი გაუჩნდა და დედამთილმა გამოუცხადა, მე მაგის ნერვები არ მაქვს, სახლში ვერ დავჯდები, ჩემი პირადი ცხოვრება მაქვს, ცოტაღა დამრჩა ცხოვრება და იმასაც ბავშვის მოვლას ვერ შევალევო. ერთი მხრივ რომ შეხედო, იქნებ, მართალიც არის, ადამიანებს ყველა ასაკში უნდა ჰქონდეთ პირადი ცხოვრება და იქნებ არც არის სწორი, ასე რომ გადავყვებით ხოლმე შვილებსა და შვილიშვილებს? მაგრამ სხვანაირადაც რომ არ შეგვიძლია? მე სხვაგვარად ვერ ვაზროვნებ, ასე ვარ გაზრდილი. ამიტომ, გავბრაზდი ნინის დედამთილზე და ვუთხარი, გადმოდი ჩემთან და მე დაგეხმარები ყველაფერში-მეთქი. ასე გადმოვიყვანე ჩემთან შვილი, შვილიშვილი და სიძე.
როგორც კი 2 წლის გახდა ჩემი შვილიშვილი, მაშინვე საოცრად გაცელქდა. ერთი წამით ვერ ჩერდებოდა ადგილზე. ჩვეულებრივი ახლანდელი, ჰიპერაქტიური ბავშვი გახლდათ. ან სულ თამაში და სეირნობა უნდოდა, ან სახლს თავდაყირა აყენებდა. მამამისი მთელი დღე უსაქმურად დაეხეტებოდა წინ და უკან, დედამისი – სამსახურში, ჰოდა, ვიყავით ჩვენ ორნი. ახლა რომ ვფიქრობ, იმდენს შეიძლება არ აშავებდა, მაგრამ მეც, როგორც დღეს ბევრს ჩემნაირს, ნერვები მქონდა გაფუჭებული, ძალა და ენერგია აღარ მქონდა ბავშვის სამყოფი, ჩემი შვილის ცუდ ბედზე გამუდმებით ვფიქრობდი, და რომ ვერ ვუძლებდი ამას, მთელ სიბრაზეს თუ გაღიზიანებას მასზე ვანთხევდი. დღის პირველ ნახევარში ასე თუ ისე კარგად ვხერხებდით დროის გაყვანას, ვერთობოდით, გარეთ ვასეირნებდი, ცოტას ვეთამაშებოდი კიდეც, მაგრამ დღის მეორე ნახევარში უკვე ვეღარ ვუძლებდი – თითქოს ვითიშებოდი, ის კი პირიქით – თითქოს დაქოქესო, დასაბმელი ხდებოდა. ჩვენს პატარა სახლში ვეღარ პოულობდა გასართობს და ხან სათამაშოს ამტვრევდა, ხან შპალიერს ახევდა, ხან სკამს ახოხებდა ძირს და იატაკს კაწრავდა. მეც გულზე ვსკდებოდი, ვნერვიულობდი, სულ გაჩერებას ვთხოვდი, დაწყნარებას, ვეჩხუბებოდი, ვუკივოდი. ასეთი ფრაზები საღამოს განსაკუთრებით მატულობდა: "მეტი აღარ შემიძლია, რა გაჩნდი ასეთი დაუდგრომელი და რატომ არ გაჩერდები", "რა გჭირს, რომ ვერ ჩერდები, ხომ შეიძლება, იყო წყნარი ბავშვი, იჯდე შენთვის ჩუმად და არ უშლიდე სხვას ნერვებს", "რას დაამსგავსე სახლი, მოსპე მთელი ჩემი ქონება, ეს ერთი ბავშვი როგორ ანადგურებ ყველაფერს" და ა.შ. და ა.შ. მივტიროდი დახატულ კედელს თუ გაფუჭებულ სკამს და მრცხვენოდა სტუმრის შემოსვლის. ჩემი გოგოც გვიან ბრუნდებოდა სახლში, აღარაფრის ნერვები არ ჰქონდა. ვერც კი ეთამაშებოდა შვილს. პატარაც იზრდებოდა, ძალა და ენერგიაც ემატებოდა, სულ უფრო ვერ კმაყოფილდებოდა სახლში გართობით, მეც ვერ დავდევდი ყველგან და არეულობამაც იმატა. ჩემმა ნერვიულობამ და საყვედურებმაც – შესაბამისად. რამდენჯერ განერვიულებულს ისეთი საშინელი სიტყვები მითქვამს, ახლა რომ ვფიქრობ, მრცხვენია საკუთარი თავის...
