ახლა, როცა წლის ცივ სეზონზე გადავედით, პატარებს შორის სასუნთქი სისტემის ვირუსული დაავადებები შესამჩნევად გახშირდა. რაც უფრო მჭიდრო კონტაქტი აქვთ ბავშვებს ერთმანეთთან, მით უფრო მაღალია დაავადების გადაცემის რისკი. ბუნებრივია, რომ ბაღის ასაკის პატარებში ავადობის სიხშირე უფრო მაღალია, რადგან ბაღში ბავშვებს უწევთ დიდხანს ერთ სივრცეში ყოფნა. ამ თემასთან დაკავშირებით მივიღეთ ერთ-ერთი მშობლის წერილი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ვირუსების სეზონი დაიწყო და ჩვენც დაგვეტყო. ბავშვებს პირველ კვირას რომ გავუშვებ ბაღში, მეორე კვირას უკვე ავადობენ და ინფექციებს ვებრძვით. მეც ვმუშაობ და მეუღლეც, კაპიკებზე. ჩვენი შემოსავალი წამალზე და საკვებზე ძლივს გვყოფნის თვიდან თვემდე, განსაკუთრებით ცივი სეზონის დასაწყისში, როცა ბავშვები სულ გაციებულები არიან, წამლის გარეშე ხომ ვერ დატოვებ?! საერთოდ რომ არ გავუშვა ბაღში, ასეც არ გამოვა, ისედაც ყველაფერი ჩემი მეუღლის კისერზე გადადის, ფიზიკური დატვირთვით უწევს მუშაობა და ჩემი აღებული კაპიკებით ვცდილობ, შრომა შევუმსუბუქო. რომელ მშობელს უხარია შვილის ავად ყოფნა, მაგრამ ჩემთვის ეს ორმაგად „ტრაგედიაა“. სულ მეშინია, რომ სამსახურიდან არ გამომიშვან ამდენი გაცდენის გამო. ძალიან მერიდება ჩემი თანამშრომლებისაც, რომლებიც ჩემსავით იღებენ ხელფასს და 24/7-ზე მუშაობენ.
ბევრი მშობელი დაატარებს ბავშვს ბაღში, რომელსაც თვალსაჩინოდ გამოხატული სურდო და ხველა აქვს. რამდენიმე დღის წინ, ჩემს თვალწინ დაალევინა დედამ ბავშვს ხველის წამალი და შეუშვა ჯგუფში, თავისი ხომ არ ეცოდებათ და რა თქმა უნდა, არც სხვაზე ფიქრობენ. პანდემიის დროს ძალიან მომწონდა, რომ მკაცრად კონტროლდებოდა ტემპერატურა, ამოწმებდნენ ჰქონდა თუ არა ბავშვს ცხვირიდან ჩამონადენი. განცდა იყო იმისა, რომ ბავშვები დაცულები იყვნენ ინფექციებისა და ვირუსებისაგან. მართლაც, შარშანდელი შემოდგომა-ზამთარი ისე გადავაგორეთ, არ ჰქონდათ გართულებები. ახლა, როცა პანდემია დასრულდა და ძველი წესებიც გაუქმდა, რაც ძალიან დიდ შეცდომად მიმაჩნია, ისევ მშობლების შეგნებასა და კეთილ ნებაზე დავრჩით. ტყუილად მქონდა იმედი, რომ სიტუაცია გამოსწორდებოდა. ერთადერთხელ, სწავლის დაწყებისას, კრებაზე ფორმალურად გვთხოვა ბაღის დირექტორმა, რომ თუ ბავშვს შევამჩნევდით სურდოს, სრულ გამოჯანმრთელებამდე დაგვეტოვებინა სახლში, ეს იყო და ეს. მე ვერ მივუთითებ კონკრეტულ მშობელს, რომელიც ბავშვს კართან წამალს ასმევს, რომ მისი შვილი პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს სხვებისათვის, ეს მასწავლებელმა უნდა გააკეთოს, ხომ ატყობს ბავშვს მდგომარეობას დღის განმავლობაში? მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს და ასეთი ბავშვი არ უნდა დაიშვებოდეს ჯგუფში. მშობლების ჩათში წერდა ჩვენი ერთ-ერთი მშობელი, რომ ბავშვს, რომელსაც წინა დღით სიცხე ჰქონდა, მეორე დღეს ბაღში უშვებდა, რადგან უკვე „კარგად“ იყო, ამასაც მასწავლებლის მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ერთდღიანი და ორდღიანი ვირუსი ხომ არ არსებობს?! დიდი ბოდიში, მაგრამ თუ მშობელს არ აქვს იმის შეგნება, რომ გაციებული ბავშვი, ცხვირზე სისველით არ დატოვოს მის თანატოლებთან, ამას მკაცრად უნდა აკონტროლებდეს დაწესებულება. მითუმეტეს ახლა, როცა სეზონური ვირუსების პიკია, ყველა გაციებულია და ავად არის. ხომ შეიძლება, დატოვო სახლში მანამ, სანამ გამოჯანმრთელდება, თვითონაც ხომ ცოდოა და სხვასაც საფრთხეს უქმნის“.