"ეს ექიმი მეფესავით ზის თავის აპარტამენტებში და მეფური მედიდურობით გადმოგვყურებს პაციენტებს, როგორც არარაობებს..." - წერილი ცნობილი ექიმის მისაღებიდან
"ეს ექიმი მეფესავით ზის თავის აპარტამენტებში და მეფური მედიდურობით გადმოგვყურებს პაციენტებს, როგორც არარაობებს..." - წერილი ცნობილი ექიმის მისაღებიდან
ეს წერილი ჩვენმა მკითხველმა მოგვწერა, იმ იმედით, რომ სხვა ადამიანებიც გაიგებენ და ყოველთვის გადაამოწმებენ დიაგნოზს სხვა ექიმებთანაც. წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"დიდხანს ვფიქრობდი, ეს ამბავი მომეყოლა თუ არა... ჩემმა სულ რამდენიმე მეგობარმა იცის... მიზანი ამბის მოყოლის არ არის არავის მხილება და თითის გაშვერა, ამიტომაც არ ვასახელებ ამბის მთავარ გმირს, თანაც მგონია, ის ზოგადი სახეა ისეთი ექიმების, როგორებიც სამწუხაროდ, ბევრნი არიან ჩვენ გარშემო...
მიზანი არის ორი:
1. კიდევ ერთხელ შევახსენო ექიმებს, რომლებსაც დიდ პატივს ვცემ, რომ არასოდეს არ დაავიწყდეთ მათი საქმის, პროფესიის მთავარი
დანიშნულება - ადამიანების სიყვარული, მათ გადარჩენაზე ზრუნვა.
2. კიდევ ერთხელ შევახსენო ადამიანებს ჩემ გარშემო, რომ დიაგნოზი (განსაკუთრებით მნიშვნელოვან სიტუაციებში) ყოველთვის გადაამოწმონ და როდესაც უგულო ექიმს გადაეყრებიან, რაც უნდა პროფესიონალი იყოს, თავქუდმოგლეჯილები გაიქცნენ მისგან.

რამდენიმე თვის წინ ჩემს მეგობარს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა. სხვადასხვა კლინიკაში, სხვადასხვა ექიმთან ხანგრძლივი სიარულისა და ბევრი კვლევის შემდეგ, მივედით ონკოლოგიამდე... თავისთავად აქამდე მისვლა და ონკოპაციენტის სტატუსის მიღება უკვე რამხელა სტრესია ადამიანისთვის და რა ემოციებთან არის დაკავშირებული, ყველამ იცის. ასევე ცნობილია, რა ფინანსური გარიგებებია ამ სფეროში და როცა უშუალოდ ხვდები ამ სიტუაციაში, გრჩება განცდა, რომ ონკოპაციენტს ბევრგან უყურებენ როგორც უბრალოდ ფულის წყაროს, რომელსაც ეს ფული არ უნდა გამოელიოს, არაფრის დიდებით... ან თუ
მას არ აქვს, მისი მეშვეობით სხვა წყაროებიდან მოიზიდონ ფული, არც ესაა პრობლემა...
მოკლედ, გახდა ონკოპაციენტი - პირველადი დასკვნა დაიდო და მორიგი კვლევის შემდეგ უნდა მისულიყო ერთ-ერთ ცნობილ ექიმთან, შემდგომი გზების დასაგეგმად. იმ ეტაპზე ჰქონდა გაკეთებული მხოლოდ ტომოგრაფია და ვიცოდით უბრალოდ ის, რომ ორგანიზმში ნამდვილად იყო სიმსივნე.

სურათი ასეთია - მივდივართ კლინიკაში მე და ჩემი მეგობარი, ვიხდით 100 ლარს (!) ამ ცნობილ ექიმთან კონსულტაციისთვის და რაღაც პერიოდით რიგში დგომის შემდეგ მიგვიძღვიან მის აპარტამენტებში. არ ვაჭარბებ, ეს არის ნამდვილად სამეფო აპარტამენტები, უძვირფასესი ავეჯით და მთავარ ტახტრევანზე ზის ბატონი მეფე... დიახ, სწორედ მეფური მედიდური მზერით გადმოგვყურებს ტახტრევანიდან ჩვენ, არარაობებს... მაპატიეთ, ზუსტად ასე ვიგრძენით თავი...

ვსხდებით სკამებზე აკანკალებულები და ჩემი მეგობარი იწყებს მოყოლას: - იცით, რამდენიმე წლის წინ მქონდა ეს შეგრძნება...
ვინ გაცლის. დგება ტახტიდან:
- წამობრძანდით!
გაჰყავს მეორე ოთახში, ახდევინებს ჯემპრს და აწევინებს მაღლა მაისურს. საშინელი ამრეზით უყურებს ფორმაშეცვლილ მკერდს, ისე, რომ ხელით არც სინჯავს ჯირკვალს ან ძუძუს მდგომარეობას (როგორც ეს შემდეგ სხვა ექიმებმა გააკეთეს...) და პირდაპირ შებრძანდება სააბაზანოსკენ ხელების დასაბანად, თან იქიდან გამოსძახის:
- გასაგებია ყველაფერი, ჩაიცვით!
გამოდის ეს ჩემი გაოგნებული მეგობარი, ჯდება ჩემ გვერდით. მობრძანდება მეფე და იწყებს ფურცელზე რაღაცის ჩხაპნას.
- არ გაინტერესებთ, რა ჩივილები მაქვს ან რით დაიწყო ყველაფერი? - კიდევ ერთხელ ცდილობს გაბრძოლებას ჩემი მეგობარი.
- არ მაინტერესებს, ყველაფერი გასაგებია...
ჩემი მეგობარი ლამის ატირდეს, კიდევ ერთხელ ამოიკნავლებს, რომ სურს უთხრას პრეისტორია. მეფე წყალობას იღებს:
- კარგი, მოყევით...
იწყებს ჩემი მეგობარი მოყოლას, მაგრამ მეფე შუშის თვალებით უყურებს, აშკარად არ უსმენს, უბრალოდ ელოდება, როდის დაამთავრებს თხრობას...
- მორჩით?
- დიახ...
- ახლა წაბრძანდით, გაიკეთეთ ეს კვლევა, ის კვლევა... თქვენ აქ დიდხანს მოგიწევთ სიარული! ჩვენ ბევრჯერ შევხვდებით ერთმანეთს! - ამ ფრაზებს თან ახლავს მედიდური ტონი და მბრძანებლური კილო.

