საბერძნეთიდან მესიჯი მივიღე - 42 წლის ქალბატონი დახმარებას გვთხოვდა, ბიოლოგიური დედა მაპოვნინეთო საბერძნეთიდან მესიჯი მივიღე - 42 წლის ქალბატონი დახმარებას გვთხოვდა, ბიოლოგიური დედა მაპოვნინეთო. "მობილი-ზაციაში" შესაბამისი განცხადება განვათავსე, მაგრამ კარგა ხანს არავინ შემხმიანებია.
1 თვის შემდეგ მამაკაცმა დამირეკა და ნატოს ტელეფონის ნომერი მთხოვა - მისი დეიდაშვილი ვარ, დედამისიც აქვეა, გულწასულს ასულიერებენო. ნატოსა და დედამისის ურთიერთობა ტელეფონით დაიწყო (ნატო მხოლოდ 3 წლის შემდეგ ჩამოვიდა საბერძნეთიდან). ბუნებრივია, დედასთან უამრავი კითხვა ჰქონდა. უპირველესი კი - რატომ გააშვილა წლინახევრის ასაკში. ქალბატონი თინა სამაჩაბლოში ცხოვრობს. მან შვილს ვრცელი წერილი გაუგზავნა, სადაც დაწვრილებით ჰყვებოდა თავის ტკივილიან თავგადასავალს. ახლა ამ წერილს გთავაზობთ, შემდეგ ნომერში კი ნატო თავისი განცდების შესახებ თავად მოგიყვებათ (წერილი შემოკლებულია, სტილი - დაცული).
ჟურნალი "გზა", 2011 წელი
"ჩემო საყვარელო, ყველაფერს ჩავწერ ახლა სიმართლეს და დაე, ჩემმა შვილმა განაჩენი თვითონ გამომიტანოს უბედურ დედას....
1964 წლის დეკემბერი... რუსთავში ვიზრდებოდი, ძმასთან - იქ ვსწავლობდი. სოფელში, მშობლებთან ჩამოვედი და მეორე დღეს ერგნეთში, დასთან წასვლა გადავწყვიტე. ზნაურის ავტოსადგურზე ვიყავი. მაღალმა, შავგვრემანმა ბიჭმა ამიარ-ჩამიარა და გამიკვირდა, ეს სოფლელი ტეტია რას ჩამაცივდა-მეთქი?! მოვიდა ჩემთან და მკითხა, - ცხინვალში მიდიხარო? დიახ-მეთქი. გამეცნო, ბალთელი ვარ, ცხინვალში "შოფრად" ვმუშაობო. სანამ ცხინვალში მივიდოდით, ავტობუსი გაფუჭდა და ამასობაში დაღამდა კიდეც. ნოდარმა მითხრა, შენს დასთან ტაქსით მიგიყვანო. არ შემშინებია, ერთი რაიონიდან ვართ-მეთქი. სახლის ნაცვლად მამიდაშვილებთან მიმიყვანა. მანქანიდან არ გადმოვდიოდი, მაგრამ მტაცა ხელი და ციმციმ შემიყვანა გოგონებთან - 2 დანი იყვნენ. შეშინებული მივეკარი გოგონებს - ნუ დამღუპავთ, შეყვარებული მყავს-მეთქი. გოგონებმა გამიგეს და ნოდარს ჩხუბი დაუწყეს, - თუ არ უნდიხარ, ძალით ხომ არ შეირთავო?! არა, ჩემი ცოლი უნდა გახდესო!
3 დღე მათთან ვიყავი, ვერ დამიმორჩილა. მერე მითხრა, მანქანას მოვიყვან და თუ არ გინდივარ, ისევ შენს დასთან მიგიყვანო. გამიხარდა და გავყევი, მაგრამ ამჟამად მარტოხელა მამიდასთან ამომაყოფინა თავი. აქაც ერთი ამბავი ავტეხე, მაგრამ სახლში მაინც შემიყვანა. მის მამიდას "უპოლო" სახლი ჰქონდა. მეორე ოთახში შევვარდი და კარი ჩავკეტე. 5 დღე მშიერ-მწყურვალი ვიყავი. მეექვსე დღეს ფანჯრის მინა ამოიღო და ისე შემოვიდა. სადისტურად დამიმორჩილა. მთელი სახე და ტანი დაკაწრულ-დალილავებული მქონდა. თავი ისე მოვაჩვენე, ვითომ შევეგუე ყველაფერს. მეზობლის გოგოს ჩემი დედ-მამისა და სოფლის მისამართი მივეცი. დაურეკეს მამაჩემს და ის და ჩემი სიძე მოვიდნენ. სიძემ ასე დალურჯებული რომ დამინახა, გაგიჟდა. - თინა, ძალითო?! - კი-მეთქი, - მივუგე. მამას ჩემი წამოყვანა უნდოდა, მაგრამ სიძემ უთხრა, - სად წავიყვანოთ, გაბახებულია და სადღა გამოვყოთ თავიო. ასე შემოვრჩი ნოდარს. რუსთავში, თავის მამინაცვალის ძმასთან წამიყვანა და იქ დავბინავდით. ჩემს ძმასთან ხშირად მივდიოდით. ძმას ცოლი ჰყავდა, აბისისთავიდან. თავიდანვე ამომიჩემა რძალმა და სკოლაშიც რომ დავდიოდი, მაშინაც არ მახარებდა. მე და ნოდარს რომ გვხედავდა, ინფარქტი ემართებოდა.
ფეხმძიმედ ვიყავი. ჩემი ძმა გადაეკიდა, - რას მიზიხართ აქ, ხალხი რუსეთში დადის, ფული და მანქანები ჩამოჰყავთ, როდემდე უნდა გარჩინოთო? - შეწუხდა ნოდარი, საყვედურების ატანა აღარ შეეძლო.
ერთ დღეს გამომიცხადა, - თინა, შენს ძმას უნდა, რომ რუსეთში წავიდე და მივდივარ; ბინას, სამუშაოს ვიშოვი, ჩამოვალ და წაგიყვანო. ელდა მეცა.
წავიდა ნოდარი. უკანასკნელად მომეხვია, ჩამკოცნა და ტირილით გაიხურა კარი. ძმასთან ვიყავი ხოლმე, მაგრამ ვაი იმ ყოფნას. სულ მეჩხუბებოდნენ, - შენ უნდა გარჩინოთ თუ შენი შვილიო?! ყველაფერს ვიტანდი, მაგრამ ერთ დღესაც, ვეღარ მოვითმინე და შევკადრე რაღაცები. ძმამ არ დამინდო, ფეხმძიმე ქალი მცემა. მშობლებს გავაგებინე, ჩამოვიდნენ და წამომიყვანეს. დავრჩი სოფელში.
ნოდარისგან არაფერი ისმოდა. როგორც იქნა, წერილი მივიღე, ტაშკენტში ვარ და ჩამოდიო. დედა ლამის გაგიჟდა, რუსული არ იცი, სად უნდა წახვიდე, დღე-დღეზე ხარ მოსალოგინებელიო.
1966 წლის 31 დეკემბერს, დილის 3 საათზე, ხუთდღიანი ტკივილების შემდეგ მუცლიდან ბავშვი ამომიყვანეს.
ნარკოზიდან რომ გამოვედი, პატარა მომიყვანეს და მითხრეს, - თინიკო, ნახე, რა კარგი გოგო გყავს, 5 კილო და 500 გრამიაო. მე ვუპასუხე, - მომაშორეთ თავიდან, ნახვაც არ მინდა, ეგეც ჩემნაირი უბედური იქნება-მეთქი. ახლოს არ მიგიკარე. დედა მეჩხუბებოდა, ძუძუ მოაწოვე, მოკვდებაო. მოკვდეს-მეთქი. დამიყვავეს, ბავშვი მომიგდეს და სუყველამ დამტოვა. ატირდი... რაღა უნდა მექნა? მოგაწოვე ძუძუ და მერე ჩემში დედობრივმა გრძნობამაც გაიღვიძა...
იზრდებოდი ჩემი პატარა, შავტუხა გოგო... ჩემი საბრალო დედა ავად იყო... ცალკე დედას ვუვლიდი, ცალკე - ჩემს მამით ობოლ ბავშვს, ცალკე - პატარა ძმას. 2 თვის იყავი, როცა ძმამ რაღაცაზე გამაბრაზა და ჩექმა ვესროლე. ბიჭი წაიქცა და მამამ საყვედური მითხრა, - რა იყო, შვილო, რამ გაგაბოროტა, შენც გინახავ, შენს შვილსაც და გაზრდილ ბიჭს მიკლავო? მეწყინა. თურმე, სამადლო პურს ვჭამდი. გაგახვიე და ერგნეთში წავედი. ჩემს დას ფული ვთხოვე. 300 მანეთი მომცა. ნოდარს დეპეშა გავუგზავნე, მოვდივარ-მეთქი. გადავფრინდი ტაშკენტში. არავინ დამხვდა. ბინაზე მივედი ტაქსით. იქ მითხრეს, აქ იყო და დეპეშა მიიღო თუ არა, გადავიდაო.
სამხედრო კომისარიატში მივედი და იქ მომცეს მისამართი, - ჩიმკენტში არისო. იქაც ჩავედი. ვეძებე და ვიპოვე, მაგრამ ნოდარი დაიმალა. სხვა ქალი ჰყავდა. ფეხმძიმედ იყო ისიც.
იქიდან რომ დავბრუნდით, შენ უკვე 6 თვის იყავი. დედა ცოცხალი აღარ დამხვდა, ჩემი და ინგას დარდმა იმსხვერპლა. დედამთილს შევეხვეწე, შემინახე ცოტა ხნით ბავშვი, წავალ რუსთავში, ვიმუშავებ, ბინას ვიშოვი და წავიყვან-მეთქი. უარი არ უთქვამს. დაგიტოვა და მე რუსთავში, ქარხანაში ამიყვანეს პრაქტიკანტად. 60 მანეთი მქონდა ხელფასი, ისევ ძმასთან ვცხოვრობდი. თებერვლის ცივი საღამო იყო, თოვდა, ჩემმა მულმა ბავშვი ჩამომიყვანა. ჩემი ძმა ღამის 1-ელ საათზე მოვიდა. რძალმა მაშინვე მიახარა, - შენი და არ მყოფნიდა, ახლა ამისი ნაბუშარიც ვზარდოო? ძმამ უთხრა, - ნაბუშარი არ არის, მაგას ქმარი ჰყავდაო. ატეხეს ჩხუბი და ძმამ მომახალა, - თქვენი გულისთვის ოჯახი მენგრევა, წადი და მოშორდი აქაურობასო. ღამის 1-ელ საათზე სად უნდა წავსულიყავით? აგიყვანე. ჩემს მულსაც ვუთხარი, წამოდი-მეთქი. ის ჩემს მეგობარ გოგონებს ჩავაბარე, ხვალ წავა-მეთქი. მე კი შენიანად უკან გამოვბრუნდი. პარკს გავცდი და დაბლა, მტკვრისკენ დავეშვი. დავიღალე. მძიმე იყო ჩემი უიღბლო გოგონა. მტკვართან ჩამოვჯექი. გეძინა, მე ჩაგჩურჩულებდი - შვილო, კარგია, რომ გძინავს, ვერ გაიგებ, დედა როგორ გადაგაგდებს წყალში-მეთქი. თან, ვტიროდი და გკოცნიდი. ვიღაცების ხმა გავიგონე. გოგო და ბიჭი იყვნენ. ნეტავ, ადამიანია თუ ქაჯიო? ვუპასუხე, - ქაჯი რადა ვარ, ადამიანი ვარ-მეთქი. - ბავშვიანად ამ შუაღამისას აქ რას აკეთებო? - ძმამ გამომაგდო და სად წავიდე? ჯერ ბავშვს გადავაგდებ წყალში და მერე თან მე გადავყვები-მეთქი. ქალმა ბავშვი გამომართვა, წავედითო. სახლში მიმიყვანეს. იმათთან 2 კვირა ვიყავი - ახალბედა ცოლ-ქმარი იყო. მერე "პადვალში" ბინა ვიქირავე და "სმენებში" სამუშაოდ გადავედი. მარტო ჩაგკეტავდი ხოლმე ოთახში, ხან ხმელა პურს დაგიდებდი ლოგინზე, ხანაც უპუროდ გტოვებდი და მივდიოდი "სმენაში". შენ ხან ჩამოცოცდებოდი დაბლა, ხან კი ცემენტზე დაეცემოდი, იტირებდი და ჩაგეძინებოდა. ღამის ცვლაში ვიყავი, როცა ძლიერი ტკივილებით საავადმყოფოში მიმიყვანეს. ტუბდისპანსერში გადამიყვანეს. დილით შენც იქ მოგიყვანეს, მაგრამ კარიდან მაჩვენებდნენ ხოლმე შენს თავს. ხან ექთანი გივლიდა ცალკე პალატაში, ხან - დამლაგებელი. ჩემი მეზობელი ქალი იყო, მარო. ხშირად მოდიოდა ჩემთან, ერთ ქალთან ერთად. ერთ დღეს მარო შემოვიდა და მითხრა, - ექიმთან ვიყავი და მითხრა, შენი მორჩენა არ შეიძლება, ბავშვი მაინც მოგიკვდება და გააშვილეო. არა-მეთქი. რა ქრთამი გაიღო, დღესაც არ ვიცი. ერთ დღეს ექიმმა მითხრა, - რას გაჯიქდი, ხომ იცი, მძიმე ავადმყოფი ხარ, მიეცი ბავშვი, ის მაინც გადარჩესო. დავფიქრდი, - მე სიკვდილი მიწერია და დაე, ინგამ იცოცხლოს, დაე, ჩემს უბედურებაზე ვიღაცამ იბედნიეროს-მეთქი. გავიმეტე ჩემი ობოლი გოგო და გაშვილებას დავთანხმდი.