"სტუმრად აბიტურიენტი ნათესავი ჩამომივიდა სოფლიდან დედასთან ერთად... სახეზე "მეწერა" ჩემი სტუმართმოყვარეობა..."
"სტუმრად აბიტურიენტი ნათესავი ჩამომივიდა სოფლიდან დედასთან ერთად... სახეზე "მეწერა" ჩემი სტუმართმოყვარეობა..."
"რამდენიმე დღის წინ დედაჩემმა მთხოვა, ნათესავის ბავშვი აბიტურიენტია, ქალაქში ჩამოდიან და ძალიან გთხოვ, შენთან დარჩებიან რამდენიმე დღით, არ გამიბრაზდე, უკვე შემითანხმდნენო... ჯერ დედაჩემი გავკიცხე ამ საქციელის გამო, ჩემთან შეუთანხმებლად უცხო ხალხი რომ დამიპატიჟა სახლში.

იმერულ კუდაბზიკობას ხომ ვერ გაექცევი ვერსად, სხვა რა გზა მქონდა, სტუმრები გზაში იყვნენ....

დიდად ვერ ვგიჟდები ამ სოფლის ხალხზე, ფამილარულები არიან, ცხვირს ჰყოფენ ყველაფერში და გიძვრებიან სულში დაუკითხავად, ამის გამო არასდროს მიყვარდა სოფელში დასვენება. ბებოსთანაც ძალით მივყავდი ხოლმე მამაჩემს.

...ჩამოვიდნენ და მოეწყვნენ, დედა
- ნატო, შვილი - პუტკუნა, ლოყებღაჟღაჟა, აბიტურიენტი ნათია.

დედამისი სულ მის ქებაში იყო და ისიც ყელმოღერებული იფერებდა ხოტბას.

„კომპიუტერი მიიღო, მედალი დაიმსახურა, ენაცვალოს დედა, ახლა უფასოზე ჩააბარებს, აბა რას იზამს, დღეს და ღამეს ათენებდა, მოუკვდეს დედა, ფერი აქვს დაკარგულიო’’, - ვიჯექი და ნაძალადევად ვუღიმოდი.

დედაჩემმა რამდენჯერმე დარეკა, ბოდიში მოუხადა ნატოს, დღეს ვერ გესტუმრებით, შვილიშვილები მყავს დატოვებული, ხვალ კი აუცილებლად გამოვირბენო, თან ჩუმად მარიგებდა, შენებურად ნუ ჩამოუშვებ ცხვირს, ჩვენებურები არიან და მიხედეო... ვერ ვიტან, ჭკუას რომ მარიგებენ, როგორ მოვიქცე. თან ამ სიტუაციით სულაც არ ვიყავი მოხიბლული, ჯავრი დედაჩემზე ვიყარე ტელფონში, რას მეტყოდა, კარგად იცის ჩემი ხასიათი, შემატოვა უცხო ხალხი და თვითონ გამოსვლაც არ იკადრა, თან ვფრთხილობდი, ჩემი საუბარი სტუმრებს არ მოესმინათ, ისედაც სახეზე "მეწერა" ჩემი სტუმართმოყვარეობა...

...ნატო განუწყვეტლივ ქაქანებდა. ყვებოდა სოფლის ამბებს: ამ მთისას, იმ მთისას, დროდადრო სამზარეულოში დარბოდა, სადაც ისეთი ამბავი მოაწყო, კარგ რესტორანს შეშურდებოდა. გულწრფელი რომ ვიყო, ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, არასდროს ვამზადებ სახლში საჭმელს, დიდად არც ვიცი და არც მეხერხება, ჩემი ნახევარფაბრიკატების გამო ნატომ კარგად მიმტუქსა, დაახვავა საოცარი ნამზადი, იმერულ ხაჭაპურებს ძალით მაჭმევდა. ბოლოს, ეტყობა შემეტყო, რომ სუნთქვა მართლა აღარ შემეძლო და მორიდების გამო არ ვუარობდი მე-5 ნაჭერს.

სამსახურში პრეზენტაციისთვის ვემზადებოდი. ნათიამ ადრე დაიძინა, დილით ჰქონდა გამოცდა, როგორც ჩანს, მართლა ძალიან ნერვიულობდა, ნატოს ფეხის ხმა გვიანობამდე ისმოდა...

დილით მაღვიძარამ ჩვეულ დროს გამაღვიძა, ნატო და ნათია უკვე წასულიყვნენ.

მანამდე ნატოს სახლის მიწკრიალება მოესწრო...

სამზარეულოში დამხვდა ფინჯანი ყავით და ჯერ კიდევ ცხელი ღვეზელები, პატარა ფურცელზე მინაწერი: "კარგ დღეს გისურვებ, ნათია და ნატო", - გულში თითქოს რაღაც ჩამწყდა, ყელში ბურთი გამეჩხირა, ჩემი თავის საშინლად შემრცხვა, ალბათ დიდი ხანია ჩემს "კარგ დღეზე" არავინ ზრუნავს.

მივხვდი, რომ ვცდები, ძალიან ვცდები... სწორედ ეს მომწონს სოფლის ხალხის - ფამილარობა, უკითხავად სულში ჩაძვრომა და გულში ფეხის მოკიდება...

ვიგრძენი, რომ ჩემში რაღაც შეიცვალა, ეს უცხო ხალხი თავიანთი გადამეტებული ზრუნვითა და ყურადღებით, ყველაზე ახლობლებლად იქცნენ სულ რამდენიმე საათში... მივხვდი, რა მაკლია ყველაზე მეტად ამ ცხოვრებაში და ჩემი თავი გულწრფელად შემეცოდა... გავიფიქრე, რა კარგია, რომ ნათიას გამოცდები ჯერ კიდევ გრძელდება, შანსი მაქვს, ჩემი შეცდომა გამოვასწორო..."

73868
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (22)
თბილისელი
0
თბილისელი ვარ, ნაქირავებში ვცხოვრობ, არსად არაფერი არ მაქვს. ბინის პატრონი სოფლელია, გასაქირავებლად იყიდა ბინა. მეზობლები სულ სოფლიდან ჩამოსულები არიან. ბინები იყიდეს თბილისში. სოფელში სახლებიც აქვთ და მიწაც. ის სხვა დრო იყო, სოფლელი თბილისში ბინას ვერ იყიდიდა. ჩაწერის ინსტიტუტი მოქმედებდა. ამიტომაც ნათესავებთან ჩადიოდნენ. ახლა უმეტესობას თავისი ბინა აქვს.
16:16 / 02-08-2022
ზაზას
7
დედაშენი საკუთარი ნება-სურვილით მოქმედებდა და როგორც ჩანს, არავინ ავალდებულებდა აღნიშნულ ქმედებას, რაც დიდად განსხვავდება ფაქტისგან - თავზე რომ დაგადგება ისეთი ხალხი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელაც არ გინახავს და გავალდებულებს, შენს ბინაში, სადაც თავადაც გაჭირვებით ეტევი, თვეობით მიიღო, მაგას უსინდისობა ჰქვია! მაგრამ როგორც ჩანს, შენ ვერ არჩევ შავსა და თეთრს.. ხოდა, ყველა შეუგნებელ ადამიანს "მოვიკითხავ ტკბილად", ვისაც სხვისი მდგომარეობა არ ანაღვლებს, ოღონდ თავად მიაღწიოს საწადელს! მადლობა ღმერთს, ეგეთი ხალხის ვიზიტები წარსულში დარჩა...
14:37 / 22-07-2022
myquiz
მსგავსი სიახლეები