"როცა გავიგე, ჩემი სიძე და ქალიშვილი საზღვარგარეთ წასვლას გეგმავდნენ, შიშმა შემიპყრო, ჩემი 10 თვის შვილიშვილი მარტოს უნდა გამეზარდა მშობლების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი წლით აპირებდნენ წასვლას, ეს დრო მაინც საუკუნედ მეჩვენებოდა, მაგრამ იმ პერიოდში ისე გვიჭირდა, ჩემი სიძის ნერვიულობა გულს მიკლავდა. სად აღარ სცადა მუშაობა, ყველაფერს აკეთებდა ოჯახისთვის, ხან მშენებლობაზე სცადა ბედი, სამშენებლო მასალებს შიშველი ხელებით ეზიდებოდა მაღალ სართულებზე, ხან სად მუშაობდა და ხან- სად, არაფერს თაკილობდა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში მოგეხსენებათ, მშრომელი კაცი არ ფასდება.
წავიდნენ...
ჩემი შვილიშვილი ბუნებრივ კვებაზე იყო და წარმოიდგინეთ, რა მძიმე იქნებოდა დედისთვის მისი დატოვება, მკერდიდან მოგლეჯა, ან რომელი დედისთვისაა შვილის დატოვება ადვილი, მაგრამ ხანდახან ცხოვრება ასეც მოაწყობს ხოლმე.. დავრჩით მე და ჩემი ბიჭი მარტო. თავიდან ღამეებს ვათენებდით. მასთან ერთად მეც ვტიროდი უმწეობისგან, დედამისს კი ვეუბნებოდი, რომ მშვიდად გვეძინა. პირველი ეტაპი როგორც იქნა გადავლახეთ. პატარა მიეჩვია რძის გარეშე კვებას და ისევე რთულად აღარ მეჩვენებოდა ყველაფერი, როგორც პირველ დღეებში. ჩემი შვილისა და სიძის "ნახევარი წელი" ერთი წელი ისე გახდა, ჩამოსვლა ვეღარ მოახერხეს. თავიდან გაუჭირდათ, ენის ბარიერის გამო სამსახურის შოვნა ასე ადვილი არ არის. შორიდან ყველაფერი სხვაგვარად ჩანს, მაგრამ მარტო ემიგრანტების ოჯახის წევრებმა ვიცით, რა ტანჯვას გადიან ისინი იქ. საბოლოოდ, როგორც იქნა, ორივემ დაიწყო მუშაობა, ასე თუ ისე აეწყვნენ და როგორც ხდება ხოლმე, „შემორჩნენ“. ამასობაში მე და ჩემმა ბიჭმა ერთად პირველი ნაბიჯები გადავდგით, დავიწყეთ ტიტინი, სამყაროს შეცნობა. ეს იყო ნამდვილი სასწაული, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილი მარტომ გავზარდე, შვილიშვილი სულ სხვა სიყვარული და ბედნიერება ყოფილა. წლები ისე მალე იპარებოდნენ.. ბაღის დრო მოვიდა, შემდეგ სკოლა. მშობელთა კრებებზე რომ მივდიოდი, ბავშვები აყიჟინდებოდნენ ხოლმე დაჩის "ბებო-დედა" მოვიდაო. ყველგან ერთად დავდიოდით, სკოლაში, ცეკვაზე, მეგობრების დაბადების დღეებზე. „დედა-შვილობა ინტერნეტით“, სათქმელადაც როგორი მძიმეა, მაგრამ ხომ იცით, როგორია ემიგრანტის შვილების სამწუხარო რეალობა. ჩემი შვილიშვილისთვის ეს იმდენად ბუნებრივი და ორგანული იყო არასოდეს არ გაუპროტესტებია, არც უკითხავს, რატომ იყვნენ დედა და მამა ასე შორს. მიჩვეული იყო, რომ დედის ნაცვლად ჰყავდა "ბებო-დედა". გაფრინდნენ წლები და გაჰყვა ჩემი ჯანმრთელობაც. ასაკი მომემატა, ასეა მოწყობილი ცხოვრება, ძველებურად ძალ-ღონეც აღარ მერჩის. ვთხოვდი, რომ ჩამოსულიყვნენ. ასეა, თუ ისე ახლა ბევრად გაუმჯობესდა ჩვენი საარსებო პირობები. უცხო ენა კარგად იციან, იქ თავიანთი ბიზნესი აქვთ, ქართულ საცხობს ამუშავებენ. აქაც შეეძლოთ დაგროვებული კაპიტალით საქმის დაწყება, მაგრამ არ მოისურვეს. ახალგაზრდები არიან, ასე ურჩევნიათ. სადაც ბედნიერები, იქნებიან იქ იყვნენ, მაგრამ უფლის გარდა არავინ იცის ჩემს გულში რა ხდება. ორი თვის წინ ჩემმა ქალიშვილმა მითხრა, რომ დაჩი უნდა წაიყვანოს თავისთან... პირვანდელი შიში გამიორმაგდა, წლების წინ განცდილი ემოციები გამიახლდა, მაგრამ უფრო მტკივნეულად... უკვე ერთი თვეა მარტო ვარ, წაიყვანეს ჩემი თვალის სინათლე. ჩვილი მომაბარეს და უკვე გაზრდილსა და ფეხზე დაყენებულს დამაშორეს. მასაც ძალიან გაუჭირდა, გარემოს, მეგობრების, ყველაფრის მიტოვება და ნულიდან დაწყება, ბოლოს და ბოლოს მშობლებიც კი თავიდან უნდა გაიცნოს. უკვე მეორედ დავრჩი ასე უმწეოდ, მაგრამ პირვანდელთან შედარებით, ახლა ყველაფერი უფრო რთულია ჩემთვის. თავიდან რამდენიმე დღე ბავშვის ტანსაცმლით ხელში ვიძინებდი, ისე მენატრებოდა მისი სუნი. ბოლოს მივხვდი, რომ ასე უფრო ვიტანჯებოდი. ავდექი, შევაგროვე მისი ნივთები და ეკლესიაში მივიტანე გაჭირვებულებისათვის. ყოველ დღე მირეკავს, ან მე რა მომასვენებს მისი ხმის გარეშე, მეუბნება რომ მალე ჩამოვა, მაგრამ ჩემზე კარგად ვინ იცის, რომ ეს "მალე" დიდხანს არ დადგება... ან მოვესწრები კი?!" ირა, 62 წლის