"მეგობრებთან ერთად თუ სადმე შემთხვევით შემხვდა, ჩუმად მანიშნებს, რომ მალე გავიარო..." - დედის წერილი
"მეგობრებთან ერთად თუ სადმე შემთხვევით შემხვდა, ჩუმად მანიშნებს, რომ მალე გავიარო..." - დედის წერილი
გარდატეხის ასაკში მოზარდები ყველაფერს განსაკუთრებული სიმძაფრით განიცდიან. ხდებიან უფრო აგრესიულები, გაღიზიანებულები, დაბნეულები, აქვთ დაბალი თვითშეფასება, არ მოსწონთ საკუთარი გარეგნობა, უმიზეზოდ ეცვლებათ ხასიათი. საკუთარი სივრცე და პრივატულობა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხდება.

მშობლების უმეტესობისთვის რთულია შვილის გარდატეხის ასაკის თავისებურებებთან გამკლავება.

ოჯახური კონფლიქტები, დაუჯერებლობა, მშობლების მიმართ უპატივცემულობა, კონტროლის დაკარგვა – ეს არის ძირითადი პრობლემები, რომელიც მოზარდის მშობლებს აწუხებთ.

სწორედ ერთ-ერთი თინეიჯერის მშობელია ლიკა, რომლის წერილსაც უცვლელად გთავაზობთ:

„გვიან გავთხოვდი. 44 წლის ასაკში გავაჩინე შვილი, ჯანმრთელობის პრობლემების გამო არ შეიძლებოდა ჩემი მშობიარობა, მაგრამ გავრისკე და
უფლის წყალობით ყველაფერი კარგად დასრულდა.

რაიონში ვცხოვრობდით, 6 წელი, შემდეგ ჩემმა მეუღლემ სამსახური ქალაქში იშოვა და ჩვენც გადმოვედით.

ლაშა თბილისის ერთ-ერთ სკოლაში შევიყვანე.

მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად ბევრის საშუალება არ გქონდა, საშუალოდ ვცხოვრობდით, მაინც ვცდილობდი, არაფერი მოკლებოდა, გული არაფერზე დასწყვეტოდა.

თავიდანვე თავისებური ბავშვი იყო, თუმცა ახლა, გარდატეხის ასაკში ხასიათი უფრო ხისტი გაუხდა, ფიცხი და ადვილად ფეთქებადია.

მესმის, კომპიუტერისა და ტელეფონის გარეშე ყოფნა წარმოუდგენელია, მითუმეტეს ახლა, ამ პანდემიის დროს, თუმცა, არასდროს აქვს სურვილი ჩვენთან, ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის.

ვერ დაელაპარაკები, ყველაფერზე ჩხუბობს, არაფერი არ მოსწონს. უმიზეზოდ შეუძლია დღეში ათასჯერ შეიცვალოს ხასიათი.
ასაკში რომ გამაჩინე, იმიტომ ვერ ვეგუებით ერთმანეთსო.

მეუბნება, რომ ვერ მიტანს, ნერვებს ვუშლი და მის პირად სივრცეში
ჩემი ადგილი არ არის, წარმოიდგინეთ, როგორი მოსასმენია ეს სიტყვები დედისათვის.

მეგობრებთან ერთად თუ სადმე შემთხვევით შემხვდა, ჩუმად მანიშნებს, რომ მალე გავიარო, თითქოს ეთაკილება ჩემი სადმე გამოჩენა.

ძალიან არ მომწონს მისი სამეგობრო წრე, ყველა ერთმანეთს აყოლილი, ზარმაცები და ზედმეტად გათამამებული ბავშვები არიან.

ამაზეც ხშირად გვიკამათია, ვიცი, რომ არ არის სწორი ჩემი მიდგომა, მაგრამ მიჭირს თავის შეკავება.

არც მამასთან აქვს კარგი დამოკიდებულება, მე კიდევ მათი კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით ჩემს მეუღლესთან ამ თემაზე ვერ ვსაუბრობ გულღიად. დილით ადრე გადის და საღამოს გვიან გადაღლილი ბრუნდება, აღარ მინდა დავამძიმო ისედაც ყოფითი პრობლემებით გულშეწუხებული ადამიანი.

მესმის გარდატეხის ასაკი რთული პერიოდია და ჩვენს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა, აზრთა სხვადასხვაობაც იწვევს უთანხმოებებს, მაგრამ როდემდე გავუძლებ ამ ყველაფერს არ ვიცი.

გული ისე მტკივა, მისი ერთი უარყოფითი სიტყვაც საკმარისია მთელი დღე რომ მომეშხამოს, არ ვიცი, სად დავუშვი შეცდომა, მისი ასეთი საქციელი რას უნდა მივაწერო.

თქვენ იმიტომ გწერთ, რომ ამაზე ხმამაღლა საუბრის მრცხვენია, ან რა უნდა ვთქვა, რომ ჩემი შვილი ვერ მიტანს?! ბევრი გამოცდილი დედაა თქვენი მკითხველი იქნებ მირჩიონ როგორ მოვიქცე, როგორ მივუდგე, ტკბილი სიტყვაც ვცადე და მკაცრადაც დაველაპარაკე, მასთან არაფერი ჭრის.

თინეიჯერების დედებს ვთხოვ, კომენტარებში მომწეროთ თქვენი რჩევები, გამიზიაროთ თქვენი გამოცდილება. ჩემს ადგილას თქვენ როგორ მოიქცეოდით?“


1109
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
ნინიტა
0
ესეიგი ისეთი საშინეკი რჩევებია დაწერილი, ისედაც ეს გულგატეხილი ქალი სულ გადაირევა. რჩევა უფასო რაფგანაც არის იმას კიარ ნიშნავს რაც ენაზე მოგადგება ყველაფერი იყრანტალო!!!! ქალბატონო, მე გირჩევთ ფსიქოლოგს გაესსუბროთ, მაგალითად გაგოშიძეს, ძალიან ზომიერი ქალბატონია და კარგ რჩევებსაც იძლევა
12:58 / 26-06-2021
მე
0
მეც იგივე მდგომარეობა მაქვს უარესიც! ჩემი შვილი იმდენად ვერ მიტანს რომ წლებია არანაირ კონტაქტი არ აქვს. ვცდილობ, მარა არაფერი გამომდის, ვიცი, რომ გარდავიცვლები არც მოვა დასაფლავებაზე. ვარ სრულიად მარტო.
20:26 / 13-06-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი