"ამის გავლა ყველა დედას უწევს, მაგრამ ამაზე არავინ მოგიყვებათ... ამ ომში მარტო ხარ"
"ამის გავლა ყველა დედას უწევს, მაგრამ ამაზე არავინ მოგიყვებათ... ამ ომში მარტო ხარ"

ბავშვის დაბადება დედის არსებაში უამრავ ემოციას იწვევს. დიდ სიხარულთან ერთად ხშირ შემთხვევაში თავს იჩენს მშობიარობის შემდეგომი დეპრესია - ემოციური მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებებს სევდა, შფოთვა, დაღლილობა, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა.
ამ საკითხთან დაკავშირებით გიზიარებთ ჩვენი მკითხველის წერილს:

"ორი აზრი არ არსებობს, რომ შვილი დედისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება და საჩუქარია, რაც კი შეიძლება მიიღოს ცხოვრებიდან. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ძირფესვიანად თავდაყირა დგება ქალის ცხოვრება მას შემდეგ, რაც ხდება დედა.

პირველად რომ გავიგე ჩემი ორსულობის შესახებ, სიხარულისგან ვტიროდი, სიხარულის ტირილი მალე ტოქსიკოზიგან გამოწვეულმა ტირილმა
შეცვალა.
გარშემო ყველაფერი ნაცრისფრად მეჩვენებოდა. გავხდი მეტად ემოციური და ნეგატიური ფიქრები დამჩემდა. მოაღწია ფინალის დრომ... გავაჩინე 10 საათიანი წვალების შემდეგ. გსმენიათ მითი იმის შესახებ, შვილს გულზე რომ გაწვენენ, პირველივე წუთებში ყველა ტკივილი გავიწყდებაო? არ დაიჯეროთ! ამაზე დიდი ტყუილი ჯერ არავის უთქვამს.

მომდევნო 3 დღე მშობიარობისგან გამოწვეული შოკი მქონდა, თვალი ვერ მოვხუჭე. ვერ ვაცნობიერებდი ამხელა ტკივილი როგორ გადავიტანე.

ვინმეს არ ჰქონდეს იმის ილუზია, რომ შვილს გააჩენს და ამით ყველაფერი მთავრდება და ემოციური ფონი, ნეგატიური ფიქრები, რაც ორსულობისას ხშირია, გაივლის. პირიქით ეს ყველაფერი მშობიარობის შემდეგ უფრო მძაფრდება.

უძილო ღამეები, გადაღლა, სტრესი, რომელსაც ვერაფერს უხერხებ უძილობის ფონზე გიორმაგდება.

სარკესთან ჩავლით რომ მოხვდები, აღმოაჩენ +15 კილოგრამს, რომელიც ორსულობის შემდეგ
დარჩა და ახლა საყვარელი "ღიპუცა" კი არა ჩვეულებრივად ჭარბწონიანი ხარ.

როდესაც მეორე ნახევარი მხარს გიჭერს, ალბათ, უფრო იოლია ამ ყველაფერთან გამკლავება, თუმცა მამები, უმეტესწილად, ბავშვის ტირილისგან "შეწუხებულები", დივანზე გადაწვებიან ხოლმე და დედები მარტო ვრჩებით თეთრ ღამეებთან ბავშვით ხელში.

შემდეგ ღამენათევი, ბავშვის სანახავად მოსული ქმრის ნათესავებისა და ძმაკაცების უკბილო ხუმრობებს ისმენ: "აბა, შემდეგი აღარ გადადოთ"... მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე.... რამდენიც არ უნდა გააჩინო მაინც არ მთავრდება - "შემდეგს როდის აჩენ?".

გაზებისგან შეწუხებული ბავშვი გაუჩერებლად ტირის, ხელში გიჭირავს, ოთახიდან ოთახში დაბნეული დარბიხარ ეგებ და დაწყნარდეს, პარალელურად დედამთილი და მასთან დაახლოებული პირები გამუნათებენ: "რა ჭამე ასეთი, ბავშვი ასე რომ წუხს?!" "ეს არ უნდა გეჭამა, ის არ უნდა გეჭამა" "ცივი, ცხელი"... თურმე ჩვილის კოლიკაც შენი ბრალია.

ამ დროს არავინ ფიქრობს შენს ემოციურ მდგომარეობაზე, შინაგანად კი ნამდვილი ომი გაქვს. შიშები, შფოთვები და ბრძოლა შენს შინაგან მე-ებთან.

ამის გავლა ყველა დედას უწევს, მაგრამ ამაზე არავინ მოგიყვებათ. ბავშვი გააჩინე და გარშემომყოფების თვალში ბედნიერი ხარ, „დედა გახდი, მეტი რა გინდა“?!

იცოდე, ვერავინ ჩაიხედავს შენს შინაგან სამყაროში. ამ ომში მარტო ხარ. შენი გადასატანია, არავინ დაგეხმარება... უნდა გადაიტანო!"

536
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ნინო
0
ქმრის ნათესავებმა სხვანაირად იციან,ვითომ ზრუნავენ ამდროს ჩასაფრებულის პოზიცია აქვთ,
15:46 / 08-06-2021
ზოია
0
ქმრის ნათესავებს და დედამთილს რომ კბენ, დედაშენი და შენი ნათესავები ამოწყვეტილი გყავს?
21:07 / 25-05-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი