თითოეულ ჩვენგანს თავად გამოუცდია ან მომსწრე მაინც გამხდარა იმ უსიამოვნო და უხერხული სიტუაციებისა, რომლებიც ბავშვებთან ერთად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას წასვლას ახლავს ზოგჯერ თან.
ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი მკითხველი თავის გამოცდილებას გვიზიარებს. მის წერილს უცვლელად გთავაზობთ:
„პანდემიის გამო, დიდი ხანია მეგობრები ვეღარ ვიკრიბებით, ბუნებრივია, მოგვენატრა ძველი დრო და ერთად გატარებული საღამოები.
მე და ჩემი მეუღლე პირველ შვილს ველოდებით. გადავწყვიტეთ სქესის გაგების ცერემონია მეგობრებთან ერთად მოგვეწყო.
წინასწარ შევარჩიეთ ადგილი. დავიქირავეთ დიზაინერები, დეკორატორები, ფოტოგრაფი, ყველა ის პირი, ვინც წვეულებას კიდევ უფრო დიდ დღესასწაულად გვიქცევდა.
დათქმულ დროს ყველა შევიკრიბეთ, გარდა ჩვენი ორი მეგობრისა. საბოლოოდ, როგორც იქნა, გამოჩნდა მათი მანქანა. გაიღო კარი და თავპირისმტვრევით გამოცვივდა მათი გოგო-ბიჭი. 6-7 წლისანი არიან, ზედმეტად გათამამებული და გაუგონრად ცელქი ბავშვები.
გულწრფელად რომ გითხრათ, არ მესიამოვნა ეს ფაქტი, უფროსების წვეულებაზე ბავშვების ყოფნა არ მქონდა გათვალისწინებული, მაგრამ რაღას ვიზამდი.
შევეცადე, რომ ეს ჩემთვის უსიამოვნო მოულოდნელობა სახეზე არ აღმბეჭდვოდა, მაგრამ მოსვლისთანავე რაღაცების გაფუჭება რომ დაიწყეს, ვატყობდი თავის მოთოკვა გამიჭირდებოდა.
ლამაზად გაფორმებული სადღესასწაულო სუფრიდან რაც ჭამეს, ჭამეს, რაც არა - დაბლა დაყარეს. დაწიწკნეს ფერადი ლენტები, დახეთქეს ბუშტები, გააფუჭეს დეკორაციები.
ტორტის კრემი გარედან ისე მოზილეს, ყველა მხარეს მათი თითების კვალი ეტყობოდა. წყობილებიდან კიდევ უფრო იმ ფაქტმა გამომიყვანა, რომ მშობლები აქეთ-იქით იყურებოდნენ, ვითომც აქ არაფერი, წარმოიდგინეთ, არც ერთი მათგანი შენიშვნას არ აძლევდა.
ვეღარ მოვითმინე და ჩემს მეგობრებს ვუსაყვედურე, თუ წამოიყვანეთ, ისე მაინც მიხედეთ, რომ არაფერი გააფუჭონ და ჩვენც წყნარად ვიყოთ-თქო. პასუხად დამცინეს ორსულად ხარ და რა დღეში გაქვს ნერვები, ცოტა მოეშვიო. ძალიან გავცხარდი, სიბრაზისაგან ამხელა მუცლით ბურთივით ვხტოდი. კი ბატონო, ორსულად ვარ და შენც ნამდვილად გათავხედებული შვილები გყავს-თქო, მივახალე.
ადგნენ და წავიდნენ, გაბრაზებამ რომ გადამიარა, ცოტა არ იყოს დანაშაულის გრძნობამ შემაწუხა, მაგრამ ხომ შეიძლება, მაშინ მაინც, როცა სხვაგან მიგყავს, მიაქციო ყურადღება შენს შვილს ისე, რომ სხვას არ შეუქმნას დისკომფორტი.
ამ ასაკში ბავშვს ელემენტარული ქცევის წესები ხომ უნდა ასწავლო?! დაგვიანებულიცაა, მე თუ მკითხავთ.
მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას სოციალური ნორმების შესაბამისი ქცევები არც თანდაყოლილია და არც ასაკის მატებასთან ერთად ყალიბდება ავტომატურად.
და თუ მშობელი ელოდება, როდის გახდება ბავშვი 6 და 7 წლის იმისათვის, რომ თან ატაროს მსგავს ადგილებში, უცებ აღმოჩნდება ხოლმე, რომ მათ არც აღნიშნულ ასაკში იციან მსგავს სიტუაციებში მოქცევის წესები და ეს მერწმუნეთ, მშობლისა და აღზრდის ბრალია.
მთელი დღე ჩამშხამდა და მომეწამლა, არადა იმდენი ხანია ამ ცერემონიას ვგეგმავდი. ჩემი მეგობრების დანახვა აღარ მინდა და არც მათი შვილების. მეც ხომ დედა ვხდები, ერთი წამით არ მივცემ უფლებას ჩემს შვილს ასე მოიქცეს. ბავშვი უნდა იყოს ცელქი და არა თავხედი“.