ნანა ორი ვაჟის დედაა. ის გულახდილად ყვება საკუთარ პრობლემაზე, თუ როგორ უბრაზდება, უყვირის თავის შვილებს და გამოცდილებას უზიარებს სხვებსაც, რამდენად დაეხმარა ფსიქოლოგი ემოციების ვულკანთან გასამკლავებლად.
"გამარჯობა, მე ნანა ვარ და შვილებს ვუბრაზდები. კუთხეში ვაყენებ, ვკეტავ საძინებელში, ხანდახან საცემადაც ვიწევ და ერთი-ორჯერ ხელიც გამირტყამს. ვფიქრობ, ჩემი ისტორია სხვა ადამიანების ისტორიას რაღაცით ჰგავს, მაგრამ მაინც მინდა საკუთარი გამოცდილება გაგიზიაროთ.
ეს ჯოჯოხეთი მაშინ დაიწყო, როცა ჩემი უმცროსი შვილი, საბა დაიბადა. უფროსი, იოანე, მაშინ 3 წლის იყო. უმცროსი სრულიად განსხვავდებოდა მისი მშვიდი ძმისგან. დაბადებიდან გამუდმებით ყვიროდა ისე, რომ მეზობლებიც წუხდებოდნენ, არ ეძინა არც საწოლში და არც ეტლში, მხოლოდ ჩემს მკლავებში უნდოდა. ვცდილობდი, უფროსი შვილისთვისაც მიმექცია ყურადღება, თუმცა პატარა იმდენ დროსა და ენერგიას მართმევდა, აღარაფრის თავი აღარ მქონდა. იოანეს თავისი პატარა ძმა სძულდა, ეჩხუბებოდა და სათამაშოებს ართმევდა. ერთხელ მორიგი ისტერიკის დროს ბალიში დააჭირა სახეზე, რომ გაჩუმებულიყო. რა თქმა უნდა, დროზე მივუსწარი და დავაშორე ერთმანეთს. ახლა გაიზარდნენ, უფროსი 8 წლისაა, უმცროსი კი 5-ის და მე ვულკანზე ვცხოვრობ. ეს ეხება ჩემი ცხოვრების აბსოლუტურად ყველა სფეროს.
ალბათ, მკითხავთ, სად არის ჩემი ქმარი. ის კარგი, კეთილი და მოსიყვარულე მამა და ქმარია, მაგრამ იძულებულია იმუშაოს, რომ ნორმალური ცხოვრება გვქონდეს. ვფიქრობ, ეს ისტორია ბევრი ოჯახისთვის იქნება მსგავსი.
"ნორმალური - ეს გამოხატავს იმას, რომ შენს მდგომარეობაში ბევრი დედაა, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ცუდი დედა ხარ და დღე და ღამე თავი უნდა დაიდანაშაულო ამაში. პირველი, რაც უნდა გააკეთო, არის აღიარება, რომ ბავშვებს უყვირი. შემდეგ, შევეცადოთ, გავარკვიოთ მიზეზი და მოვიფიქროთ, როგორ მოვიქცეთ." - მითხრა ფსიქოლოგმა.
დავიწყეთ ყვირილის ტიპების განსაზღვრა, ანუ რატომ ვეჩხუბებოდი ბავშვებს, ეს იყო ბრაზი, იყო თხოვნის უგულებელყოფა, იყო იმედგაცრუება და სირცხვილი, აუხდენელი მოლოდინები, როდესაც ვიგებდი, რომ ჩემი შვილი კლასში ყველაზე ცუდად კითხულობს, ექიმს პირს არ უღებს, ცუდად იქცევა, სხვა ბავშვებს ეჩხუბება და ასე შემდეგ. ყვირილის საბაბის გარჩევა ძალიან რთული, მაგრამ სასარგებლო აღმოჩნდა. როდესაც მიზეზს გააცნობიერებ, უფრო მარტივია ამ უზარმაზარი ცუნამის შეკავება. შევეცადე, გამერკვია, რატომ ვცხოვრობდი შვილებთან ერთად ერთ დიდ სკანდალში. არ შემეძლო ქმრისთვის მეთხოვა დახმარება, რადგან დილიდან ღამემდე მუშაობდა იმისათვის, რომ კარგად გვეცხოვრა.
"კარგი ცხოვრება როგორია? ის, რომ ბავშვებს გამუდმებით ეჩხუბებით, თავადაც გადაღლილი ხართ და სულ დანაშაულის განცდა გაქვთ, რომ ცუდი მშობელი ხართ? იქნებ, თქვენს ქმართან ერთად განიხილოთ ეს ამბავი", - მითხრა ფსიქოლოგმა.
მართალი იყო, მე მთელ რესურსს ბავშვებისთვის ვხარჯავდი, ჩემი ქმარი კი - ფულის გამომუშავებას. ამის პარალელურად იყო საქმეები, რომლებზეც ორივეს უნდა აგვეღო პასუხისმგებლობა და მოვალეობები გადაგვენაწილებინა. რადგან სახლში ვიყავი, არ ნიშნავდა იმას, რომ ვისვენებდი.
საუბარი - შევკრიბე მთელი ოჯახი და ქმარსა და შვილებს განვუცხადე, რომ ძალიან მინდოდა მათთან ჩხუბი და ყვირილი შემეწყვიტა, სანაცვლოდ მათაც ვთხოვე მხარდაჭერა. ბავშვებს ვუთხარი, თუ ყვირილს დავიწყებდი, ოთახიდან გასულიყვნენ. ამან გაამართლა, მაგრამ როცა ძალიან სერიოზულად მაბრაზებენ, მაინც არ მუშაობს.
მოიფიქრეთ "გადამრჩენელი" ფრაზა - როდესაც არგუმენტები მთავრდება და კონტროლს კარგავთ, აფეთქებაც გარდაუვალია, მოიფიქრეთ ფრაზა, რომელიც მსგავს სიტუაციაში გადაგარჩენთ. მაგალითად, ჩემი ფრაზაა: "ჩემი ოჯახი ჩემი სიყვარულია". ამ სიტყვებს რომ ვამბობ, უფრო ადვილია საკუთარ თავზე კონტროლის აღდგენა
ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც ნერვებს გიშლით და წინასწარ შეიმუშავეთ გეგმა, როგორი რეაგირება გექნებათ მასზე - მე, მაგალითად, უკვე ვიცი, რა მიშლის ნერვებს და რატომ ვეჩხუბები ბავშვებს. ეს ყოველდღე მეორდება, მაგალითად, ბიჭები ჩხუბობენ, არ მაცდიან ტელეფონზე ლაპარაკს, მაღაზიაში ცუდად იქცევიან და ასე შემდეგ. წინასწარ შეამზადეთ თავი, როგორ მოიქცეთ მსგავს სიტუაციებში.
მიიღეთ შესაბამისი ზომები - აღმოჩნდა, რომ პრობლემის გათავისება და შესაბამისი ზომების მიღება ერთდროულად მარტივიცაა და რთულიც. მაგალითად, მე გავაცნობიერე, რამდენად ცუდად მოქმედებს ჩემზე ყვირილი და ჩხუბი, ამიტომ სადაც არაა საჭირო, მშვიდად ყოფნას ვამჯობინებ. თუმცა, როგორც ვთქვი, ეს მარტივი არ არის. ასევე, შეიძლება შევცვალოთ რუტინა, მაგალითად, თუ დილით ადრე ბავშვებთან ერთად გამოვდიოდი სახლიდან, უფროსი სკოლაში მიმყავდა და შემდეგ პატარა ბაღში, ახლა შეიძლება სხვადასხვა დროს წავიდეთ, მამას გავატანო უფროსი სკოლაში და მე პატარა წავიყვანო ბაღში. ასე დილის გაუთავებელ კონფლიქტებსაც ავარიდებთ თავს.
ფსიქოლოგის რჩევით, ჩემს ქმარს ხუთშაბათი საღამოს გამოთავისუფლება ვთხოვე "ჩემი თავისთვის", რომ წავსულიყავი მანიკურის გასაკეთებლად, კაფეში, მაღაზიებში იმ პირობით, რომ ბავშვებს ის მიხედავდა და დააძინებდა. ქმარი ამით მთლად ბედნიერი ვერ არის, მაგრამ მაინც დამთანხმდა. ხანდახან ჩვენი "ხელშეკრულება" ირღვევა, მაგრამ ცვლილებები სწრაფად არ მოდის. მოთმინებაა საჭირო.
სინამდვილეში, მე ამ გზის დასაწყისში ვარ. ბავშვები მაინც მაბრაზებენ და კვლავ ვუყვირი, მაგრამ უფრო იშვიათად. შევწყვიტე საკუთარი თავის დადანაშაულება და მივიღე მოცემულობა. თან ფსიქოლოგის სიტყვები მიტრიალებს თავში:
"ბავშვი ჩვენი სარკეა. თუ მუდამ გაღიზიანებული ვიქნებით, მაშინ ჩვენს შვილებსაც გადაედებათ ეს განწყობა. ამიტომ, შეცვალეთ ქცევა. ამის გაკეთება არასდროსაა გვიან. დიახ, ძნელია... დიახ, ეს პროცესი არ არის სწრაფი და თანამედროვე მშობლები ამ პრობლემას ხშირად აწყდებიან, მაგრამ აგრესიული წრის გარღვევით თქვენს შვილს საუკეთესო საჩუქარს გაუკეთებთ."