ბებია-ბაბუებისა და შვილიშვილების ურთიერთობა შეუცვლელია. ისინი სწორედ ის ადამიანები არიან, ვისგანაც ჩვენ ყველაზე დიდ სითბოსა და სიყვარულს ვიღებთ.
მაშინ, როდეაც ოჯახში 3 თაობა ცხოვრობს, ბავშვის აღზრდის საკითხში ძველსა და ახალ თობას შორის ხშირად არის უთანხმოება. ბებიებსა და ბაბუებს დედისა და მამის მეთოდები არ მოსწონთ, ახალგაზრდებს კი პირიქით - უფროსი თაობის. ამ თემასთან დაკავშირებით მივიღეთ ჩვენი მკითხველის წერილი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„თქვენი ერთგული მკითხველი ვარ. სულმოუთქმელად ველოდები ხოლმე თქვენს საიტზე გამოქვეყნებულ წერილებს. ხშირად კომენტარების სახით წერილის ავტორს კარგ და სასარგებლო რჩევებს აძლევენ, მეც გამიჩნდა სურვილი ჩემზე მოგწეროთ.
ორი შვილი მყავს, ორივე დაოჯახებული. უფროსი გოგონაა და ორი შვილიშვილი მყავს მისგან, ხოლო, უმცროსი - ვაჟი და მისგან 3 შვილიშვილი.
დიდი ოჯახი გვაქვს. სამი თაობა ვცხოვრობთ ერთ სახლში. საბედნიეროდ, სიძესა და რძალში ძალიან გამიმართლა ორივე საკუთარი შვილივით მიყვარს და მათგანაც დიდ პატივისცემასა და სიყვარულს ვგრძნობ, ამ მხრივ ბედნიერი ქალი ვარ.
შვილიშვილები პატარები არიან, ბაღისა და დაწყებითი კლასის ასაკის.
არ ვმუშაობ და მთელს დროს ჩემს შვილიშვილებს ვუთმობ.
ძიძის მომხრე არ ვარ, ამიტომ მთელი პასუხისმგებლობა ჩემს თავზე ავიღე.
ნამდვილად არ არის იოლი საქმე, ბავშვების აღზრდის საკითხში მე და ჩემს უმცროსს ვაჟს ხშირად მოგვდის კამათი, ხან ლექსიკას მიწუნებს, ხან ხმის ტემბრს, სულ შენიშვნებს მაძლევს.
მას ჰუმანური პედაგოგიკა მოსწონს, მეც ვემხრობი ამას, თუმცა პრაქტიკაში მერწმუნეთ, არც ისე იოლი საქმეა თანამედროვე მეთოდებით ბავშვის აღზრდა.
საუზმე, სადილი, ვახშამი და ბავშვები... მეც ადამიანი ვარ, ხანდახან ხმასაც ვუწევ და კიდევაც წამომცდება ხოლმე: "ცუდი გოგო ხარ", "ცუდი ბიჭი ხარ".
ვიცი, ეს არ არის სწორი, მაგრამ ჩემი შვილიშვილებისათვის თავს გავწირავ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათთვის ცუდი მინდა.
ყური მოვკარი ჩემი შვილი როგორ ეუბნებოდა ჩემს რძალს, სანამ ბავშვებს დააჯერებს, რომ მართლა ცუდები არიან, სასწრაფოდ ძიძა ავიყვანოთო, ძალიან მეტკინა გული, მაგრამ არ შევიმჩნიე.
მათზე უკეთესი ვინ მყავს?! რატომ ჰგონიათ ამ ახალგაზრდებს, რომ ბებიებისა და ბაბუების აღზრდის მეთოდით შვილებს ღუპავენ?!
მესმის ახალ თაობას ახალი ხედვა აქვს და ასეც უნდა იყოს, მაგრამ ნუთუ ჩვენ ასე მალე ჩამოვეწერეთ და აღარ ვვარგივართ?!
მეც გავზარდე ორი შვილი დამხმარეს გარეშე, ნეტავ კი ვინმე მყოლოდა ხელის შემშველებელი, როგორ ამოვიღებდი ხმას.
ბავშვს გათამამება და ყოველთვის თავზე ხელის გადასმა არ უხდება. უნდა ისწავლოს, ცუდს ცუდი უნდა დაარქვას და კარგს - კარგი.
ტყუილად კი არ არის ნათქვამი "მტრულად გაზარდე, მოყვარედ გამოგადგებაო".
ადვილი ნამდვილად არ არის, განსაკუთრებით, პატარებთან ურთიერთობაა რთული, ყველას თავისი ხასიათი აქვს, საკმაოდ ჯიუტები არიან, მეც ადამიანი ვარ, ყველა სიტყვას ვერ გავაკონტროლებ, თუმცა შვილიშვილთან ყოფნაზე უკეთესი რა უნდა ინატროს ქალმა ჩემს ასაკში?!
მტრები არ ვართ, ნუ წააგვართმევთ შვილებთან ურთიერთობის ბედნიერებას ბებიებსა და ბაბუებს."