კბილის ტკივილი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვისაც გამოუცდია, იცის, რომ ექიმთან ვიზიტის გარეშე ამ პრობლემას არაფერი ეშველება. ვიზიტის გადადება კი მხოლოდ ძლიერი ტკივილდამაყუჩებელი საშუალებებით არის შესაძლებელი. ამაში ახალი არაფერია, მაგრამ როცა საქმე ორსულ ქალს ეხება, ვისთვისაც არასასურველია ძლიერი საანესთეზიო საშუალებები და არც პანდემიის პერიოდშია სტომატოლოგთან ვიზიტი კომფორტული, ეს რჩევა აუცილებლად გამოგადგებათ. გთავაზობთ, ჩვენი მკითხველის მიერ მოწოდებულ რეკომენდაციას, რომელიც მას ფეხმძიმობის პერიოდში გინეკოლოგმა მიაწოდა:
"მოგესალმებით. ბოლო დროს სამედიცინო ჯგუფებში შემხვდა პოსტები, სადაც ფეხმძიმეები სტომატოლოგთან ვიზიტზე ჩიოდნენ. მოგეხსენებათ, ორსულობისას განსაკუთრებულად ზიანდება კბილები. არადა ამ დროს ვერც დამაყუჩებლებს სვამ თამამად, სტომატოლოგთანაც საანესთეზიო საშუალების გაკეთება დიდად სასურველი არაა. ამ ყველაფერს ახლა პანდემიაც დაერთო და არც არის გასაკვირი, რომ ფეხმძიმეს სტიმატოლოგიურ კლინიკაში მისვლა არ სურს. თუ პრობლემა მწვავეა, სამაგისოდ ვერაფერს გირჩევთ, მაგრამ შემიძლია გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, რომ ორსულობის პერიოდში კბილები არ გაგიფუჭდეთ.
ყოველთვის ცუდი კბილები მქონდა, ბავშვობიდან მტანჯავს, ამიტომ დაფეხმძიმებისას სულ მქონდა შიში, რომ სტომატოლოგთან ვიზიტების გარეშე ვერ ჩაივლიდა ჩემი ორსულობა. ეს შიში ჩემს გინეკოლოგსაც გავუზიარე. აღმოჩნდა, რომ მასაც ჰქონდა კბილების პრობლემა და ორსულობისას ასეთი წესი შეიმუშავა. ყოველ დღე მიირთმევდა 200 გრამ ხაჭოს. მთელი ორსულობა ერთი კბილიც არ გამფუჭებიაო, მითხრა. ცოტა ეჭვის თვალით კი შევხედე, მაგრამ ადამიანი საკუთარ თავზე გამოცდილს რომ გირჩევს, ძნელია, არ დაუჯერო. ისეთი შეშინებული ვიყავი, მართლა პირნათლად შევასრულე. დავიწყე მეც ყოველ დღე 200 გრამი ხაჭოს ჭამა. რა თქმა უნდა, საუბარია საღ რძეზე დამზადებულ ხაჭოზე და არა უბრალოდ ხაჭოსებრ ნუგბარებზე. თავადაც არ ველოდი ასეთ ეფექტს. არათუ კბილი არ გამფუჭებია და წამომტკივებია მთელი წლის განმავლობაში, თმაც და ფრჩხილებიც კი ასეთ კარგ ფორმაში არ მქონია არასდროს. თმას რომ ვივარცხნიდი, ერთი ღერიც არ მცვიოდა, როცა სხვა დროს, ნებისმიერ შემთხვევაში, სავარცხელი გასასუფთავებელი იყო. მოკლედ. სულ ეს არის, რაც მინიმუმ, ორმა ორსულმა გამოვცადეთ და გაამართლა. ორივემ პრობლემური კბილებით. სხვთა შორის, ბავშვიც ღუზღუზა, გრძელი თმით დაიბადა, არ ვიცი, ეს რამდენად ამის დამსახურებაა, მაგრამ ძალიან ღონიერი და ამტანი ბავშვი იყო ყოველთვის. განსაკუთრებით, ჩვილობის პერიოდში. მხოლოდ ორისულებისთვისაც არ დამიწერია ეს რჩევა, ყველას გამოადგება ეპიდემიის პირობებში, რომ მაქსიმალურად აირიდონ თავიდან სტომატოლოგიურ კლინიკებში ვიზიტებში.
იმედია, ვინმეს მაინც გამოგადგებათ ჩემი გამოცდილება. ნამდვილი ხაჭო მართლაც ძვირია, თუმცა საღი რძისგან შეგიძლიათ თავადაც დაამზადოთ. ნახევარ ლიტრ ცხელ რძეში, რომელიც თითქმის ადუღებამდეა მიყვანილი, 3-4 ჩაის კოვზი მაწონი ჩაამატეთ, აურიეთ და დაელოდეთ, სანამ აიჭრება და ხაჭოდ იქცევა. შემდეგ კი გადაწურეთ."
მოუმზადეთ ბავშვებს ხაჭო სახლის პირობებში - 5 მარტივი რეცეპტი