უკვე რამდენიმე კვირაა, ეს ფიქრები მოსვენებას არ მაძლევს, ვერაფერზე ვახდენ კონცენტრაციას, გამუდმებით ერთსა და იმავეზე ვფიქრობ - ღალატობს? თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს საუკეთესო მეგობარს ქმარი ღალატობს, არ ვიცი ეს როგორ უნდა ვუთხრა, ან უნდა ვუთხრა თუ არა საერთოდ. ყველაფერი დაახლოებით 1 თვის წინ დაიწყო, გოგოები კაფეში დავსხედით საღამოს. ცოტახანში შევამჩნიე, რომ ჩემი მეგობრის ქმარი უცხო ქალთან ერთად შემოვიდა. ჩვენს ახლოს, მაგიდასთან დასხდნენ, ეს ნამდვილად არ ჰგავდა ფორმალურ (სამსახურეობრივ) ვახშამს, ცეკვავდნენ ერთობოდნენ... ვერ მამჩნევდა, ავდექი და პირდაპირ მივედი. საქციელი დაეკარგა, უცხო ქალი მხოლოდ სახელით გამაცნო და მე თავის „ახლობლად“ წარმადგინა. მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებოთ 10-15 წუთი „საომრად“ ვემზადებოდი, ადგილზე მისული გავქვავდი და ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე. ჩემს თავზე საშინლად ვბრაზდები, რაღაც რომ მოხდება, მერე ვალაგებ გონებაში ეს ასე უნდა მეთქვა, ასე უნდა მოვქცეუილყავი, ზუსტად იმ მომენტში კი, როცა საჭიროა მოქმედება, ან რამის თქმა ძალიან ვიბნევი. ჩემმა მეგობრის ქმარმაც ისე „ოსტატურად მომიშორა“ გააზრება ვერც მოვასწარი, დავემშვიდობე და გავშორდი მათ მაგიდას, თვითონაც მალევე წავიდნენ. მთელი საღამო ხომ მომეშხამა, მას შემდეგ კი სულ ამაზე მეფიქრება, რასაც არ უნდა ვაკეთებდე. ჩემს ქმარს გვანდე ჩემი საიდუმლო და არ ჩაერიო, სხვის ცხოვრებაში ცხვირს ნუ ჩაყოფ, თვითონ იციან თვისი საქმისო, არადა ჩემს მეგობარს რომ ვხვდები, თვალებში ვეღარ ვუყურებ. ასე მგონია, რომ ვღალატობ. თვითონ რომ რამეს ამჩნევდეს, დარწმუნებული ვარ, არ დამიმალავდა და მეტყოდა, რამე ოდნავი ეჭვიც რომ ჰქონდეს ქმარზე. როგორც ჩანს კაგრგად ინიღბება. ისე ძალიან მკაცრი ქმარია, ეჭვიანი. გოგოები გვიან თუ სადმე ვიკრიბებით ჩემი მეგობარი არასდროს მოდის, არ უყვარს ვაჟბატონს თურმე, როცა ცოლი გვიან გადის სახლიდან. ყველაფერში ზღუდავს ჩაცმა, წასვლა, გართობა - ყველაფერი მის კონტროლს ექვემდებარება. ცოტა არ იყოს და მეც კი რაღაცნაირად შიში და რიდი მაქვს ამ ბიჭის და სულ ვერიდები. გასულ წელს, ჩემს დაბადების დღეზე ბარში ცოტა შეგვაგვიანდა, ჯერ ყველა ცეცხლზე ვიჯექით, იმიტომ, რომ ვიცოდით, ჩემს მეგობარს სახლში მისულს, რაც ელოდა. მარტო არ გავუშვით და გავყევით. არც ჩვენ მოგვერიდა, ისე უხეშად მოექცა, ცრემლები ვერ შევიკავე. არც დაბადების დღე მომილოცა, მაგას ვინღა ჩიოდა ან ვის სჭირდებოდა მაგის მილოცვა. უხეში და რაღაცნაირი მოურიდებელი ბიჭია, ერთად თუ სადმე მივდივართ, დაძაბულები ვართ ყველანი, არც იუმორი ესმის, არც გართობა არაფერი, ჩემი მეგობრის ხათრით ვუძლებთ, რასაც ქვია. თუმცა იმ საღმოს ზედმეტად გალაღებულიც კი მომეჩვენა იმ ქალბატონთან ერთად, ნამდვილად არ ჰგავდა ჩემს ნაცნობ „უჟმურს“. ისე მინდა მივახალო სახეში მასზე რასაც ვფიქრობ, მაგრამ ჩემს მეგობარს რა ვუყო, არ ვიცი, არც ის ვიცი, ჩემი ეს ნაბიჯი შემდეგში რას გამოიწვევს. ჩემი მეგობარი არ მუშაობს, მთლიანად ქმარზე და მის შემოსავალზეა დამოკიდებული. სამი შვილი ჰყავთ: ორი ბიჭი და ერთი პატარა გოგონა. ბავშვებზეც მეფიქრება, ჩემი ენით უარესი არ გავაკეთო თქო. ისე, ერთადერთი, რაც გულწრფელად შემიძლია ვთქვა, არაჩვეულებრივი მამაა. თან ჰყვება ბავშვებს: სკოლა, ბაღი, წრეები, ჩაცმა-დახურვა, ჩემს მეგობარს არ აქვს პრობლემა მათ უზრუნველყოფაში, მაგაში ნამდვილად დიდი პლიუსი აქვს. ჩემი ქმრის გარდა ეს ამბავი არავისთვის მითქვამს, არადა ვერც ვისვენებ, თითქოს შიგნიდან მჭამს რაღაც, არც ის მინდა, რომ ჩემი ნათქვამიჩემი მეგობრის ყურამდე სხვის ენით მივიდეს. ამიტომ გწერთ ანონიმურად და ვიცი, რომ თქვენი მეშვეობით ბევრ სასარგებლო რჩევას მივიღებ, მირჩიეთ როგორ მოვიქცე. თქვენ რას იზამდით ჩემს ადგილას?“ ანი, 35 წლის