საქართველოში ნაადრევი ქორწინება კვლავ მნიშვნელოვანი გმოწვევაა. ხშირად არასრულწლოვნების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი სერიოზული ტვირთი ხდება მათთვის. ბევრი სწავლასა და განვითარებაზე უარს ამბობს, ნებით თუ ძალდატანებით, ზოგიერთი დედობისთვის არ არის მზად და ფსიქოლოგიური პრობლემები უჩნდებათ, ბევრი სულაც უფროსების ზეწოლის ქვეშ იწყებს ოჯახურ ცხოვრებას, იმაზე ბევრად ადრე, ვიდრე ეს თუნდაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული.
კანონმდებლობაზე, კვლევებსა და თეორიებზე უკეთ მუშაობს ხანდახან სხვა ადამიანების გამოცდილება, სწორედ ამიტომ სოციალურ ქსელში ვთხოვეთ იმ ქალბატონებს, რომლებმაც თავად გაიარეს ეს გზა და ნაადრევად შექმნეს ოჯახი, გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება. რასაკვირველია, მათ კომენტარებს ანონიმურად გთავაზობთ:
17 წლის ასაკში გავთხოვდი. ეს იყო დაუფიქრებელი ნაბიჯი, როდესაც არ ფიქრობ, ოჯახი რამხელა პასუხისმგებლობაა და რამხელა ტვირთია დედობა, განსაკუთრებით არასრულწლოვან ასაკში. დღეს, რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ 25 წელზე ადრე არ უნდა ვქმნიდეთ ოჯახებს, მაშინ, როდესაც ვიცით, რამხელა პასუხისმგებლობა უნდა ვიკისროთ, ალბათ კარგი იქნებოდა, მშობლებს რომ წამოვეყვანე და აეხსნათ, რამხელა პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებოდი. რომ ბავშვობას დავკარგავდი, პროფესიას ვეღარ შევიძენდი, რაც გამოიწვევდა მუდმივად სხვაზე დამოკიდებულებას. ჩემი სურვილებისთვის ანგარიში არ უნდა გაეწიათ, რა თქმა უნდა. ჩემს შვილთან აქედანვე ვეწევი მაგ თემაზე აგიტაციას, რომ იგივე არ გაიმეოროს. ახლანდელი ბავშვები ალბათ უფრო სწორად უდგებიან მაგ საკითხს. თუკი მშობელი მეგობარია მისთვის, ბავშვს არ უნდა ეშინოდეს თავისი სურვილებისა და პრობლემების მშობლებთან გამხელის. თუ გადადგამს მაინც ამ ნაბიჯს, ვეცდები წამოვიყვანო, წინასწარ ცოტა ძნელია თქმა, ვერ გათვლი ყველაფერს, ამიტომ სჯობს მანამდე ჰქონდეს შეგნებული ადრე გათხოვების სირთულეები და მინუსები. ახლანდელ ახალგაზრდებს ვურჩევ, რომ არ იჩქარონ და კარგად გაითავისონ ოჯახის სირთულე და ბავშვობას ნუ დაკარგავენ, სტუდენტობა გაიგონ რა არის და პროფესიულად ჩამოყალიბდნენ, სანამ ოჯახს შექმნიან. ჩემი აზრით, მისაღებია წყვილს თავიდან ქორწინების გარეშე ჰქონდეთ ახლო ფიზიკური ურთიერთობა და მერე შექმნან ოჯახი. ჩვენს ქვეყანაში უფრო ტრადიციულ გზას ირჩევენ დასაქორწინებლად, მაგრამ მე ორივეს მისაღებად ვთვლი, ვისაც როგორ ურჩევნია, ისე იცხოვროს, რომ უკეთესად გაიცნოს მომავალი მეუღლე. ვერ ვიტყვი, რომ რადგან ოფიციალურად შექმნი ოჯახს, აუცილებლად ბედნიერი იქნები. ცხოვრება არ ვიცით რა სიურპრიზებს გვიმზადებს, ყველას აქვს თავისი არჩევანი, ოღონდ სრულწლოვან ასაკში. ჩემი რჩევა