ეს წერილი ჩვენს მკითხველს ეკუთვნის, 4 შვილის დედას, რომელიც გამოეხმაურა ერთ-ერთ ჯგუფში ახალგაზრდების მიერ გამოთქმულ პროტესტის მშობლების მიმართ, თუ რატომ ერევიან მშობლები მათ ცხოვრებაში, განსაკუთრებით - პირად ცხოვრებაში:
"მოდი დავიწყებ იმით, რომ მყავს ოთხი შვილი, ყველა სხვადასხვა ასაკის... უფროსი 19 წლის, უკვე სტუდენტია და ძალიან არ მინდა, ჩემზე დამოკიდებული იყოს მისი ცხოვრება, ან ჩემს წინაშე რამით ვალდებული მთელი სიცოცხლე... მაგრამ როცა ჯერჯერობით მე ვარ მის ცხოვრებაში ყველაფერზე პასუხისმგებელი, ანუ მე ვაფინანსებ მის სწავლას, მის გართობას, დასვენებას, ყველანაირ კეთილდღეობას, მე ვათენებ ღამეს, რადგან სახლში არაა და ამის გამო ვერ ვიძინებ, მე ვემსახურები, საჭმლით თუ ტანსაცმლით, ყველაფერზე მე ვარ ვალდებული და სანაცვლოდ მხოლოდ იმას ვკითხულობ, სად მიდის ან როდის დაბრუნდება, ან ამდენი ფული რაში დახარჯა, ამაზე არ უნდა გაგიჩნდეთ პროტესტი... კი ბატონო, იცხოვრეთ დამოუკიდებლად, იყავით ფინანსურად ყველაფერზე პასუხისმგებელნი და ჩვენ, მშობლებს ნუ აგვკიდებთ ტვირთად თქვენს თავისუფალ ცხოვრებას, ან კომფორტს, გართობას და დამიჯერეთ, არავინ არასდროს ჩაერევა თქვენს ცხოვრებაში... აქ არაფერ შუაშია მშობლების მენტალიტეტი... ევროპულობა მარტო თავისუფალი სექსი არაა... ევროპაში არავინ ავალდებულებს მშობლებს თავის ნაადრევად გაჩენილ შვილებზე პასუხისმგებლობის აღებას ან მათზე ზრუნვას, არც იმას ავალდებულებენ, რომ ბოლო თაობა ტელეფონი უყიდონ და დასსასვენებლად აუცილებლად საზღვარგარეთ გაგზავნონ, არც სწავლას უფინანსებენ ამხელა თანხებით... ამიტომ დაფიქრდით კარგად, გაიაზრეთ, რა არის მთავარი პრობლემა... რა ჯობია თქვენთვის და რა უკეთესია თქვენი მშობლებისთვის..."