მე მინდა, რომ ვუყვირო, გავლანძღო, დავუხეთქო იქვე ის სკამი, მაგრამ ძალა არ მყოფნის - ჯერ ისეთი განერვიულებული ვარ მთელი ამ ამბებით, მერე ჩემი მეგობარი ისედაც ისე განიცდის, მას ვუფრთხილდები და აღარ ვამწვავებ... თუმცა ახლა ვნანობ.

რასაკვირველია, არც ფეხზე დგება, გვანიშნებს, რომ დავტოვოთ მისი აპარტამენტები და გვატანს ფურცელს, რომელიც ჩემს მეგობარს ჰგონია, რომ არის მიმართვა ექოსკოპიაზე... ვართმევ მე ამ ფურცელს და დავყურებ... მიჩხაპნილია რაღაც ციფრი და გაუგებარი ლათინური ასოები... გამოვდივართ ოთახიდან დათრგუნულები და დამცირებულები. მე ვფიქრობ იმ 100 ლარზეც, რომელიც ამ ადამიანს რაში გადავუხადეთ, ვერ მივხვდი...
სანამ ჩემი მეგობარი ექოსკოპიას იკეთებს, მეფის ასისტენტს ვაჩვენებ და ვეკითხები, რა არის მიწერილი ფურცელზე.
- მეოთხე სტადია! - მიცხადებს მშვიდი და უდარდელი ტონით...
ალბათ გასაგებია ჩემი ელდა და ემოცია... ვიკავებ ცრემლებს, ვძლიერდები შინაგანად, რომ არაფერი შემეტყოს და ველოდები ჩემს მეგობარს...

ამ დროს ჯერ კიდევ არ ვარ გარკვეული ამ სფეროში და არ ვიცი, რომ სტადიის დასაზუსტებლად და დასადგენად საჭიროა ციტოლოგია, იმუნოჰისტოქიმია და კიდევ ერთი ტომოგრაფია... თუმცა ჩვენმა თავდაჯერებულმა მეფემ გადაწყვიტა, რომ ასე, ვიზუალურად ადგენს სტადიებს. ან უბრალოდ დაგვზაფრა, რომ გაოგნებულები ვერსად ვეღარ წავსულიყავით და კარგი ფული ეშოვა ამ დაბნეული ადამიანებით...

ექოსკოპიის შემდეგ ერთმანეთს ვუზიარებთ შთაბეჭდილებებს და ვთანხმდებით, რომ ამ უგულო და კაცთმოძულე ადამიანთან არაფერი გვესაქმება და უნდა ვიპოვოთ კარგი კლინიკა კარგი ექიმებით და იქ განაგრძოს მკურნალობა...
სწორედ კარგ კლინიკაში მოვხვდით მოგვიანებით, სადაც აღმოჩნდა, რომ ჩემს მეგობარს მეორე სტადია ჰქონდა!!! თანაც, საკმაოდ კეთილსაიმედო ფორმა... დაიწყო მკურნალობა, ორი ეტაპიც გაიარა და ახლა ბევრად უკეთ არის, ამ გზის ბოლოშიც გავა აუცილებლად და ყველაფერი კარგად იქნება...
ამიტომ, კიდევ და კიდევ განვმეორდები, გთხოვთ, არ ჩაუვარდეთ ხელში კაცთმოძულე, ზედმეტად თავდაჯერებულ ექიმებს, და ყოველთვის გადაამოწმეთ დიაგნოზი სხვაგან". 
ელენე, 36 წლის
6285
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (13)
ეჰ
3
კარგი გაჩერდით, ეგრე მაღაზიაში რომ შედიხარ მოლარე ისე მედიდურად გიყურებს თავი ვიღაც გგონია და რა გიკვირთ ზოგიერთისგან? ეგ ადამიანის ბუნებაშია პრობლემა და არა თანამდებობაში!
11:42 / 03-06-2021
???
0
ზოგი წერს პაციენტის სიყვარულო არ ევალებათო ექიმებს.მაგას არცც ავალდებულებს არავინ, როდის უნდა შეიგნოთ რომ ზრდილობა მართებთ და ნორმალური მიმართვის ტონი და უბრალოდ ექიმი რომ ხარ ზემოდან არ უნდა უყურო პაციენტს!ამას ქვია პაციენტთან კომუნიკაცია არ ვიცი მომავალი ექიმსტუდენტები თუ გადიან ამას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია .ურთიერთპატივისცემა თუ სისხლში არა აქვს პროფესიონალურ დონეზე მაინც უნდა ისწავლებოდეს!ეხებათ აგრეთვე მასწავლებლებს ,ბანკის თანამშრომლებს ,პოლიციელებს გამყიდველებს, .საქართველოში არავინ თავის საქმეს არ აკეთებ პროფესიონალურ დონეზე და იმიტომაცაა ქვეყანა ამ დღეში
20:47 / 02-06-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი