მოგესალმებით, რიგითი მკითხველი გწერთ, თქვენს გვერდზე გამოქვეყნებული აი, ამ წერილის საპასუხოდ: "აი, ასეთ სიბინძურეში შეუძლია იჯდეს მთელი დღე და ბავშვსაც ამ გარემოში ამყოფებს..." - დედამთილის წერილი“
ვმუშაობ ერთ-ერთ მსხვილ მარკეტში, მოლარე-კონსულტანტად, სრულ განაკვეთზე, რაც იმას ნიშნავს, რომ კვირაში 6 დღე, დილის 7 ნახევრიდან ღამის 11 საათამდე ჩემს ერთადერთ შვილს ფაქტობრივად, ვერ ვნახულობ.
დილით ვერ ვუმზადებ და ვერ ვახვედრებ საუზმეს, ვერ ვკოცნი შუბლზე, სახლიდან გასვლის წინ ვერ ვაცილებ და ვერ ვუსურვებ კარგ დღეს, ვერ ვეხმარები გაკვეთილების მომზადებაში, ვერ ვუმზადებ სადილს და ვახშამს... დილით სამსახურში წასვლისას მას სძინავს, საღამოს ტრანსპორტის გამო ხშირად მიწევს გვიან დაბრუნება, და არც თუ ისე იშვიათად მას ისევ სძინავს...
რაც შეეხება ჩემს სამსახურს, ვინც მარკეტში მუშაობს ან ოდესმე უმუშავია, და გამოუცდია ეს „ვირული“ შრომა, მხოლოდ ის გაიგებს ჩემს ყოველდღიურ გარჯას.
მაინც მოკლედ მოგახსენებთ:
ჩემი მოვალეობაა, ვიდგე სხვადასხვა პროდუქციასთან და მომხმარებელს მივაწოდო ინფორმაცია ვადებზე, შემადგენლობაზე და ა.შ. ხშირად მიწევს ზურგით ვათრიო საწყობიდან ყველა ის პროდუქტი, რაც დახლებს აკლდება. გარდა ამისა, სალაროსაც უნდა მივაქციო შიგადაშიგ ყურადღება, რაც უფრო სტრესული და დამღლელია ჩემთვის, გაუთავებელი რიგები, გასაკუთრებით რთულია იმ კატეგორიის ადამიანებთან შეხვედრა, რომლებიც მუდმივად უკმაყოფილონი არიან და ერთი სული აქვთ, რამე შეგეშალოს, რომ ჩეკები დაგახიონ თავზე.
მოკლედ, ხან სალაროში, ხან ხილ-ბოსტანში, ხან ხორც-პროდუქტებში.... დღის მეორე ნახევრიდან უკვე გრძნობ, რომ ქანცი გაგიწყდა. ადამიანი აღარ ხარ, მექანიკურად მოქმედებ, იმიტომ, რომ სხვაგვარად შეუძლებელია..
რამდენჯერ ტრანსპორტის მოლოდინში ფეხების ტკივილისაგან მიტირია, სახლში მისულს დივანზე ტანსაცმლით ჩამძინებია... ამ ყველაფერს იმიტომ გწერთ, რომ ზემოთ ხსენებული წერილის ადრესატად ჩემი თავი ამოვიცანი, და ძალიან მომხვდა გულზე.
დიახ, მე ვერ ვახერხებ ჩემს შვილზე ვიზრუნო ისე, როგორც საჭიროა, ვერ ვახერხებ დავალაგო სახლი, მოვამზადო კერძები, ვიყო კარგი მეუღლე ჩემი ქმრისთვის, რომელიც ასევე „ვირულად“ მუშაობს მთელი დღის განმავლობაში, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მე ცუდი დედა ვარ, ან ჩემი ქმარ-შვილი არ მიყვარს. ან კიდევ უარესი, ბინძური და ზარმაცი ვარ და კერძების მომზადება და სახლის დალაგება მეზარება.
მოდით ყველანი პირველ რიგში ვიყოთ ადამიანები, შევიდეთ ერთმანეთის მდგომარეობაში. განა ამ ქალს რა გასაჭირი აქვს ასეთი, რომ გამოდგა და თავისი ოჯახის საქმე სააშკარაოზე გამოიტანა?! საკუთარი ქალიშვილი რომ იყოს, დარწმუნებული ვარ, სხვაგვარად დაატრიალებდა ფირფიტას. მაშინ სიძე იქნებოდა დამნაშავე სიბინძურეში, ან შვილიშვილი, რომელიც „მამას დაემსგავსა“.
თუ აკეთებ, გააკეთე დაუყვედრებლად, ზუსტად შვილისთვისა და შვილიშვილისთვის. თუ არადა დაეტიე შენს ტყავში. სახლიც დალაგდება, მშიერიც არავინ დარჩება.