სკოლის დამთავრების შემდეგ ქალაქში გადავედი სასწავლებლად. პირვე კურსზე გავიცანი ბიჭი, რომელიც სულ ჩემს სიახლოვეს ტრიალებდა, სადაც არ უნდა წავსულიყავი „შემთხვევით“ ისიც იქ გაჩნდებოდა ხოლმე, დროთა განმავლობაში მეც გრძნობები გამიჩნდა, ოჯახი მალე შევქმენით. რადგან ჩემი მეუღლეც რაიონიდან იყო და ქალაქში ორივე ქირით ვიყავით სასწავლებლად, დროებით მისმა ნათესავმა დაგვითმო ბინა. თანაცხოვრების დაწყებიდან ჩვენს შორის მალევე შეიცვალა ყველაფერი და დაიწყო კრიზისული პერიოდი ურთიერთობაში. ალბათ ორივემ ძალიან ვიჩქარეთ. ფინანსური დამოუკიდებლობა ვარჩიე, ამიტომ მუშაობა დავიწყე უბნის მარკეტში. უნივერსიტეტის გადასახადსაც ვფარავდი და ჩემი სამყოფიც მქონდა, თუმცა ძალიან გამიჭირდა ფიზიკურად: სწავლა, მუშაობა, დატვირთული გრაფიკი, თავს ხშირად შეუძლოდ ვგრძნობდი, ამას ისიც დაემატა, რომ დავორსულდი. დედაჩემს, როგორც შეეძლო, მეხმარებოდა, მაგრამ მე უკვე ფიზიკურად ვეღარ ვუძლებდი დატვირთვას. სამსახურდან წასვლა რომ გადავწყვიტე, ჩემმა ქმარმა გამომიცხადა, რადგან დიპლომი არ მაქვს, ნორმალურ სამსახურს ვერ ვიშოვი, შენსავით კონსულტანტად ვერ დავდგები მაღაზიაში, ორივეს სწავლის საფასურს კი ვერ დაფარავენ ჩემები, მუშაობას თუ აღარ აპირებ, სტუდენტის სტატუსიც შეიჩერე და ბავშვი რომ დაიბადება, მერე გააგრძელეო. ხშირაად ვჩხუბობდით ამ თემაზეც, ბოლოს იძულებული გავხდი სტატუსი შემეჩერებინა. დედაჩემსაც არ შეძლო ჩემი ფინანსური დახმარება და ვერც ვერავის დავავლდებულებდი. სოფელში დაბრუნება გადავწყვიტე, არც ჩემი ქმრის დანახვა მინდოდა და აღარც მისი ოჯახის წევრების, რომელთაც ერთხელაც არ მოვუკითხივარ ამ ხნის მანძილზე, რაც გაიგეს, რომ ორსულად ვარ. ჩემი დედამთილი მხოლოდ მაშინ რეკავდა ჩემთან, როცა ჩემს ქმარს ვერ დაუკავშირდებოდა, და ისე, სხვათა შორის, ზრდილობის გულისთვის, გამომკითხავდა ხოლმე, როგორ ვიყავი. ჩავალაგე ბარგი და წავედი დედაჩემთან. მოგეხსენებათ, რა საზოგადობაშიც ვცხოვრობთ, ახალგაზრდა გოგო, ორსული, ქმრის გარეშე დაბრუნდა მშობლების სახლში...- აქ უკვე ყველამ ყველაფერი იცის, ახსნა-განმარტება არ დამჭირვებია „გულშემატკივარ“ მეზობლებთან, მაგრამ დედაჩემი რატომღაც მათთან თავის მართლებას ცდილობს. ვგრძნობ, რომ უხერხულშია ჩემს გამო. რა თქმა უნდა, არც ერთ დედას არ უხარია, როდესაც შვილს ოჯახი ენგრევა, მაგრამ ყველას ხომ არ უმართლებს? არის ცხოვრებაში მომენტები, როდესაც უსიტყვოდ სჭირდება ადამიანს თანადგომა, მით უმეტეს, როდესაც დედა ხარ და შვილს ეხება საქმე, მე ასე მესმის. არასოდეს, არც პირდაპირ და არც ირიბად, ჩემს სისხლსა და ხორცს, როგორიც არ უნდა იყოს ის, ზურგს არ შევაქცევ. დედა ხშირად ცდილობს ჩემი ქმრის გამართლებას, რომ თურმე „ახალგაზრდაა, შეეშინდა პასუხისმგებლობის აღების და უნდა ვაცადო, რომ „დაღვინდეს“... ქალმა მეტი უნდა მოითმინოს, თვითონაც ხომ ბევრს ითმენდა ჩემი გულისთვის?! რომ სწავლა არსად გამექცევა და ახლა ქმარსა და შვილს უნდა მივხედო. თურმე ბავშვის გაზრდა მარტოს გამიჭირდება და მამის გარეშე ბავშვი დაიჩაგრება“... თითქოს რცხვენია ჩემი. ყური მოვკარი, როგორ უქარწყლებდა ჭორებს დილით ყავაზე შემოსულ მეზობელს, რომ ქმარს კი არ გავშორდი, დედასთან ვარ დროებით, რადგან მისი დახმარება მჭირდება, თურმე ჩემი ქმარი მუშაობს და დრო არ აქვს, რომ ჩამომაკითხოს, ლამის ცრემლებმა დამახრჩო. ხანდახან ჩემი თავის მიკვირს, როგორ ვუძლებ ამ წნეხს, იმაზე ძლიერი გამოვდექი, ვიდრე მეგონა, თითქოს მთელმა სამყარომ ზურგი მაქცია. საკუთარ დედას ჩემი არსებობა ეთაკილება, ქმარმა კი ჩემი სახით ტვირთი მოიხსნა მხრებიდან. მაგრამ არასდროს არ ვაპირებ დაცემას, იმ პატარა ნათელი წერტილისთვის, რომელიც განგებამ მაჩუქა, ყველაფრის და ყველას წინააღმდეგ ღირს ბრძოლა! მე არ ვარ პირველი მარტოხელა დედა და ქალი. დავუმტკიცებ ყველას, პირველ რიგში კი საკუთარ თავს, რომ მე ეს შემიძლია!