გამოცდილებამკითხველების ამბები
"მგონია, რომ საშინელი დედა ვარ, ბავშვები თავად დავღუპე... - ახალგაზრდა დედის წერილი
"მგონია, რომ საშინელი დედა ვარ, ბავშვები თავად დავღუპე... - ახალგაზრდა დედის წერილი
ფსიქოლოგები გვეუბნებიან, რომ ბავშვებში ეკრანდამოკიდებულება მომავალში სერიოზული პრობლებების საწინდარია.
გვირჩევენ, რა ნიუანსები უნდა გავითვალისწინოთ, როგორ ვაკონტროლოთ ჩვენი შვილები, რომ ისინი ნაკლებად დაზიანდნენ.
თუმცა, რამდენად მარტივია თეორიის პრაქტიკაში განხორციელება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო მსოფლიო თვითიზოლაციაში მოექცა და ონლაინ სისტემაზე გადაეწყო, ამ თემაზე ჩვენი ერთგული მკითხველი გვწერს, მის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„გამარჯობა, სამი შვილის დედა გწერთ.
მინდა ჩემთვის ერთ-ერთ, ძალიან მტკივნეულ საკითხს შევეხო და ხმამაღლა ვისაუბრო იმ თემაზე, რომელიც ძალიან მაშინებს და მაფიქრებს.
ეს არის ჩემი შვილების ეკრანდამოკიდებულება, რომელთან ბრძოლას
ვიწყებ და თქვენი დახმარება და რჩევა მჭირდება.
ვაღიარებ, ჩემს დიდ როლსა და დანაშაულს ამ ყველაფერში.
როგორც უკვე გითხარით, მყავს სამი შვილი, პირველი 6 თვის იყო, როდესაც დავიწყეთ დამატებითი კვება და იმ მიზნით, რომ ეჭამა ვურთავდი ტელევიზორს ან ტელეფონს.
დღემდე უჭმელი ბავშვია და თავის მართლებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ, იმის გამო, რომ არ მაქვს დრო, მთელი დღე ვიჯდე და ვაჭამო ძალით 5 წლის ბავშვს, ისევ ვიყენებთ ტელეფონსა და კომპიუტერს, ტელევიზორს... გარდა ამისა მყავს, 3 წლის და 1 წლის ბიჭები, ისინიც ძალაუნებურად მიჯაჭვულები არიან ეკრანებს.
თითქოს ისევ თავის მართლება გამომდის, მაგრამ მე და ჩემს მეუღლეს ისეთი სამსახური გვაქვს, ფაქტობრივად დილიდან გვიან საღამომდე ლეპტოპი/ტელეფონი გვიჭირავს ხელში მითუმეტეს ახლა, ამ
პანდემიის დროს, როდესაც უმეტესობას სახლიდან გვიწევს მუშაობა.
მესმის, რომ ესეც ძალიან ცუდი მაგალითია ბავშვისთვის, უშლი იმას, რასაც ხედავს, რომ შენ აკეთებ, როგორ უნდა შეაგნებინო, რომ ეს არ შეიძლება და ცუდია, ცხადია, მშობელი ბავშვისთვის პირველი მაგალითია.
გარდა ამისა, ხედავენ რომ ბებია-ბაბუაც კომპიუტერით ან ტელეფონით არიან ხელში.
შუათანა 3 წლის არის, ისტერიკებს იმართებს ტელეფონს თუ არ მისცემ. ვცდილობ სხვა რამეზე გადავატანინო ყურადღება, მაგრამ, გაიქცევა ბაბუს და ბებოს ოთახში და ისინი არაფერზე უარს არ ეუბნებიან, სამაგიეროდ შემდეგ მე და ჩემს მეუღლეს გვიკითხავენ ნოტაციებს, რომ თურმე რა ცუდია ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში.
ვაღიარებ, რომ მე მივაჩვიე, ასე გამოდის, თუმცა ახლა თუ სადმე წავალ და ჩემს დედამთილთან ან მამამთილთან ვტოვებ ბავშვებს, ზუსტად ვიცი,რომ მთელი ის დრო, რაც გასული ვარ ტელეფონით ხელში, ან ტელევიზორის ეკრანთან სხედან.
რომ მოვიდვარ, მე მთხოვენ „ეყოფა.. უთხარი.. გამოართვი", ამ დროს ისტერიკებს აწყობს ბავშვი. გამოდის, რომ მე ვარ ცუდი. დედა არ აძლევს და დანარჩენები კარგები, რადგან სურვილს უსრულებენ.
უკვე სერიოზულად შეშინებული ვარ, რამდენიმე დღით წავედით სოფელში, მთელი ამ ხნის განმავლობაში არცერთისთვის არ ჩამირთავს არც ტელევიზორი, არც ტელეფონი. პატარა ღამე იღვიძებდა ტირილით და ითხოვდა ტელეფონს, ძლივს ვაწყნარებდი.
მგონია, რომ საშინელი დედა ვარ, ბავშვები ძალით დავღუპე, ნერვიულობა, შფოთვა, ისტერიკები და პანიკები ყველაფერს ეკრანდამოკიდებულებას ვუკავშირებ და დარწმუნებული ვარ, არ ვცდები.
ბავშვებს ჯერ კიდევ მოვერევი და გვაკონტროლებ სანამ ჯერ კიდევ მაქვს დრო, მაგრამ გარშემომყოფები, ოჯახის წევრებს ვგულისხმობ, რომლებიც ასევე ეკრანდამოკიდებულები არიან ნებსით თუ უნებლიეთ, როგორ გავაკონტროლო ყველა ერთად, არ ვიცი.
დედის დამუნათება არ ეშლებათ, და თავის წილ დანაშაულს არავინ არ აღიარებს“.

ბეჭდვა