იქნება, არ იჩქარონ... ღმერთს მადლობა, კარგი ოჯახი მყავს, მაგრამ ძალიან მალე მომიწია პასუხისმგებლობის აღება, ოჯახი დიდი პასუხისმგებლობაა. თავიდან ამას ვერ ვფიქრობთ. შეიძლება ჩემსავით სხვას არ გაუმართლოს ოჯახში, ხომ? თან ნამდვილად არ არის საჩქარო, სჯობს ისწავლონ, იმუშაონ, კარიერა აიწყონ, ეს ყველაფერი გათხოვების შემდეგაც შესაძლებელია, უბრალოდ, მეტად რთულადაა და მეტად გიწევს წვალება, მით უმეტეს, როცა ოჯახში ბავშვი ჩნდება. ამიტომ, იმ ასაკში ახლანდელი ჭკუით რომ დამაბრუნა, 18 წლის ასაკში არ გავთხოვდებოდი. არ ავიღებდი ამხელა პასუხისმგებლობას. მაგრამ, აქვე დავძენ, რომ მადლობა ჩემი ოჯაახისთვის ღმერთს. მაქვს ხელშეწყობაც და ყველაფერი. უბრალოდ, მეტი წვალება მიწევს სწავლისთვის და განვითარებისთვის, რადგან პატარა მყავს. წარმატებები ყველას. არ იჩქაროთ, ჩემი კეთილი რჩევაა... 16 წლის ვიყავი, რომ მომიტაცეს, სკოლისკენ მიმავალი. ეს იყო სრული შოკი, მეხის დაცემა... იმ ბნელ 90-იანებში ბევრი თხოვდებოდა ასე... სამწუხაროდ, მეც ბევრი სხვასავით აღარ წამიყვანეს სახლში, არადა, ისე მინდოდა, რომ წავეყვანე და დავბრუნებოდი ჩემს ნორმალურ ცხოვრებას. ამის ნაცვლად, სრულიად უცხო ადამიანის ცოლი გავხდი, უცხო ადამიანების გარემოცვაში აღმოვჩნდი და მათი კაპრიზებისა და ბრძანებების შესრულებაში გაილია ჩემი ახალგაზრდობის წლები. მერე უკვე - შვილების გაზრდასა და ფეხზე დაყენებაში. სულ ვეჩიჩინებოდი ჩემს შვილებს, რომ ნაადრევად არ შეექმნათ ოჯახი, ჩემი გოგო მაინც ადრე გათხოვდა - 18 წლის როგორც კი გახდა. და ახლა მის შვილს ვუვლი... ასე მგონია, 16 წლამდე მქონდა ცხოვრება, მას მერე სულ ვიღაცას ვემსახურები. 17 წლის გავთხოვდი. ამ ასაკში როცა გიყვარს, არ ფიქრობ, მერე რა იქნება... ყოველთვის თავისუფალი ბავშვობა მქონდა, სად უნდა მდომებოდა წასვლა, რომ მშობლებს უარი ეთქვათ. 18 წლისას შვილი მეყოლა. ისე მოხდა, რომ უნივერსიტეტში ჩაბარებაზე ხელი არ შემიწყვეს... მაშინ, როცა ჩემი დაქალები ერთობოდნენ, მე სახლში ბავშვს ვუვლიდი, ვერც ოჯახს ვაცნობიერებდი და ვერც ბავშვს. გავიზარდე, აგერ უკვე 28 წლის ვარ. ისეთი სტრესი დამიტოვა შვილის გაჩენამ და გაზრდამ, მეორე შვილზე აღარ მიფიქრია ჯერჯერობით. მადლობა ღმერთს, მყავს არაჩვეულებრივი ოჯახი. მაგრამ აქვე მაქვს აწყვეტილი ნევროზი. პატარა ასაკში გათხოვება არის ძალიან ცუდი. ნურავინ იტყვის, გამიმართლა და კარგი ოჯახი მაქვსო. ბევრს გაგვიმართლა, მაგრამ აქიდან რომ გადავხედავ ჩემს ცხოვრებას, ჯობდა იმ ასაკში არ გავთხოვილიყავი... 