„დედამთილმა სოფელში მეზობლების დასანახად დაგვპატიჟა... ერთი სული აქვს, როდის აგვიკრავს გუდა-ნაბადს...“ - ახალგაზრდა ქალის წერილი
„დედამთილმა სოფელში მეზობლების დასანახად დაგვპატიჟა... ერთი სული აქვს, როდის აგვიკრავს გუდა-ნაბადს...“ - ახალგაზრდა ქალის წერილი
ზაფხულში ყველა მშობლისათვის საზრუნავი შვილებისათვის ჰაერის გამოცვლა და გაკაჟებაა, ზოგი ზღვაზე, ზოგიც კი მთაში მიიჩქარის.

წერილი, რომელსაც ახლა ვაქვეყნებთ, ახალგაზრდა ქალს ეკუთვნის, ის სოფელში, დედამთილთან სტუმრობის ამბებს გვიზიარებს.

წერილს უცვლელად გთავაზობთ, ანომიმურობა დაცულია:

"წელს ნაადრევად მერგო შვებულება, რადგან ჩემი მეუღლე მუშაობს და ძიძამაც უარი მითხრა ქალაქიდან გასვლაზე, ჩემი დედამთილის შემოთავაზებას დავთანხმდი და სოფელში ჩამოვედით.

ვიფიქრე, 10 დღე როგორ ვერ უნდა გავძლო, დავისვენებ, ბავშვებს ჩემი დედამთილი მიხედავს, ჰაერს გამოიცვლიან და გაკაჟდებიან-თქო...

ძალიან შევცდი, ჩამოსვლის პირველივე წუთიდან მივხვდი, რომ დიდი შეცდომა დავუშვი,
მარამ უკან დასახევი გზა უკვე
აღარ მქონდა.

ნეტავ, მარტოს წამეყვანა ბავშვები სადმე დასასვენებლად, ასე მაინც არ გამიჭირდებოდა სადმე დარჩენა.

ბავშვები დარბიან აქეთ-იქით, ან რა გააჩერებთ, სოფელიც ხომ იმისთვის არის, რომ ირბინონ და ითამაშონ.

ჩემი დედამთილი კი ყველაფერზე უბრაზდება და ეჩხუბება.
გუზრდელებს, ტყიურებს ეძახის, ლანძღავს: „როგორ გაგითამამებიათ ბავშვები, არაფერი ესმით, აი, შედეგი, ძიძასთან რომ გყავთ მიტოვებული, სახლში გაჩერება არცერთს გინდათ. ქალაქში ბავშვი ისედაც ფუჭდება, თქვენ კიდევ თავიდანვე რყვნით და ათამამებთო“- სახტად ვრჩები ხოლმე, ისეთ რამეებს მეუბნება, თან უფრო იმით სარგებლობს, რომ მარტო დამიგულა ჩემი მეუღლის გარეშე, მასთან ხმას ვერ იღებს და იდიალური დედისა და ბებოს როლს ამოეფარება ხოლმე.

თუ ბავშვებს შემთხვევით რამე გაუტყდათ ან გაფუჭდათ, ნამდვილი ომი მაშინ იწყება.

ჩემმა უფროსმა გოგონამ შემთხვევით ძველი სანაყინე გატეხა, ამ ამბავს ჩემი დედამთილი კი ლამის გადაჰყვა. ამხელა ქალი დაჯდა და ბავშვივით დაიწყო ქვითინი, აღარ ვიცოდი, რა მექნა. ჩემი ქმრის სახსოვარიც დამილეწეს, ძველი ჭურჭელია, ახლა ასეთები აღარც გამოდის, ყველაფერს წამლავენო.

დავამშვიდე, რომ ძველმანების მაღაზიაში მოვუძებნიდი, იმ საღამოსვე დავდე განცხადება სოციალურ ქსელში, იმედია ვინმე გამომეხმაურება, ოღონდ მაგის ყბაში არ ჩავვარდე მეტი არაფერი მინდა.

სახლთან ახლოს, ეზოს წინ, ბავშვები იკრიბებიან და ჩემებიც იქ გარბიან ხოლმე.

მოსაღამოვდება და ჩემი დედამთილი იწყებს ქოთქოთს: „ბავშვს ამ დროს ქუჩაში რა უნდა, პირუტყვმაც იცის, რომ უნდა მობრუნდეს, ესენი სოფლის ბირჟაზე ჩამომდგარან“... და ასე შემდეგ..

დავჯდები და ვფიქრობ, როგორ ვუძლებ, ან რატომ ვიშხამებ ჩემს კუთვნილ შვებულებას, წარმოიდგინეთ, მთელი წელი გადაღლილი, გადამწვარი... ყოველ დღე სამსახური-სახლი, სახლი -სამსახური... მექანიკურად ვაკეთებ უკვე ყველაფერს და ახლა კიდევ ამის ქოთქოთი და კაკანი ისმინე ხმაამოუღებლად.

მასზე გაბრაზებული ისე შევუყვირებ ხოლმე ბავშვებს, მერე ჩემს თავზე მეშლება ნერვები.

იმხელა ნეგატივს აფრქვევს ეს ქალი, დასვენების ნაცვლად სტრესში ვარ.

ჩემზე აღარაფერს ვამბობ, რაც აქ ვართ, ბავშვებისთვის ერთი თბილი სიტყვა ვერ გაიმეტა.

სავარაუდოდ, მეზობლების დასანახად მოგვიწვია სოფელში, რომ სხვას ანახოს, რძალი და შვილიშვილები ჩამოუვიდნენ, თორემ, ერთი სული აქვს, როდის აგვკიდებს გუდა-ნაბადს.“- ნათია, 38 წლის


19489
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (9)
ნანა
1
ვაჰ , დედამთილი აკომენტარებს და აკომენტარებს სხვადასხვა ექაუნთიდან :)))
12:47 / 12-07-2022
მაკა
1
ოხ ეს დედამთილები.... მეც ბევრი მსგავსი დღეები მახსოვს, აკრძალვები, კრიტიკები თუ როგორი უვარგისი შვილები მყავს, და ა.შ. მაინც ყოველ ზაფხულს აუცილებელი იყო ჩემი შვილებიანად იქ ჩასვლა, რათა დავხმარებოდი დედამთილს საქმეებში.
20:43 / 11-07-2022
myquiz
მსგავსი სიახლეები