"ჩემი შვილი თმას შეიღებავს თუ პირსინგს გაიკეთებს, მისი და ჩვენი საქმეა და არა ნათესავების და მეზობლების!" - ერთი დედის წერილი
"ჩემი შვილი თმას შეიღებავს თუ პირსინგს გაიკეთებს, მისი და ჩვენი საქმეა და არა ნათესავების და მეზობლების!" - ერთი დედის წერილი
"მინდა, ჩემი წუხილი გაგიზიაროთ და სხვა მშობლებსაც გავაგონო ხმა. 

14 წლის წინ გავხდი დედა - გამიჩნდა ვაჟი. შემდეგ ორ წელიწადში გოგონაც მეყოლა და ერთი ჩვეულებრივი, შვილების მოყვარული, ემოციური დედა ვარ. თუმცა არის საკითხები, რაშიც ჩემი მიდგომები მაქვს, სხვადასხვა წინა გამოცდილებების გამო, და ამ მიდგომებისთვის ხშირადაც გავკიცხულვარ. 

საქმე ისაა, რომ სანამ მე გავხდებოდი დედა, ჩემს მეგობარს ჰყავდა შვილები, ჩემზე ბევრად ადრე შექმნა ოჯახი და მეც აქტიური ურთიერთობა მქონდა, ვეხმარებოდი კიდეც ხშირად და ვიცოდი ყველა პრობლემა, რაც მას, როგორც დედას აწუხებდა. დიდ,
მრავალთაობიან ოჯახში ცხოვრობდა, მეუღლეც კონსერვატიულად აზროვნებდა და ნათესავებისა და მეზობლების აზრსაც დიდ ყურადღებას აქცევდნენ. ამიტომ დიდი ომი და დავიდარაბა მოჰყვებოდა ხოლმე მათი შვილების ყველა წამოწყებას - გოგონას მოკლე კაბების ჩაცმას უშლიდნენ და მაკიაჟის გაკეთებას, და პრაქტიკულად ყველაფერს იმას, რასც მისი თანატოლები თავისუფლად აკეთებდნენ. ამიტომ რას აკეთებდა, იცით? სადარბაზოში იმოკლებდა ქვედაბოლოებს, იკეთებდა მაკიაჟს და ისე გადიოდა ქუჩაში. ყველაფერს უმალავდა მშობლებს
და სკოლა არ ჰქონდა დამთავრებული, პირველივე შეყვარებულს გაჰყვა და გათხოვდა... 
ბიჭსაც უკონტროლებდნენ ყველაფერს, ჩემი მეგობარიც იბრძოდა, რომ ცოტა მეტი დამოუკიდებლობა მიეცათ ბავშვებისთვის, მაგრამ ოჯახი მედგრად იდგა - რას იტყვიან ნათესავები? რას იტყვიან მეზობლები? თმის გაზრდის უფლება არ ჰქონდა, არადა ისე უნდოდა. მერე ელექტრო გიტარაზე სიარული მოინდომა და გადაირივნენ, რა გიტარა, რა ხელოვნება, კარგად ისწავლე და იურიდიულზე ჩააბარეო. სულ სხვა მისწრაფებები ჰქონდა და ყველაფერი ჩაუკლეს, ნაბიჯს ვერ დგამდა თავისუფლად. მერე იცით რა ქნა? სკოლა როგორც კი დაამთავრა, მარტო გადავიდა საცხოვრებლად, მუშაობა დაიწყო, საღამოობით ქუჩაში დგას, მღერის, სწავლა არსად გაუგრძელებია და ოჯახის წევრების ნახვის არანაირი სურვილი არ აქვს. მოვალეობის მოხდის მიზნით ნახულობს თვეში ერთხელ...

ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან კარგი მაგალითი იყო. ამიტომ ვცდილობ, თამამად, დამოუკიდებლად გავზარდო ჩემი შვილები და ლოიალურად. ვემეგობრები, ყველა წამოწყებას გაგებით ვხვდები, მთავარია, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის არ წარმოადგენდეს საფრთხეს. გოგონამ თმის შეღებვა რომ მოინდომა, წავიყვანე და ბოლოები ლურჯად შევაღებინე - 10 წლის იყო მაშინ. გადაირივნენ ჩემი დედამთილ-მამამთილი, რამდენიმე მეზობელმაც გამოთქვა აზრი, მაგრამ არ მიგვიქცევია ყურადღება. ძალიან ბედნიერმა იარა ამ თმით, მერე მობეზრდა და აღარც გამოუთქვამს სურვილი. ბიჭმა რომ თქვა შარშან, თმის შეღებვა მინდა როკერივითო, არც მისთვის გამიპროტესტებია. ისეთი ბედნიერია ახლა და ისეთი თავდაჯერებული, ამაზე უარს ნამდვილად არ ვეტყოდი. ალბათ დადგება დრო, პირსინგს ან ტატუს მოითხოვს და ზომიერების ფარგლებში არც მაგაზე ვეტყვი უარს, ოღონდ მთავარია, ყველაფერი გავაანალიზოთ, ვისაუბროთ, არ იგრძნოს, რომ ოჯახში მტრები ჰყავს ან ამ საქციელით წყდება მისი მომავალი თუ აწმყო. ეს ძალიან მარტივი რამეებია. ჯობს ესენი არ დავუშალოთ და არ გავწყვიტოთ მეგობრობა ამ არადამანგრეველი სურვილების გამო, რომ მერე პროტესტის ნიშნად, ჩვენს ჯიბრზე სულ სხვა რამეებისკენ, უკიდურესობებისკენ არ გადავიდნენ და ჩვენი იმედი რომ არ ექნებათ, სულ სხვა, მათთვის მავნე ზეგავლენის მომხდენი ადამიანების წრეში არ მოხვდნენ. მე ასე ვფიქრობ და თან მიმაჩნია, ასეთი რამეების გამო ბავშვების და მათი მშობლების დაბულინგება და კრიტიკა არასწორია. ყველას ჩვენი შეხედულებები და მიდგომები გვაქვს. ყველას გვინდა, ბედნიერები იყვნენ ჩვენი შვილები და ყველა ჩვენებურად ვცდილობთ ამას... 

მე მინდა, ჩემს შვილებს ყოველთვის ჰქონდეთ ჩემი მხარდაჭერის იმედი. მე ასე ვფიქრობ".
სალომე, 38 წლის.
11125
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
რა თქმა უნდა ბავშვის და მშობლების საქმეა მხოლოდ
0
თმოს შეღებვა კი მაგრამ ტატუები და პირსინგები სახეზე ამას არ დავთანხმდები 18 რომ გადასცდებიან მაინც ვეტყვი რომ არ გინდათ სახეს ნუ დაიმახინჯებთ ..თან პირსინგმა და ტატუმ შეჩვევა თუ დამოკიდებულობა იცის ერთს რომ გაიკეთებ მეტი გინდა და მეტი..ძალიან ბევრს ვიცნობ ერთი პირსინგოთ დაიწყეს და წლების განმავლობაში სახეზე ადგილი არა აქვთ რომ არ ეკეთოთ ,დადიან ჟღარუნით.ასევე ტატუ ადგილს არ იტოვებენ რომ არ მოახატინონ. მე ვეუბნებო რომ ისეთი ტატუ გაიკეთეთ რომ აცლა შეგეძლოთ იმიტომ რომ ნამდვილი ტატუს მოშორება ძალიან ხანგრძლივი პროცედურაა და ძვირიც
13:10 / 12-06-2021
მარიამი
0
ნამდვილად შეუდარებელი დედაა ის ვინც ბავშვს თუნდაც ბოლოების შეღებვას არ უკრძალავს ის ბავშვი ამ დროს უფრო ადამიანური ხდება აფასებს გარშემო ყველას უსმენს ითვალისწინებს სხვების აზრს როგორც დედა ითვალისწინებდა მის აზრს ასევე მასწავლებელი და მოსწავლე თუ ერთმანეთს გავს ვიზუალურად მაგით რა სავდება იქნებ იფიქროთ რომ მოსწავლეს უფრო გაუჩნდება სურვილი სკოლაში ყოფნის და განათლების მიღების რადგან მის ინდივიდუალურობას არ უდდგას წინ ის ფრაზა რომ მოსწავლე და რა უფლება აქვს თუნდაც გამოიყურებოდეს ისე როგორც უნდა და ბავშვი ზომიერებას მშობელმა კი არ უნდა მიაჩვიოს მან უნდა ასწავლოს და შემდეგ ბევრად ნაყოფიერი გადაწყვეტილების მიღებას თვითონ შეძლებს
00:01 / 07-06-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი