მშობლებისა და მასწავლებლების დიდ ნაწილს რატომღაც ჰგონია, რომ ზაფხულის არდადეგები სამეცადინოდ იდეალური პერიოდია, ყოველ შემთხვევაში, ერთი მეორის გარეშე წარმოუდგენლად ეჩვენებათ. ახლა სწორედ ზაფხულია და ძალიან ბევრ ბავშვს უწევს მასწავლებლებისგან გულუხვად მიცემული დავალებების შესრულება, ხოლო ვინც პირველად მიდის სკოლაში, ბევრი მათგანისთვის მშობლები კითხვის სწავლებას ცდილობენ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ერთი შეხედვით მხიარული ზაფხული ბევრი ბავშვისთვის ტანჯვად იქცევა ხოლმე. მათ შემყურეს საკუთარი თავი მახსენდება კოლაში შესვლის წინ და მინდა გაგიზიაროთ ჩემი ისტორია. დარწმუნებული ვარ, რაც უფრო ხშირად გავიხსენებთ საკუთარ თავებს ჩვენი შვილების ასაკში, უფრო უკეთ გავუგებთ მათ.
სკოლაში 5 წლის ასაკში მიმიყვანეს. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა დედაჩემმა, რომ სკოლაში მისულს კითხვა უნდა მცოდნოდა, ყოველ შემთხვევაში, ამ მისიის შესასრულებლად ზაფხულის გამოყენება მოინდომა და შეუდგა კიდეც გულმოდგინედ ჩემს მეცადინეობას. არ მახსოვს, როდის ვისწავლე, მაგრამ ზაფხულისთვის ყველა ასო კარგად ვიცოდი. ჩემით ვისწავლე და მათ ცნობაშიც შეცდომები არ მომდიოდა. ალბათ ამიტომ ეგონა დედას, რომ რაკი ასოები ვიცოდი, კითხვაც სკოლაში შესვლამდე უნდა მესწავლა.
წარმოიდგინეთ, 5 წლის ბავშვს ყოველდღიურად მსვამდნენ სამეცადინოდ. იქნებ ფიქრობთ, რომ მომწონდა ეს პროცესი? არანაირად. ჩემთვის ეს იყო ნამდვილი ტანჯვა და რაც ყველაზე უარესია, საერთოდ ვერ ვხვდებოდი, რას ითხოვდნენ ჩემგან. ვერ ვხდებოდი, ეს ჩემთვის ნაცნობი ასოები წასაკითხად როგორ გამომეყენებინა. აი, ასე - ვერ ვხვდებოდი, რა უნდა მექნა ამ ასოებისთვის. კი ვცნობდი, მაგრამ მერე რა? მათი ცალ-ცალკე ამოკითხვა აშკარად არ იყო „კითხვა“. დავიზეპირებდი „აი იას“, „თითს“, „თხას“, ჰა-ჰა „თასამდე“ მივიდოდი, მაგრამ ეს მხოლოდ დაზეპირების წყალობით, ვიმახსოვრებდი, რომელ ხაზზე რა ეწერა. მაგრამ უკან რომ დამაბრუნებდნენ, ვეღარ ვიხსენებდი და შესაბამისად, ვეღარ "ვკითხულობდი" ვერაფერს. მე ხომ ვიტანჯებოდი, დედაჩემიც საშინლად ნერვიული და სასოწარკვეთილი იყო. ხან მეჩხუბებოდა, ხან მეფერებოდა, ხან მემუქრებოდა და ვიყავით ასეთ საშინელ დღეში. ამასობაში ნათესავ-მოკეთეები ცეცხლზე ნავთს ასხამდენენ - თურმე ჩემი მეზობელი თინიკო სხაპასხუპით კითხულობს, სოფოს უკვე დაუმთავრებია "დედა ენა" და სხვა წიგნზე გადასულა, ილია კი საერთოდ გაზეთებს კითხულობს უკვე... (ისინიც სკოლაში მიდიოდნენ იმ წელს). გადაირია დედაჩემი, გააორმაგა სამეცადინო საათები და გაორმაგდა ჩემი ტანჯვაც.
ერთ მშვენიერ დღესაც ვთამაშობ თავდავიწყებით ბავშვებთან ერთად. გაჩაღებული გვაქვს ეზოში სახლობანა, მოწყობილი გვაქვს სახლ-კარი სკამებით და ზეწრებით, ვამზადებთ სადილებს, ვაჭმევთ ბავშვებს და ვფუსფუსებთ ბედნერად... ამ დროს, შუა თამაშში მეძახიან... მეცადინეობის დროა... გაიხსენეთ, ყველაზე დიდი სასოწარკვეთა როდის გიგრძვნიათ, მიწა თუ გამოგცლიათ ფეხქვეშ და ცა ჩამოგქცევიათ? სწორედ ეს განვიცადე პირველ დაძახებაზე. ვიცოდი, რომ პირველ დაძახებას აუცილებლად მოჰყვებოდა მეორე, უფრო კატეგორიული და სანამ ამ მეორე დაძახილს გავიგონებ, ვარწევ გამწარებით თოჯინას, ჩემი ტვინი კი მუშაობს გამალებით და ეძებს გამოსავალს. ჩემი ფიქრები დაახლოებით, ასეთი იყო: „რა ვქნა, რა მოვუხერხო ამ კითხვას, რა გავაკეთო... ნეტავ რა არის ეს „კითხვა“, რანაირად გამოდის ასოებისგან წაკითხვა... ღმერთო, მიშველე“ - ვფიქრობ გამწარებული და... ადამიანი ხომ ყველაზე დიდ გასაჭირში პოულობს გამოსავალს და ასეთი გამოსავალი „მოვიფიქრე“: „ასოები ხომ ვიცი, ხომ არ გადავაბა ერთმანეთზე? იქნებ მიყოლებით რომ წავიკითხავ, გამოვიდეს კითხვა? მოდი, გადავაბამ და ვნახოთ“, - გადავწყვიტე მტკიცედ და ვეახლე დედაჩემს.
გადავშალეთ წიგნი. დავხედე და „გავტესტე“ ჩემი მიგნება - გადავაბი ასოები ერთმანეთს, ამოვიკითხე მოყოლებით და... გაამართლა... ხალხო, გაამართლა. გადავაშლევინე შემდეგ ასოზე - წავიკითხე უშეცდომოდ. გადავშალეთ სულ ბოლო გვერდებზე - კვლავ წავიკითხე უშეცდომოდ. გამომივიდა. თურმე ასოები ერთმანეთზე უნდა გადამება და კითხვა გამოვიდოდა. რა უნდოდა ამის ახსნას, რისთვის მტანჯეს მთელი ზაფხული...
სხვათა შორის, იმ დღის მერე მე კითხვაში ვარჯიში არ დამჭირვებია. არასოდეს მისწავლია გაკვეთილი კითხვით და ეს საოცარი პროცესი - კითხვა - გახდა ჩემი ყველაზე დიდი სიამოვნება. 6 წლისას წიგნი მიყიდეს. ნამდვილი წიგნი, არასასკოლო. აქედან დაიწყო ჩემი და წიგნების თანაცხოვრება. ვკითხულობდი ყველგან და წიგნები მქონდა მომარაგებული ყველგან - ლოგინის ქვეშ, ფანჯრების რაფებზე, ჩანთაში, გზაში, სტუმრად წავლისას, აგარაკზე წასვლისას... მათ ვუმადლი ჩემს ცხოვრებას და განვითარებას...
კითხვისა და წიგნების სარგებლიანობაზე ბევრს აღარ გავაგრძელებ, უბრალოდ, შეხედეთ ხოლმე მოვლენებს ბავშვის თვალით, წარმოიდგინეთ ან გაიხსენეთ თქვენი თავი მის ადგილას... ყოველ შემთხვევაში, ეცადეთ... ამით მას ბევრი განსაცდელისგან იხსნით...
არ ვიცი, კარგი დამემართა თუ ცუდი კითხვის დაძალების გამო, მაგრამ ფაქტია, გამოსავალი თავად ვიპოვე, თუმცა სტრესის ფონზე. უბრალოდ, კარგად აუხსენით ხოლმე, რას ითხოვთ ბავშვისგან, რა უნდა გააკეთოს. მის ენაზე, მისთვის გასაგებად ელაპარაკეთ, თამაშ-თამაშით ასწავლეთ და თქვენს მცდელობას შედეგი აუცილებლად ექნება. ხოლო თუ არ ექნება და 5 წლის ასაკში ადვილად ვერ ისწავლის კითხვას, თავი დაანებეთ და ამის დროც დადგება.
P.S. იცით, კიდევ რა მასწავლა ჩემმა მწარე გამოცდილებამ? რომ მხოლოდ თამაშ-თამაშითა და გართობა-კისკისით შედეგები არ მიიღწევა. დღეს ხომ პედაგოგები და ფსიქოლოგები მოგვიწოდებენ, რომ ბავშვს სულ თამაშით, მოფერებით, გართობით უნდა ვასწავლიდეთ. ჩემი აზრით კი წინააღმდეგობის დაძლევის, დაბრკოლების გადალახვის და
შრომის გარეშე კარგი შედეგები ვერ გვექნება. სწორი მიდგომაც ალბათ ეს არის - უნდა გავუჩინოთ ინტერესი, რომ დაბრკოლების გადალახვა ტანჯვა კი არა, საინტერესო შრომა იყოს. ხოლო რაც არ აინტერესებს ჯერ,
იმის დაძალებას აზრიც არა აქვს.
ეკა, 43 წლის