18 წლის გავთხოვდი, ბედნიერი ოჯახი მაქვს, 2 ბიჭი მყავს, არც წასვლას ვიკლებ და არც გართობას, მაგრამ უკან რომ დამაბრუნონ, ადრე დაქორწინებაზე თავს შევიკავებდი. ჩემი რჩევა ასეთია, რომ ძალიან ცუდია ადრე გათხოვება. ბავშვმა უნდა ისწავლოს, გაიაროს ის ყველა ლამაზი პერიოდი, რასაც მერე ვერ გააკეთებს. მეორე ის არის ჩემს შემთხვევაში, რომ არ ვიცნობდით კარგად ერთმანეთს. მე ძალიან ადრე გავთხოვდი და ვფიქრობ, 14 წლისამ არც სიყვარული ვიცოდი და არც ოჯახი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დაინგრა, რა თქმა უნდა. კარგი რაც მახსენდება, ჩემი გოგოა, რომელიც მაბედნიერებს. დღეს არაჩვეულებრივი მეუღლე და ოჯახი მყავს, მაგრამ ახლა მიკვირს, როგორ ვაკეთებდი იმდენ საქმეს 19 წლის ასაკში, ორი პატარა ბავშვით. თუმცა, არაფერს შევცვლიდი. მხოლოდ რაც შემიძლია სხვას ვურჩიო, არის ის, რომ აუცილებლად უნდა ისწავლოთ! 18 წლისას ორი შვილი მყავდა უკვე. არასდროს მინანია იმიტომ, რომ არაჩვეულებრივი დედამთილ-მამამთილი მედგა გვერდით, თუმცა მე დატვირთული ვიყავი, ქმარი არა. სანამ ბიჭები თავის "ხუშტურებს" არ მოილევენ, არაა ოჯახის შექმნა საჭირო. კარგი ისაა, რომ მყავს სამი მოსწრებული, არაჩვეულებრივი შვილი. მაგრამ გავიზარდეთ და ცხოვრებას სხვადასხვანაირად ვუყურებთ. მისთვის პირველ ადგილზე სხვა რამეა, ჩემთვის ოჯახი და შვილები. მიუხედავად ამისა, ოჯახი გვაქვს დღესაც. 20 წლისამ შევქმენი ოჯახი და 12 წლისთავზე დამენგრა. მანამდეც იყო ბზარები. მაინც ყველაფერი ინდივიდუალურია. თუმცა, როგორც მინიმუმ, პირველი ხელფასი მაინც უნდა აიღო ოჯახის შექმნამდე. იცით რა, მაშინ, როცა მე გავთხოვდი, აბსოლუტურად სხვა დრო იყო, ვფიქრობ, ამ ასაკში (მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივი ოჯახი შემხვდა) არ უნდა გათხოვდე. 18 წლის ვიყავი, უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე და გავთხოვდი, ყველაზე მეტად სწავლის პროცესი იყო ჩემთვის რთული, დიდ ძალისხმევას ითხოვდა ოჯახი, გამიჭირდა, მაგრამ შევძელი ჩემი მიზნის ასრულება, ბევრად უფრო იოლია, თუ მოგვიანებით გადაწყვეტთ ოჯახის შექმნას. თუმცა მთავარია არ დანებდეთ და ნებისმიერ სიტუაციაში ყველაფერს მოახერხებთ. ბედნიერ მომავალს გისურვებთ! აუცილებელია, რომ ადამიანს საკუთარი შემოსავალი ჰქონდეს. ორივე მხარეს.... მინიმალური მაინც, რომ სხვაზე დამოკიდებული არ იყვნენ. როცა პატარა ასაკში ქმნი ოჯახს, ვერ აცნობიერებ და ყველაფერი იოლად გეჩვენება. ბავშვებთან ერთად იზრდები. თანაც ადრე სულ სხვა დრო იყო. 20 წელია გათხოვილი ვარ და ამ გადასახედიდან, 25 წლამდე არ ვფიქრობ, რომ ოჯახი უნდა შექმნა. ამ ასაკში სრულფასოვნად აზროვნებ, იცი, რა გინდა. თუმცა, არის მეორე მხარეც, 40 წლის ასაკში 20 და 19 წლის შვილები რომ გყავს, გული სიამაყით გევსება. თანაც, ახლა მეორე ახალგაზრდობის მდგომარეობაში ვარ და ეს ძალიან სასიამოვნოა. ასე რომ, ორივე შემთხვევაშია პლიუსიც და მინუსიც. არც ერთი დღე არ მახსენდება კარგად... რეალურად, უფრო იმიტომ გავთხოვდი, რომ სახლიდან წასვლა მინდოდა - დედა მეორედ იყო გათხოვილი, შვილები დაახვავა და მე მაზრდევინებდა, ძალიან უაზრო სიტუაცია გვქონდა სახლში და ლამის პირველივე შემხვედრს გავყევი... რა თქმა უნდა, ის ოჯახი მალე დამენგრა, ოჯახიც არ ერქვა, მარაზმი იყო და ახლანდელი გადმოსახედიდან ძალიან მეცოდებიან ჩემი მაშინდელი დედამთილ-მამამთილი, ორი უზნეო ბავშვის ხუშტურებს რომ იტანდნენ. სულ ვჩხუბობდით, სულ რაღაცაზე ვკამათობდით. მერე ორსულობაც საშინელი მქონდა, მშობიარობაც. ბავშვს ვერ ვეკარებოდი, ვბრაზობდი, რომ მის გამო დაქალებთან ვერ მივდოოდი, სკოლაც ვერ დავამთავრე ნორმალურად და ვერც ვერასდროს ავინაზღაურე ეს დანაკლისი. დღესაც მოახლედ ვმუშაობ და მთელი ცხოვრება ასე ვიქნები, არადა კარგად ვსწავლობდი და დიდი პოტენციალი მქონდა, რომ კარგი განათლება მიმეღო... ფაქტობრივად, ბავშვობაც დავკარგე და მომავალი ცხოვრების პერსპექტივებიც... სამწუხაროდ, ნაადრევი ქორწინების ფაქტები დღესაც არ არის იშვიათი. საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნულია:
"მიუხედავად იმისა, რომ წინა წელთან შედარებით, სოციალური სამსახურის მიერ ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევების შესწავლის რიცხვმა მკვეთრად მოიმატა, მონიტორინგისას აღმოჩნდა, რომ სკოლა ხშირად კვლავ მალავს ადრეული ქორწინების/ნიშნობის ფაქტებს და პასუხისმგებელ უწყებებს არ ატყობინებს. ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსწავლე ადრეულ ასაკში ქორწინების/ნიშნობის გამო საგაკვეთილო პროცესს არ ესწრება, თუმცა ჟურნალში ეს არ აღირიცხება. ასევე, რიგ შემთხვევაში, სკოლის მიტოვების მიზეზად საცხოვრებელი ადგილის შეცვლა სახელდება და არა ქორწინება. მაშინ, როდესაც საცხოვრებელ ადგილს გოგოები ქორწინების გამო იცვლიან და აუცილებელია სკოლამ შემთხვევა საფუძვლიანად მოიკვლიოს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს მიმართოს.
განსაკუთრებით პრობლემურია, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი გოგოების ადრეულ ასაკში ქორწინებასა და თანმდევ დანაშაულებზე სათანადო რეაგირება. კვლავ გამოწვევად რჩება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ქორწინების იძულების დანაშაულებზე დროული და ეფექტიანი რეაგირება, რასაც ხშირად ხელს უწყობს
ადრეულ ასაკში ქორწინების/ნიშნობის შემთხვევების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია თანმდევ რისკებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება. ამ მხრივ, დადებითად უნდა აღინიშნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული მასშტაბური კამპანია ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის საკითხზე. ამასთან, ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისთვის, არსებითია განათლების სისტემაში მოხდეს გენდერული საკითხებისა და სასიცოცხლო უნარების/კომპლექსური სექსუალური განათლების ინტეგრირება."
თამარ იაკობაშვილი