კიდევ ერთი სულის შემძვრელი ამბავი გავრცელდა სოციალურ ქსელში, ჯგუფში "ვეძებ". პოსტის ავტორს იმედი აქვს, რომ ამ ამბის გამოქვეყნებით რაღაც შეიცვლება და დაკარგული და-ძმა ერთმანეთს იპოვის:
"ძვირფასო ჯგუფის წევრებო, გაცნობებთ, რომ ძალიან მძიმე წასაკითხია ეს ამბავი...
საქართველოს ავბედით 90-იან წლებში, კიდევ უფრო დიდი უბედურება დატრიალდა გურჯაანში, სადაც ერთ-ერთ ოჯახში 36 წლის მამაკაცი ავტოვარიას ესმსხვერპლა. დაქვრივდა ახალგაზრდა ქალი, 2 მცირეწლოვანი დაობლდა და მათი ცხოვრება ტრაგედიად იქცა! ქვრივ ქალს, განგებამ არ აკმარა უბედურება და ცხოვრების ბოლო წუთამდე (2019 წლამდე ჯერ კიდევ ცოცხალი გახლდათ) შვილებუნახავი მიიცვალა, რომელსაც ხშირად ნახავდით შავი ძაძებით გურჯაანში, ბაზრის მახლობლად!
როგორც კი დაქვრივდა ცირა, ობოლი ბავშვების მეურვეობა ბებიამ ითავა, მამის დედამ, მშობელ დედას 2 მცირეწლოვანი შვილი წაართვა და თელავში ერთ ოჯახს მიაბარა გასაყიდად! გოგონა 3 წლისაც არ იყო, ხოლო ბიჭუნა 4 წლამდე გახლდათ... ბავშვები დააშორეს მშობელ დედას, ბავშვები დააშორეს ერთმანეთს, გაყიდეს სხვადასხვა მიმართულებით... გოგონა თბილისში მოხვდა აღსაზრდელად და ბიჭუნა, რომელიც ჯერ კიდევ 4 წლისაც არ იყო, რუსეთში, ქართველების ოჯახმა იშვილაო, ამბობენ, მაგრამ შემდეგ ბოშებს უშვილებიათ! დედა, დაუკრძალავს ერთ ბატონს საკუთარი ხელებით, რომელიც ხშირად ხვდებოდა მოწყალების მისაღებად გურჯაანის ბაზარში ქვრივს...
თურმე, ერთხელ შავი ხელთათმანების ჩუქება უთხოვნია მამაკაცისთვის, მხოლოდ შავი ხელთათმანები, მისი უკიდეგანო გლოვისთვის... ამ ადამიანმა კი, იმ შავი ხელთათმანებით გათხარა სამარე და მიაბარა მუდმივი გლოვისთვის გამეტებული ქალი მიწას... ზოგჯერ მუხლმოდრეკილი, ჩამუხლულიც უნახავთ ღობის მიღმა, როგორმე შვილებთან მიახლოებას, შველას რომ ითხოვდა...
კეთილო ადამიანებო, თუკი ხართ ვინმე როსტოვის მახლობლად, გთხოვთ გულით დავეხმაროთ, გოგონას ძმის გაცნობაში და ხმის მიწვდენაში. კვალი როსტოვთან წყდება და უმორჩილესად გთხოვთ, თუკი ფლობთ რაიმე ინფორმაციას იმ თელაველი ოჯახის შესახებ, საიდანაც ბავშვები გაშვილდნენ, მოგვწერეთ ანონიმურად, რათა დავადგინოთ კონკრეტული ადგილმდებარეობა გაშვილების. გთხოვთ ავუსრულოთ გოგონას ძმის გაცნობის სურვილი და თუ ვინმეს მიგიწვდებათ ხელი როსტოვის არეალში, შეგვეხმიანეთ..."