"რად გინდა ძიძა... დაბადების დღის გადახდა რა საჭიროა ამ ასაკში, გგონია, დაამახსოვრდება?" - გაეცალეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენზე ტოქსიკურად მოქმედებენ
"რად გინდა ძიძა... დაბადების დღის გადახდა რა საჭიროა ამ ასაკში, გგონია, დაამახსოვრდება?" - გაეცალეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენზე ტოქსიკურად მოქმედებენ


ჩვენი ერთგული მკითხველის წერილებს ხშირად გთავაზობთ. ამჯერად ახალგაზრდა ქალი გვწერს, რომელიც თავისი ცხოვრების ერთ-ერთ ეპიზოდზე გვიყვება და გამოცდილებას გვიზიარებს. ანონიმურობა დაცულია :
“მოგესaლმებით, თქვენი საიტის ერთგული მკითხველი და გულშემატკივარი გწერთ. მინდა ჩემი წერილით ხმა იმ ახალგაზრდა დედებსა და ქალებს მივაწვდინო, ვინც ახლა ფსიქოლოგიური, თუ ფიზიკური წნეხის ქვეშ არის, ჩემი გამოცდილება გავუზიარო და გავამხნევო.

მე და ჩემი მეუღლე ადრეულ ასაკში დავქორწინდით. ცალკე ვცხოვრობდით, თავქარიანი ახალგაზრდებივით მშობლების დახმარებაზე უარი ვთქვით, დამოუკიდებლობა გვინდოდა.

სამი შვილი მიყოლებით გავაჩინე. რადგან დამხმარე არ მყავდა, სამსახურისათვის თავის
დანებება მომიწია.

ვისაც გამოუცდია, დამეთანხმება,
რომ ქალი ყველაზე სუსტია, როდესაც საკუთარი ფინანსების გარეშე რჩება,მითუმეტეს, მაშინ, როცა ისედაც ყველა თეთრის გათვლა და განაწილება გიწევს პატარების გამო, ათასი ხარჯია, აღარ დავწვრილმანდები, თან სხვის კმაყოფაზე ყოფნაც არ გინდა.

გულწრფელად გეტყვით, იყო პერიოდი, როცა სარკეში ჩახედვისაც კი მეშინოდა, მოუწესრიგებელი და მოუვლელი, ჩემთვის უცხო ადამიანი მიცქერდა იქიდან. ტანსაცმლის ფული რომ არ მქონდა, ჩემი მეგობრების გამონაცვალი მეცვა. ფსიქოლოგიურად ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა. გაღიზიანებული ვიყავი, ცუდი ფიქრები დამჩემდა, სტრესი, მეუღლესთან მუდმივი კამათი კიდევ უფრო ამძიმებდა სიტუაციას.

როდესაც ყველასთვის შესამჩნევი გახდა ჩვენი ურთიერთობა, მეუღლის მშობლებმა მათთან გადასვლა შემოგვთავაზეს.

კუდაბზიკობას თავი დავანებეთ და დავთანხმდით. ორივე ვხვდებოდით, რომ ბეწვის ხიდზე გადიოდა ჩვენი ურთიერთობა.

ვერ ვიქნები უმადური, გადასვლის შემდეგ ცოტა ამოვისუნთქეთ, საჭმელი, სამელი, კომუნალურები აღარ იყო ჩვენი საზრუნავი, დაუყვედრებელ ლუკმას ვჭამდით, მაგრამ თავს მაინც ზედმეტად ვგრძნობდი.

ძალიან მინდოდა სამსახურის დაწყება, გარეთ გასვლა, ხალხთან ურთიერთობა და ჩემი საქმის ქონა... ხელი არ შემიწყვეს.


მიუხედავად იმისა, რომ ქმრის ოჯახი შეძლებულად ითვლებოდა, ჩემი ყველანაირი სურვილი, რომელიც ფინანსებამდე მიდიოდა იყო "ჩვეულებრივი ახირება" და ამას ყოველთვის ხმამაღლა აღნიშნავდნენ ქმრის მშობლები.

"რად გინდა ძიძა, სახლში ხარ, ვერ გაზრდი?"
"რად უნდა ბავშვს წრეებზე სიარული, პატარაა, ჯერ სახლში ამეცადინე".
"ამდენ ტანსქცმელს რომ ყიდულობ, რაში ჭირდებათ? ბიძაშვილების გამონაცვალი გვეცვა სამ დედმამიშვილს, ჩვენ ვერ გავიზარდეთ?! მაინც ყველაფერს ალაქავებენ და ხევენ, ტყუილად ფულს რატომ ხარჯავ?!"

"დაბადების დღის გადახდა ნეტავ რა საჭიროა ამ ასაკში, გგონია, დაამახსოვრდება ?! "...

ჩემი ქმარიც მათ ჰგავს, მხოლოდ საკუთარი თავის სიამოვნებისთვის ემეტება ყველაფერი, ამიტომ ეს მისთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ვერც გავაგებინებდი, რაიმეს ახსნა რომც მეცადა, ყველაფერი ისევ ჩხუბით დამთავრდებოდა.

ერთ მშვენიერ დღეს ჩემს თავს ვუთხარი, რომ თუ ასე ჩუმად, მორჩილად გავაგრძელებდი ყოფნას, ძალიან მალე გული გამისკდებოდა. შვილებთან თამაშის, ზღაპრების კითხვისა და მოფერების ხალისიც რომ აღარ მქონდა, მივხვდი, უნდა გავცლოდი ასეთ ყოფას. აუცილებლად ცალკე და დამოუკიდებლად უნდა მეცხოვრა, ჩემი თავისა და შვილების კეთილდღეობისათვის.

სუსტი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ დიდხანს ვგეგმავდი, როგორ დემონსტრაციულად დავტოვებდი ქმრის სახლს, მაინც ჩუმად ჩავალაგე ბარგი და როცა ყველა სამსახურში წავიდა ჩვენც წამოვედით. ფსიქოლოგიური ტერირი დასრულდა. ახლა ვმუშაობ, ჯერ ისევ მშობლების სახლში ვცხოვრობ, თუმცა მალე ჩვენი ბინაც გვექნება ჩემი შრომით. დავრწმუნდი, რომ შეუძლებელი არაფერია, როცა მოინდომებ.

ჩემი ქმარი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ მე ვართულებ ყველაფერს, რომ უმჯობესია "გონს მოვეგო" და ყველაფერი ძველ ადგილას დაბრუნდეს, თუმცა მორჩა, იგივე შეცდომას აღარ დავუშვებ!

ახლა ვიწყებ ნულიდან, თუმცა მოტივირებული ვარ და ვიცი, რომ ყველაფერს შევძლებ ჩემი შვილებისათვის.

საკუთარ თავში უდიდესი ძალა ვიპოვე. არავის მისცეთ უფლება ფსიქოლოგიური ტერორი მოგიწყოთ. ირწმუნეთ საკუთარი თავის და გაეცალეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენზე ტოქსიკურად და დამრთგუნველად მოქმედებენ!“

7614
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
მარი
1
ყველაფერი დაიწყო იმით,რომ ბავშვურ ასაკში გინდოდა კაცი და ამიტომაც გათხოვდი
09:47 / 10-08-2022
giorgi
1
აი ასეთი იდიოტიზმით უჭედავენ თავებს ახალგაზრდებს და ამიტომაც ენგრევათ ოჯახები!!!
08:02 / 09-08-2022
myquiz
მსგავსი სიახლეები