"შვილები მინდობით აღზრდაში მყავს... სანახავადაც ვერ ჩავდივარ, არაფერი მაქვს, რომ წავუღო..." - ახალგაზრდა ქალი, რომელიც ძალადობას გაექცა და უსახსროდ დარჩა
"შვილები მინდობით აღზრდაში მყავს... სანახავადაც ვერ ჩავდივარ, არაფერი მაქვს, რომ წავუღო..." - ახალგაზრდა ქალი, რომელიც ძალადობას გაექცა და უსახსროდ დარჩა
ამ ამბავს ანონიმურად გვიზიარებს ქალბატონი, რომელსაც უამრავი რამ გადახდა თავს და ახლაც საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. მის მონათხრობს მისივე ნებართვით გიზიარებთ:

"დიდხანს ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა. გადავწყვიტე, მაინც დამეწერა. შეიძლება ნაცნობებმაც ნახონ, მაგრამ არა უშავს, გაიგოს ყველამ, რა დღეში ვარ, რას ვიტან და ვიტანდი. გული რომ მალე გამისკდება და ვეღარ ვიქნები ამქვეყნად, ეგეც ყველამ გაიგოს. იქნებ გამწარებული დედის გულისცემა მივიდეს ვინმეს ყურამდე. დედის, რომელსაც საკუთარი შვილები მინდობით აღზრდაში ჰყავს და უკვე ერთი თვეა არ უნახავს. ეგეც ერთი თვის წინ ერთი ძალიან
კარგი გოგოს დახმარებით, მისი და მისი ჯგუფის დახმარებით შევძელი.

არასოდეს არ მქონია დალხენილი ცხოვრება.
მახსოვს შიმშილი,
მახსოვს უფეხსაცმელობა,
მახსოვს უქურთუკობა,
მახსოვს ბოთლების, ჯართის, ალუმინის შეგროვება, ჩაბარება და იმ ფულით აღებული ფულით ცხარე ცრემლებით ნაჭამი საჭმელი.
მახსოვს მშობლების კამათი და ჩემზე გახორციელებული ძალადობა მათი მხრიდან.
16 წლიდან მუშაობა დავიწყე, არადა იურისტობაზე ვოცნებობდი.
სწავლა კი არა, ლუკმა პურისთვის ვიბრძოდი.
მრცხვენოდა უკვე, აბა, ამხელა ვიყავი და ისევ ბოთლებს ხომ არ შევაგროვებდი.

მერე იყო 20 წლის ასაკში პირველი ქორწინება და შვილი - ერთი ყველაზე დიდი ბედნიერება ამ უბედურ ცხოვრებაში, ჩემი გოგო რომ დაიბადა. მეორე ორსულობა და მეორე ბედნიერება, მაგრამ სამწუხაროდ, არც აქ გამიმართლა და ყველაფერი თავზე ჩამომენგრა.
ჯერ ქმარს
შევუსწარი საყვარელთან საკუთარ ოთახში და საწოლში, მერე კი მისგან უკვე ორი თვის წასულს ჩემი 3-თვე-ნახევრის ნიკოლოზის გარდაცვალება დამატყდა თავს. ჩემი ბიჭი ფილტვების მწვავე ანთებით დამეღუპა. ამას მოჰყვა დეპრესია და ერთწლიანი მკურნალობა ფსიქიატრებთან, ფსიქოლოგებთან და ასე წამლებით მკურნალობა, რადგან გონზე ვერ ვიყავი. თოჯინები მეწვინა გვერდით, ჩემი ნიკოლოზია-თქო, ვიძახდი. ძლივს მოვედი გონზე.

წელიწად-ნახევარში გონზე მოსვლიდან, მეორე ოჯახი შევქმენი იმიტომ, რომ ისევ მამაჩემს გავექეცი. მზღუდავდა, ლუკმებს მითვლიდა, სარეცხ მანქანას არ მაყენებიდებდა... სამსახურში რომ მიდიოდა, დამაგრძელებელს მალავდა და არ მაძლევდა არაფრის გამოყენების უფლებას. ოთახიდან ვერ გავდიოდი... ამიტომ გავთხოვდი, მაგრამ ისევ ვაის გავეყარე და ვუის შევეყარე.
ქმარი იყო მოძალადე. ჯერ ფსიქოლოგიურად და სიტყვიერად, მერე ფიზიკურზეც გადავიდა. სამჯერ ვუჩივლე. ერთხელ შემაკავებელი გამოუწერეს, მეორედ და მესამედ დააკავეს, მაგრამ გირაოთი გამოვიდა ორჯერვე. მე კი არსად წასასვლელი არ მქონდა და თავშესაფარ თავშესაფარ დავდიოდი... ახლაც თავშესაფარში ვარ.

ჩემი ორი ბიჭი მინდობით აღზრდაზე წაიყვანეს იმიტომ, რომ წასასვლელი არ მქონდა. იმ დროისთვის დედათა და ბავშვთაში არ იყო ადგილები და წაიყვანეს, მე კი ახლობელთან ვცხოვრობდი. სახლებს ვალაგებდი და გამქონდა თავი. მაგრამ ახლა ორსულს არავინ მაკიდებინებს ხელს, არ უნდათ, რომ დავალაგო.

არადა ეგ ერთადერთი შემოსავალი იყო და მაგით ჩავდიოდი და ვნახულობდი ჩემს ბიჭებს. ახლა კი შემოსავლის გარეშე ვარ, ვერც ჩავდივარ. ერთი თვეა ვერც ვნახე ბავშვები. იცით, რა ძნელია, როცა შვილი გეკითხება, დედა, როდის ჩამოხვალ, დედა რა უნდა ჩამომიტანო და მე კი პასუხი არ მაქვს?

რა ვქნა, დედიკოებო, ქალებო, გოგოებო რა გავაკეთო. არც არაფერი მეყიდება, რომ ვდებ ნივთებს. რა ვუყო, სიცოცხლე აღარ მინდა, მაგრამ ჩემი შვილები მაძლევენ ძალას. მესენჯერში მათი ერთი ღიმილიც კი ძალას მმატებს, რომ მარტომ ვიბრძოლო ამ სისტემის წინააღმდეგ და დავიბრუნო ჩემი ბიჭები. დამეხმარეთ, რჩევა მომეცით, რა გავაკეთო, დამეხმარეთ, მირჩიეთ რამე...
მადლობა".
3193
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი