„მეგობრებთან და ახლობლებთან ყველაფერს ვერ მოყვები. ხდება ხოლმე ისეთი რამეებიც, რისი გამჟღავნებაც არ გინდა ახლო წრეში, მაგრამ გჭირდება, რომ ვინმეს გული გადაუშალო, რჩევა მოისმინო. მადლობა თქვენ, რომ ჩემნაირ ადამიანებს, თქვენი რუბრიკის მეშვეობით, ამის საშუალებას აძლევთ.
როცა გავთხოვდი და ჩემი ქმრის სახლში გადმოვედი საცხოვრებლად, მაშინ ჩემი მაზლი და რძალი ჯერ კიდევ ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ. საერთოდ, ჩემდა სამწუხაროდ, ადამიანებში ყოველთვიც ვცდები. ჩემი ბრალია, ზედმეტად კარგ წარმოდგენას ვიქმნი ხოლმე მათზე და წინასწარი განწყობებები რომ აღარ მართლდება, გული მიცრუვდება, ეს ჩემი სუსტი მხარეა, ვაღიარებ.
გავგიჟდი და გავაღმერთე ჩემი რძალი, ყველასთან ვყვებოდი, როგორ გამიმართლა. თუ სადმე წავიდოდით მე და ჩემი მეუღლე, ჩემს რძალსაც და მაზლისშვილსაც ყველგან დავატარებდი. ჩემი რძალი არ მუშაობდა და რაღაცნაირად მეცოდებოდა, სახლში რომ იჯდა. ხელფასს ავიღებდი და ხან რას ვყიდულობდი მისთვის და ხან - რას. ახალ სახლშიც რომ გადავიდნენ, ჩემს მეუღლეს შევუჩნდი, ფული ვაჩუქოთ საოჯახო ნივთებისთვის-თქო, არც ჩვენ გადაგვდიოდა თავზე, მაგრამ რაღაცნაირად ამ გოგოსთვის ყველაფერი მემეტებოდა უანგაროდ. ეს ჩვენი "სიამტკბილობა" 2 წელი გაგრძელდა.
უსიამოვნებების სერიები დაიწყო მაშინ, როცა დავორსულდი. ჩემი მდგომარეობა ოჯახის წევრებს რომ ვახარე, ჩემს რძალს სახე შეეცვალა, შევატყვე, რომ ძალიან არ ესიამოვნა, მაგრამ ისევ ჩემს თავს დავაბრალე, ჩავთვალე, რომ მომეჩვენა. მალევე დამეწყო მწვავე ტოქსიკოზი. თითქმის ყველაფრის სუნი ცუდად მხდიდა, ვახელდი თვალს და ვტიროდი, წამოდგომა და ცუდად გახდომა ერთი იყო. ჩემი დედამთილი საჭმლის მომზადებას დილით ადრე იწყებდა და მთელს სახლში ტრიალებდა კერძის სუნი, არც ფანჯრების გაღება, არც განიავება, არაფერი მშველოდა. ჩემს რძალს თვითონ ჰქონდა მოყოლილი თავისი ორსულობის შესახებ, მას უკვე გავლილი ჰქონდა ეს გზა, რასაც მე გავდიოდი, მაგრამ ამის ფონზე ისე იქცეოდა, ვერ ვიჯერებდი მის ასეთ ცვლილებას. ბავშვის სკოლას და დროის უქონლობას იმიზეზებდა და რადგან ახლოს ცხოვრობენ, ბროდუქტები კერძის მოსამზადებლად დედამთილთან გადმოჰქონდა, თან ვითომ ძალიან უხერხულობდა, ბოდიშს მიხდიდა, უი, ალბათ გაწუხებს ამის სუნიო.
პირველ თვეებში სულ მეძინებოდა, ყველა გზას და ღონეს ხმარობდა რომ დისკომფორტი შეექმნა ჩემთვის. რამდენჯერ ჩაძინებულზე ბავშვი შემოუგზვნია, რომ გავეღვიძებინე: „ღამე ხომ უნდა ძილი, დღე რომ სძინავს, დიდხანს უმოძრაოდ ყოფნა ნაყოფისთვის არის ცუდიო“,-ვითომ ჩემზე ზრუნავდა. ჩემი დედამთილიც ისეთი შეხმატკბილებულია მასთან, დღემდე იმის სიტყვა კანონია, შავზე რომ თქვას თეთრიაო, დაუჯერებს.
რატომღაც ყოველთვის მინდოდა, რომ პირველი შვილი ბიჭი ყოფილიყო და ალბათ, რადგან ეს იცოდა, ჩემს გასაღიზიანებლად, ხშირად მეუბნებოდა: "გოგოს მუცელი გაქვს", "წონაში ისე მოიმატე ეგ ნამდვილად გოგოა", "მეც ეგეთი ტოქსიკოზი მქონდა, ბიჭი მეგონა, მაგრამ ხომ ხედავ, გოგოა".. და მსგავსი ფრაზები...
მე-8 თვეში სამსახურიდან რომ წამოვედი და ფინანსურად გამიჭირდა, სწორედ მაშინ ჩემი მეუღლესგან სესხულობდა ფულს და უკან აღარ აბრუნებდა, შენი ძმა გაისტუმრებსო, ეუბნებოდა, მაგრამ იმას არც ოჯახი ედარდება და არც ცოლ-შვილი, აზარტულ თამაშებშია თავიდან ფეხებამდე ჩაფლული და არაფერი აინტერესებს, რა ხდება მის გარშემო.
ჩემი ბიჭი, რომ დაიბადა, რძალმა უარესად გამიმწარა სიცოცხლე. ცდილობდა ყველაფერში ჩარეულიყო, მაგრამ არა პირდაპირი გზით, აქაც ეშმაკობდა. ჩემს დედამთილს გამოუჭედავდა თავს ათასი სისულელით და იმასაც სჯეროდა. შემდეგ მაიძულებდა ისე მოვქცეულიყავი, როგორც მისმა "საყვარელმა რძალმა ურჩია". მაგალითად, ბავშვი რომ ტიროდა და კოლიკით იტანჯებოდა, მაიძულებდნენ, რომ საწოვარა ძალით მიმეცა, თურმე ეს „დააწყნარებდა“. დედამთილს დააჯერა "ახლობელზე" ისტორია, რომლის ბავშვიც "ასე" ტიროდა, თურმე და თავში, რაღაც პრობლემები აღმოაჩნდა და ჯობდა კარგად გადამემოწმებინა, რომ მერე გვიანი არ ყოფილიყო. მასაც ხომ გულს უხეთქავდა და მე ნეგატივით მავსებდა.
თავიდან ვითმინე, მაგრამ მერე რამდენჯერმე დედამთილს „შევუტიე“ და რძალს შევუთვალე, რომ „კეთილი რჩევები“ თავისთვის შეენახა და ჩემთვის თავი დაენებებინა, მის შემდეგ აღარ უხსენებია ასე პირდაპირ. ისე ხშირად აღარ მოდის ჩვენთან, როგორც ადრე, მაგრამ ამ გოგოს უარყოფით აურას დღემდე ვგრძნობ. არ არის ეკლესიური. ჰყავს დედა, რომელიც დაინტერესებულია შავი მაგიით და ამ ქალის მართლა ძალიან მეშინია. დაბადების დღეებზე და დღესასწაულებზე ჩემთვის მოაქვს ხოლმე გაცვეთილი, სხვისი გამოყენებული ნივთები, ეს შეიძლება იყოს სამკაული, ტანსაცმელი, ყველაფერს ვაგროვებ და ვყრი. დედა-შვილმა ახალი წლის წინა დღეებში დაზიანებული, დაბზარული, ჩამოტეხილი, ჭურჭელი გამოგვიგზავნეს, იმ მოტივით, რომ თავად განაახლეს და ძველის გადაყრა დაენანათ. „ძვირფას“ რძალს უყვარს ხოლმე თქმა: „ახალ წელს ახალი ნივთებით უნდა შეხვდეო“ და თავისი გამონაცვალი აქ მოაქვს, რა განზრახვით აკეთებს ამას, ვინ იცის. გამიგია, რომ დაზიანებული ნივთის სახლში გაჩერება არ არის სასურველი. მე ვერაფერს ვამბობ, რადგან ჩემი დედამთილი ამ ყველაფერზე თანახმაა და დიდი სიხარულით ინახავს ყველაფერს. მიუხედავდ იმისა, რომ ჩემს რძალს ვაგრძნობინებ, ჩემგან თავი შორს დაიჭიროს, ყველაფერში გარკვეულია, რას ვჭამთ, რას ვსვამთ, ბავშვი სად მიმყავს, რატომ წავედი, ვისთან ერთად წავედი...-ყველაფერს ჩაუკანკლავს ხოლმე ჩემი დედამთილი, ამ დროს მათზე ერთი სიტყვა არ დასცდება, არც ვკითხულობ, მაგრამ მაინც. როგორ მოვიქცე, როგორ დავიცვა თავი ნეგატიური ადამიანებისგან, არ მინდა მქონდეს ურთიერთობა, მაგრამ ვერც თავიდან ვიშორებ, ოჯახის წევრია, ბოლოს და ბოლოს. რა გავაკეთო, არ ვიცი, იქნებ თქვენ შეძლოთ ჩემი დახმარება და რჩევის მოცემა, ამ იმედით ვწერ წერილს ანონიმურად, მადლობა წინასწარ“. ხათო, 27 წლის