შვილმკვდარი დედის ამ ემოციურ ჩანაწერს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ლალი მარგიანი ჩვენი რესპონდენტია, ბავშვების საყვარელი პედაგოგი, რომელიც ძალიან მხიარული და ხალისიანი მასწავლებელია, თუმცა გულით ამ დიდ ტკივილს ატარებს:
"გამარჯობა, თეკლა!
დღეს 18 წლის გახდი...
იცი, რამდენი წელია არ მომიწერია?! გაუშვიო, - წავიკითხე ერთგან და „გაგიშვი". დღემდე ვფიქრობდი, რას გეტყოდი დღეს, როცა სრულწლოვანი გახდი. წუხელ ფიქრში გავათენე და ვერაფრით დავალაგე აზრები, ახლაც არ ვიცი, რას გეტყვი!
ხშირად მიფიქრია, როგორი ურთიერთობა გვექნებოდა, ვიქნებოდით მეგობრები თუ ისევ ანჩხლი და ნერვებდაწყვეტილი დედაკაცივით (რომ ვერ წარმოუდგენიათ ახლა!) გავაგრძელებდი ყოფას?! შენი წასვლით კარგი და მწარე გაკვეთილი ჩამიტარა ცხოვრებამ. ბევრი რამ გადაფასდა, ფასეული გაუფასურდა, უფასური ღირებული გახდა.
შენს მერე ისევ ბევრჯერ მეტკინა, მატკინეს, დამცეს და ეშმაკიც ბევრჯერ შემიჩნდა, სატანაც არ ცხრებოდა, მაგრამ შენ სულ ჩემთან და ჩემში იყავი! შენს მერე ყოფითმა პრობლემებმა უკან გადაიწია, თუმცა შენს ძმაზე უნდა მეფიქრა და მეზრუნა.
უჰ, რა გავიარეთ! როგორ და რანაირად, აღარ მინდა უკან მოხედვა! ყოველთვის ვფიქრობდი, შენ რომ ჩვენთან ყოფილიყავი, მაშინაც ასე იქნებოდა თუ უკეთ, ან უფრო უარესად?
ჩვენ ალბათ არ ვიმსახურებდით შენ თავს და ამიტომაც ხარ იქ, სადაც ხარ, ჩვენზე მაღლა!
იცი, შენი ასაკის გოგონებს რომ ვუყურებ, სულ მინდა წარმოგიდგინო და ვფიქრობ, გვექნებოდა თუ არა წინააღმდეგობა დახეული ჯინსების, ფერადი თმის (რომელზეც მე ახლა ვაფრენ და თვითონ ვილურჯებ და ვიჭრელებ), ტატუს (ახლა რომ მე ძალიან მინდა!), პირსინგის, დაბერილი ტუჩების და იმ ყველაფრის გამო, რაც ახლანდელი თინეიჯერების უმრავლესობას იტაცებს?! ვიქნებოდი ისეთი "თანამედროვე" დედა, როგორიც ახლა მასწავლებელი ვარ?!
ბევრ რამეზე ვფიქრობ, დე, ბევრ რამეზე!
არაა იოლი ეკალბარდების, აღმართ-დაღმართების, ლაფის და ბევრი გულისტკენის, სულში ჩაფურთხების მერე ისევ ადამიანად დარჩენა, მაგრამ ისეთი მეგობრები მყავს, დედი, ისეთი, რომ არც ადრე და არც ახლა არ მტოვებენ და თუ რამეს დღეს წარმოვადგენ, ეს მათითაა! არ უყვართ, როცა ამას ვამბობ, მაგრამ ასეა ეს და მე მათ წინაშე ვალდებული ვარ გავუმართლო, კარგად ვიყო, სხვას არაფერს ითხოვენ. მპატიობენ, თუ ვერ ვეხმიანები, თუ მავიწყდება მილოცვები, თუ საჯარო მადლობებს (ეს ხომ არა და არ უყვართ!) არ ვუხდი...
დაგღალე, დედი! ბევრი რამ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ფიქრებში ხომ სულ გელაპარაკები! წარმომიდგენია, რა სამზადისი გვექნებოდა დღეს, მე კი ახლა ლოგინიდანაც ვერ ვდგები, რომ ის ყუთი გავხსნა, სადაც შენი ბოლო ტანსაცმელია და თმის ერთი ღერი, რომელიც სამაგრს იყო შერჩენილი.
არასოდეს დამავიწყდება, წასვლამდე სამი დღით ადრე ჩემი თავი რომ მოიქციე ხელებში და ნიკაპის მარჯვენა მხარეს დიდი ქალივით (ცუცა ბებია მკოცნიდა ასე) რომ მაკოცე.
შენი ძმისშვილები ჟღურტულებენ, ილოცე მათთვის, შენი გიოს ლამაზი ოჯახისთვის ილოცე ანგელოზთა საუფლოდან, გთხოვ!
გილოცავ თეკლა, გილოცავ უშენო მე-18 დაბადების დღეს!"