ხშირად არის საუბარი იმაზე, რომ დღეს დახლებზე გამოტანილი ხლ-ბოსტნეული ქიმიური საშუალებებით, სხვადასხვა ნიტრატითაა გაჟღენთილი. სწორედ ამის შესახებ მოგვწერა ერთ-ერთმა მკითხველმა, საკმაოდ მტკივნეული, გულწრფელი წერილი, რომელსაც გთავაზობთ და ამასე პასუხი შესაბამის უწყებებსაც ვთხოვეთ:
"ახლა სწორედ ის სეზონია, დიასახლისები სოციალურ ქსელებში ამაყად რომ უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ ნახელავს - ნაირ-ნაირი მწნილებს, მურაბებს და კომპოტებს, ბოსტნეულის კონსევრებს - წიწაკას თუ ბადრიჯანს, სტაფილოსა და ბულგარულს, კეტჩუპსა და ლეჩოს, აჯიკას, საწებლებს. მოკლედ, ყველანი ვხედავთ, როგორ შრომობენ მთელი შემოდგომის განმავლობაში ქალბატონები. იმარაგებენ, ამზადებენ, არაფერს იშურებენ, რომ ზამთარში უზრუნველყოფილი ჰყავდეთ ოჯახის წევრები. ყველამ ვიცით, რომ არც ამ პროდუქტის შეძენაა დღეს მარტივი, არც მომზადება. ალბათ უცნაურად ჟღერს, რატომ ვწერ ამ ყველაფერს. არც ზამთრის მარაგის შექმნაში ვხედავ რამე პრობლემას და არც არავის საქმეა, კონსერვებს მოხმარდება ოჯახის ბიუჯეტი თუ სხვა რამეს.
მე სულ სხვა რამ მაღელვებს. ვათვალიერებ ლამაზად ჩამწკრივებულ, სავსე ქილებს და გემრიელი საკვების ნაცვლად ის მავნე ნივთიერებები წარმომიდგება, რითაც ეს პროდუქტია მოყვანილი. ცოცხალი ბოსტნეულით ვიტამინებს მეტს ვიღებთ თუ შხამებს, მართლა ვეღარ გამიგია. კონსერვებს რომ თავი დავანებოთ, ყველა ექიმი მოგვიწოდებს, ბავშთა კვებაში ბოსტნეულს ყველაზე მეტი ადგილი უნდა ეჭიროსო. რომელ ბოსტნეულს, ნიტრატებით და გაურკვეველი წამლებით რომ არის სავსე? არა, ეს ჩემი აკვიატება არ არის, საქართველოს ზუსტად იმ რეგიონში მაქვს სოფელი, საიდანაც გასაყიდი ხილ-ბოსტნეული მთელ საქართველოში გადის. პანდემიის დაწყებიდან თითქმის წელიწადია, აქ ვარ და უფრო დავაკვირდი ამ ყველაფერს. ჩემს ნათესავებს, მეზობლებს, ოჯახის წევრებს აქვთ მიწები, სადაც ეს პროდუქტი მოჰყავთ და ვიცი, უსასუქოდ, უქიმიოდ გასაყიდი კი არა, იმდენი მოსავალიც არ მოდის, ოჯახი რომ გამოკვებო. არც ჩვენი ოჯახია გამონაკლისი, გასაყიდი ბევრი არაფერი გვაქვს, მაგრამ თუ წამალი არ ვიხმარეთ, საერთოდ არ გვექნება მოსავალი. განსაკუთრებით ბოსტნეულს უჭირს, კიტრს, პამიდორს, წიწაკას, ბადრიჯანს... მათ განსაკუთრებით სჭირდებათ ქიმიური საშუალებები. თანდათან ახალ-ახალი ხერხები შემოდის, რომ პროდუქტი ფესვიდანვე ქიმიით გაიჟღინთოს და უფრო გამძლე იყოს გარემო პირობების მიმართ.
ამ წერილით არავის ვსაყვედურობ, საქმეც იმაშია, რომ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. არსებობა და საკვები ყველას სჭირდება, მითუმეტეს, სოფელში მცხოვრებ ადამიანს, რომელსაც სხვა შემოსავლის წყარო არაფერი აქვს და ხშირად მხოლოდ ის აქვს საკვებად, რასაც საკუთარ მიწაზე მოიყვანს. არც ის გეგონოთ, რომ გასაყიდი პროდუქტი მოგვყავს საწამლი პრეპარატებით და სახლში მოსახმარი - მათ გარეშე. არა, ჩვენც იმავე პროდუქტს ვაჭმევთ ჩვენს შვილებს, რაც გასაყიდად გაგვაქვს იმიტომ, რომ სხვანაირად უხვი და ხარისხიანი მოსავალი, რომ ოჯახს საკვებად ეყოს, აღარ მოდის.
შეიძლება უფრო განვითარებულ ქვეყნებშიც ასეა, არ ვიცი ან საიდანაც ჩვენთან შემოდის ხილ-ბოსტნეული, შეიძლება იქ უარესიც ხდება. მე ის მაინტერესებს, ჩვენთან აკონტროლებს ვინმე ამ პრეპარატების ხარისხს, ვიცით რეალურად მათი შემადგენლობები? არ კონტროლდება ვინ რამდენს, რა სახის და რა კონსისტენციის ქიმიას უკეთებს ბოსტნეულს. იქნებ სულ ტყუილად ვღელავ და არაფერი საშიში არ არის? თუ ვინმე ერკვევით ამ სფეროში, იქნებ მეტი ინფორმაცია მიაწოდოთ ხალხს. ხილ-ბოსტნეულით ვიტამინს უფრო მეტს ვიღებთ თუ შხამებს? აქვს ვინმეს ამაზე პასუხი?
ძალიან მიხარია, როცა ვაწყდები პოსტებს, როგორ ახერხებენ ადამიანები ბიომეურნეობების შექმნას. მაგრამ ისინი ძალიან ცოტანი არიან და მათი მოყვანილი პროდუქტიც საშინლად ძვირია. სამაგიეროდ, ვხედავთ, რომ შეუძლებელი არ არის. იქნებ დაგვეხმაროს სახელმწიფო ტრენინგებით, ბუნებრივი სასუქებით ან ახალი ჯიშების შეძენაში დაგვეხმაროს, რომ ჩვენც ბუნებრივად მოყვანილი პროდუქტი მოვახმაროთ ოჯახებს და სხვასაც ნატურალური მივყიდოთ".
ამ წერილის პასუხად სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორს, ვახტანგ კობალაძეს მივმართეთ:
"საქართველოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შემოტანა კონტროლდება, მაგრამ მოხმარების პროცესია გაუკონტროლებელი. სურსათის ეროვნული სააგენტო გლეხებს ვერ აკონტროლებს. ყველა ინფორმაციით, რაც კი მიმიღია ამ საკითხთან დაკავშირებით, ბევრი გლეხი აღნიშნულ ნივთიერებებს დიდი ოდენობით მოიხმარს, არ აქცევს ინსტრუქციას ყურადღებას, რაც სერიოზული პრობლემაა. ამას ემატება ის, რომ ჩვენთან არ არის ყველა ის აგროქიმიკატი და პესტიციდი აკრძალული, რომელიც ევროკავშირშია. ჩვენი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას ჩამორჩება და ამ კუთხით დამატებითი საფრთხე იქმნება. პროდუქციის უვნებლობაზე მწარმოებელი და კერძო პირია პასუხისმგებელი. ინსტრუქციის გარეშე პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გაყიდვა არ შეიძლება, ამიტომ ყველა, ვინც იყენებს, კარგად უნდა გაეცნოს მოხმარების წესებს. სხვადასხვა პროგრამა არსებობს, რომლებიც გლეხებს საწარმოო პროცესის ეტაპებზე შესაბამის ცოდნას აძლევს. ყველა რაიონში არსებობს სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო ცენტრები. მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველა გლეხს ეს ვერ მოიცავს და ბევრიც არ მიმართავს კონსულტაციისთვის. პესტიციდები და აგროქიმიკატები ქიმიური ნივთიერებებია და შეიძლება სხვადასხვა ტიპის ზიანი მიაყენოს ადამიანს. ეს ზიანი არ არის აუცილებელი, რომ ერთბაშად დადგეს. შესაძლებელია, დროთა განმავლობაში, სხვადასხვა ტიპის მავნე ნივთიერების მიღების შედეგად, ადამიანს გარკვეული დაზიანება განუვითარდეს. სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზარზე გამოტანილი პროდუქტების უვნებლობას ამოწმებს, მაგრამ ფიზიკურად შეუძლებელია სათითაოდ ყველაფერი შეამოწმო, რაც ბაზარზეა. სააგენტოს ამისი რესურსი არ აქვს არც ჩვენთან და არც სხვა ქვეყნებში. ამიტომ, რისკის შეფასების საფუძველზე, ცალკეული პროდუქტების შერჩევით შემოწმება ხდება და ძირითადი ყურადღება საწარმოო პროცესის შემოწმებაზე გადადის. საწარმოებში, მათ შორის, ფერმებში, საწარმოო პროცესი ისე უნდა იყოს, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი პროდუქციის დაბინძურება, მათ შორის, ეს ეხება პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენებას. მაგრამ, როდესაც საქმე წვრილ, ოჯახურ მეურნეობებს ეხება, ფაქტობრივად, შეუძლებელია, რომ სააგენტომ ყველა შეამოწმოს. სურსათის ეროვნულ სააგენტოს 2020 წელს მიეცა უფლება-მოსილება, რომ გლეხური მეურნეობები შეამოწმოს, ისიც მთელი რიგი შეზღუდვებითა და გამონაკლისებით. ასე, რომ უნდა ვთქვათ, რომ გლეხური მეურნეობები, სამწუხაროდ, ხშირად უკონტროლოა.“- ვახტანგ კობალაძე.
კომენტარი ვთხოვეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოსაც:
"აგროქიმიკატებს საქართველოს ბაზარზე სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებს. ორმაგ კონტროლს გადის, ერთს საბაჟოზე, ხოლო მეორეს უკვე ქვეყანაში. პირველ რიგში, აგროქიმიკატები უნდა იყოს რეგისტრირებული, დაცული უნდა იყოს შენახვის პირობები, ვადა, ვარგისიანობა და ასე შემდეგ. რაც შეეხება ხილისა და ბოსტნეულის უვნებლობას, ბაზარზე მოწმდება, ნიმუშების აღება და შემდეგ ლაბორატორიული კვლევა ხდება. მონაცემებს კვარტალურად ვაქვეყნებთ და ეს საჯაროა. სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით მოწმდება, მაგალითად, ნიტრატების შემცველობა და სხვა. არ აქვს მნიშვნელობა, გლეხი ყიდის თუ დიდი ბიზნესოპერატორი. ზოგადად, როდესაც ფიზიკურ პირს თავისი პროდუქტი სარეალიზაციოდ გამოაქვს, კონტროლს ექვემდებარება. აქიდან გამომდინარე, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარზე არსებული სურსათის შემოწმებასა და მონიტორინგს ახორციელებს.“ -განაცხადეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.