გამოცდილებამკითხველების ამბები
"ახალგაზრდა ძიძას არავის ვურჩევ, ამ გოგომ ჩემს მეუღლესთან 10 წლიან ურთიერთობას ბზარი გაუჩინა" - ახალგაზრდა ქალის წერილი
"ახალგაზრდა ძიძას არავის ვურჩევ, ამ გოგომ ჩემს მეუღლესთან 10 წლიან ურთიერთობას ბზარი გაუჩინა" - ახალგაზრდა ქალის წერილი


ყველა დედისთვის რთულია კარგი ძიძის შერჩევა. სამწუხაროდ, არჩევანი ყოველთვის არ ამართლებს, ასე მოხდა ჩვენი მკითხველის შემთხვევაშიც. მის წერილს, ანონიმურად გთავაზობთ:

„გასაოცარი ამბავი უნდა მოგიყვეთ, ნამდვილი სერიალის სიუჟეტი გადამხდა თავს.

ჯერ კიდევ ვერ ვყვები ამ ამბავს ემოციების გარეშე. პანდემიამ ყველას გაგვირთულა ცხოვრება, ჩემი თავიდან გამოდინარე ვიტყვი, რომ ეს ჩაკეტვები და სახლიდან მუშაობა ძალიან დამღლელი, უფრო მეტად შრომატევადი და რთულია, განსაკუთრებით, როცა ორი მცირეწლოვანი ბავშვი გყავს სახლში.

პირველი ჩაკეტვა ძლივს-ძლივობით გადავაგორე. ჩემი სამსახური მთლიანად დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა გაზაფხულის შემდეგ და რადგან ძალიან
გამიჭირდა ბავშვებთან ერთად მუშაობა გადავწყვიტე სასწრაფო წესით ამეყვანა ძიძა.

აქამდე დამხმარე არასდროს მყოლია. დავწერე ერთ-ერთ ჯგუფში ჩემი პირობები, რამდენიმე ადამიანისგან მივიღე შეტყობინება.

კასტინგების და შერჩევის დრო ნამდვილად არ მქონდა, ახალგაზრდა გოგონა შევარჩიე პირველ რიგში უბნის მიხედვით, ახლოს რომ ყოფილიყო ჩემთან და ტრანსპორტზე პრობლემა არ შექმნოდა.

მეორე დღესვე დავიბარე, სასიამოვნო გარეგნობის, კარგად მოსაუბრე, ერთიშეხედვით "კარგი გოგო" აღმოჩნდა ნათია.

პირველივე დღეებში მოიპოვა ჩემი ნდობა, ბავშვების მიმართ დიდ ყურადღებას იჩენდა, ისინიც მალევე მიეჩვივნენ და შეიყვარეს.

თითქოს ყველაფერი რიგზე იყო თავიდან, თუმცა რაღაც მოსვენებას არ მაძლევდა.

გნებავთ ქალის ინტუიცია უწოდეთ ამას, გნებავთ "მესამე თვალის გახსნა".

მალევე შევამჩნიე, რომ ჩემი ძიძა ნათია,
ჩემს შვილებთან ერთად არანაკლებ ყურადღებას უთმობდა ჩემს მეუღლეს.

ჩემს თავს ვებრძოდი, ხომ არ მეჩვენებოდა ეს ყველაფერი, ვცდილობდი სიტუაცია ამეწონა, შეეფასებინა და შემდეგ მემოქმედა თუ საჭირო გახდებოდა.

ჩემი მეუღლეც დისტანციურად მუშაობს, თუმცა მას ჩემგან განსხვავებით მეტად თავისუფალი გრაფიკი აქვს და შესაბამისად მეტი დრო გამოუჩნდა ძიძასთან სააჭორაოდ, ბავშვების შუადღის ძილის დროს მასთან ერთად ყავის სასმელად.

შევამჩნიე, რომ ჩემი ძიძა, ჩემს მეუღლესთან დაახლოების მიზნით ბავშვებს იყენებდა: "წავიდეთ, მამიკოს ვეთამაშოთ, უკვე მორჩა მუშაობას", "აბა, მამიკომ დაგვიხატოს, ვნახოთ, როგორ გამოსდის", "უი, სათამაშო გაგიფუჭდა? მოდი მამიკოს ვთხოვოთ დახმარება".

მე ჰაერში გამოვეკიდე თითქოს, ბავშვებმაც ჩემი დაიგნორება დაიწყეს, "დედიკო, შენ წადი, ნათია გვეთამაშება". "ნათიამ გვაჭამოს" "ნათიამ დაგვაძინოს". გულწრფელად რომ ვაღიარო, ყველაფერზე ნავთს ისიც ასხამდა, რომ ნათია ნამდვილად ლამაზი გოგოა და ალბათ ვერცერთი მამაკაცი ვერ დარჩება მის მიმართ გულგრილი.

ჩემი მეუღლეც რამდენჯერმე გამოვიჭირე, როგორ გააყოლა თვალი, ალბათ ფიქრობთ, რომ მეჩვენებოდა და ზედმეტად ვამახვილებდი ყურადღებას, მაგრამ დამიჯერეთ, ქალებს მსგავსი რამეები ნამდვილად არ გამოგვეპარება.

არც ისტერიჩკა ვარ და არც ეჭვიანი, საბაბის გარეშე ფაქტების გაზვიადება ნამდვილად არ მიყვარს.

მივიღე გადაწყვეტილება, რომ ნათია გამეშვა.

ყველაზე მეტად, რამაც გამამწარა, ჩემი მეუღლის რეაქცია იყო, ფიქრებში ათასჯერ დალაგებული, წინასწარ გამზადებული ფრაზებით რომ ვუთხარი, ჩემი გადაწყვეტილების შესახებ და მიზეზი, თუ რატომაც გადავწყვიტე ასე, პასუხი არ გაინტერესებთ?! ირონიული ღიმილით :"აბა რა გეგონა "ნაშა" რომ აგყავდა ძიძადო?!"

ამ გოგომ მოახერხა, ზუსტად 15 დღეში ჩვენი 10 წლიანი ურთიერთობისთვის ბზარი გაეჩინა.

...ნათიას მოსვლას აღარ დაველოდე, გვიან საღამოს დავურეკე, ნამუშევარი დღეების თანხა გადავურიცხე და დავითხოვე.

დიდად არ გაჰკვირვებია, თავადაც მშვენივრად ხვდებოდა ჩემი განცდების შესახებ, ალბათ, ყველაფერს.

ისეთი გამოცდილება მივიღე ახალგაზრდა ძიძისკენ აღარასდროს გავიხედავ, არც არავის ვურჩევ.


ბეჭდვა