გამოცდილებამკითხველების ამბები
"დედამთილი ყველაფერზე შენიშვნას მაძლევს, რაც ბავშვის აღზრდას ეხება და არ მაცლის, ისე გავზარდო, როგორც მე ვფიქრობ" - გულახდილი წერილი
"დედამთილი ყველაფერზე შენიშვნას მაძლევს, რაც ბავშვის აღზრდას ეხება და არ მაცლის, ისე გავზარდო, როგორც მე ვფიქრობ" - გულახდილი წერილი
მოგესალმებით. მინდა ჩემი დარდი გაგიზიაროთ და ვკითხო რჩევა თქვენს მკითხველებს, ჩემნაირ დედებს, იქნებ მირჩიონ, როგორ მოვიქცე ან თავად როგორ აგვარებენ მსგავს პრობლემას.

ორ წელზე მეტია, გათხოვილი ვარ და ჯერ სანამ დავორსულდებოდი, მანამდე მქონდა სანერვიულო - ერთ წელზე მეტი არ ვრჩებოდი ორსულად და გადამდგეს. ლამის ყოველდღე მეკითხებოდა ჩემი დედამთილი, ტესტი გავიკეთე თუ არა, ექიმთან ვიყავი თუ არა გამოკვლევაზე, რამე გენეტიკური პრობლემა ხომ არ მქონდა და ა.შ.
ისე ვნერვიულობდი და ისე დავიძაბე, ვფიქრობ, ეგეც მიშლიდა ხელს დაორსულებაში.
როგორც იქნა, ერთი წლის თავზე
დავორსულდი. ახლა მორიგი თემა დაიწყო - ორსულისთვის ეს არ შეიძლება, ის არ შეიძლება, ასე არ ქნა, ისე არ ქნა. თავიდან ჩემს ქმარს რომ ვეუბნებოდი, ეცინებოდა, ნუ აქცევ ყურადღებას, დაიკიდეო. მერე გამომიცხადა, ის უფრო გამოცდილია და უკეთ იცის და დაუჯერეო. 

წინა კარანტინი რომ დაიწყო, რამდენიმე თვით დედაჩემთან წავედი და იქ გავატარე ორსულობის პერიოდი. რასაკვირველია, მშვიდად ვიყავი და არავინ მიშლიდა ნერვებს. გავაჩინე, იქიდანაც დედასთან მოვედი 40 დღე, როგორც ხდება ხოლმე და მერე გადავედი ქმრის სახლში. აქ ისევ დაიწყო სრული კოშმარი, რომელიც ძალიან მოქმედებს ჩემზე და აღარ ვიცი რა ვქნა. 

დედამთილი ცდილობს, აბსოლუტურად ყველა პროცესი, რაც ბავშვს უკავშირდება, მართოს და ყველაფერზე მას ვკითხო რჩევა და ლამის - უფლებაც.
უხეშად ერევა ბავშვის მოვლის, კვების, გაზრდის პრეცესში. თუ რამეს ვაკეთებ, შენიშვნას მაძლევს, არაფერი არ მოსწონს, ჩემი არჩეული პედიატრი უცოდინარია, მე ცუდი მიდგომები მაქვს, ბავშვს ცუდი ხასიათი აქვს და ა.შ. ჩემი ქმარი ხმას არ იღებს, მამამთილიც დედამთილსაა აყოლილი და მიმეორებს, რომ მას უნდა დავუჯერო, რადგან მშვენივრად გაზარდა ორი შვილი და დიდი გამოცდილება აქვს... რჩევას მოვისმენ ყველასგან, მაგრამ ჩემი შვილია და მინდოდა ეს შვილი, ვფიქრობ, რომ მზად ვარ დედობისთვის და ჩემი შეხედულებები მაქვს აღზრდაზე, ვკითხულობ ბევრს, ვუსმენ ექიმებს, გამოცდილ მეგობრებს და არ მგონია, ცუდად მოვახერხო შვილის გაზრდა. მაგრამ აი, აბსოლუტურად არაფერს არ მანებებენ. რაც თანამედროვე მეთოდია, შედარებით თხლად ჩაცმა იქნება, ბავშვისთვის წიგნის კითხვა, რომ მოუსმინოს ზღაპრებს და ლექსებს, კვებაში თევზის და ხორცის, ბროკოლის და სხვა პროდუქტების ჩართვა ამა თუ იმ ეტაპზე - მოკლედ, ყველაფერი ხდება განხილვის საგანი და იმ დონემდე, რომ ბოლოს ხანდახან მე ვთმობ...
არ მინდა ოჯახის დანგრევა, ცალკე ცხოვრების შანსიც არ არის და რა გავაკეთო, მითხარით? რომ შევიდე კონფლიქტში და ყველაფერზე ვიჩხუბო, ალიაქოთი იქნება და ჩემი ქმარიც ალბათ საბოლოოდ დედის მხარეს დაიჭერს... 
მირჩიეთ რამე, რა გავაკეთო".
ხათუნა, 28 წლის
ბეჭდვა