ერთ დღესაც, დიდი უბედურება მოხდა. სკოლიდან (მაშინ მეორე კლასში იყო უკვე) ექსკურსიაზე წაიყვანეს. მხოლოდ ბავშვები იყვნენ და ორი მშობელი და მასწავლებელი ახლდათ. არ ვიცი, როგორ, მაგრამ მათ ავტობუსს დიდმა სატვირთო მანქანამ გაკრა გვერდი – შეეჯახა. მძღოლმა მოახერხა და საჭე დაიმორჩილა – არავინ არ დაზარალებულა... ჩემი საწყალი შვილიშვილის გარდა. ზუსტად მის მხარეს მომხდარა შეჯახება, სერიოზული ტრავმები მიიღო, სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, ურთულესი ოპერაციები გაუკეთეს, მაგრამ ხერხემალი ისე დაუზიანდა, ვეღარაფერი უშველეს... მას მერე სიარული აღარ შეუძლია... ახლაც მეტირება, ამას რომ ვწერ... და ახლაც, ისე როგორც ამ წლების განმავლობაში, სულ თავს ვიდანაშაულებ ამ ტრაგედიაში. ეტყობა, ღმერთმა დამსაჯა, სულ რომ მის გაჩერებას და დაწყნარებას ვითხოვდი, ნივთებსა და მატერიებს ვდარდობდი... ახლა ჩემი შვილიშვილი აღარც სახლს ურევს, არც კედლებს ხატავს, არც ცელქობს – მთელი დღე თავისთვის ზის წყნარად, მხოლოდ წიგნებს კითხულობს, ტელევიზორს უყურებს, კომპიუტერს უზის. სიარული, სირბილი აღარ შეუძლია... არ მერჩივნა, ეცელქა, დაენგრია თუნდაც მთელი სახლი, ოღონდ ჯანმრთელი ყოფილიყო?! სულ ვფიქრობ, ახლაც, რომ ვუყურებ სხვა ბავშვებს – ზოგი ჩემს შვილიშვილზე უფრო ცელქია, მავნეებიც არიან მეტად და მეტადაც ურევენ ყველაფერს, მაგრამ ალბათ უფრო შეგნებული მშობლები ჰყავთ, ან იქნებ უფრო მშვიდები არიან, მეტად აქვთ ნერვები შენარჩუნებული და არ გიჟდებიან მათ სიცელქეზე, არ საყვედურობენ, ალბათ უფრო მშვიდად უხსნიან, მეტს ეთამაშებიან... ბავშვს თუ ეთამაშები, წაუკითხავ, მშვიდად და წყნარად დაელაპარაკები, ბევრს მოეფერები – მთელი დღე თუ მოახერხებ, რომ მისთვის გეცალოს და ნერვები გქონდეს, არც არაფერს დააშავებს და არც ცელქობის დრო დარჩება... ან კიდევ იცელქოს, ნუთუ არ ღირს მის ბედნიერებად თუნდაც დახატული კედლები. სულ ნუ მოვა სტუმარი, სულ ნურავინ ნახავს ჩემს მოვლილ სახლს და გაკეთებულ რემონტს, განა ეგ არის მთავარი? რას არ მივცემდი, რომ ჩემი პატარა ისევ ისეთი დაუდგრომელი და მოუსვენარი იყოს... მშობლებო, დედებო, მამებო, ბებიებო, მეტი იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ ექცევით ბავშვებს, თუ რას ამბობთ... ღმერთი ყველაფერს ისმენს...
ხათუნა, 62 წლის