თვითონ ბავშვია, მაგან შვილი როგორ უნდა გააჩინოს და გაზარდოს 42 წლის ქალის ინტერვიუ, ალბათ, ცოტა შეგაშინებთ და ეცდებით, შვილებს უფრო მეტი დრო დაუთმოთ, რათა ისეთ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ, როგორშიც დღეს ქალბატონი ელენეა.
- გარიგებით გავთხოვდი, მაგრამ რამაზს მალე შევეგუე, ვერ ვიტყვი, რომ შემიყვარდა, მაგრამ მის მიმართ პატივისცემის გრძნობა გამიჩნდა. ჩემზე 12 წლით უფროსი იყო და თავს მევლებოდა. რამდენიმე წელი შვილი არ გვყავდა, ორივე ძალიან ვნერვიულობდით, მაგრამ მკურნალობის შემდეგ სანატრელი გოგონა ნონიკო შეგვეძინა. ახლა ვხვდები, რომ ძალიან ცუდად გავზარდეთ, მაგრამ უკვე გვიანია. მის ყველა ახირებას ვასრულებდით, ღამე მამამისი რამდენჯერ ლოგინიდან ამდგარა, რომ შვილისთვის ჩიპსები ან შოკოლადი ამოეტანა მაღაზიიდან.
- მეორე შვილი არ შეგეძინათ?
- დიახ, შმაგი ახლა 7 წლის მყავს, მაგრამ რაღაცნაირად დაიჩაგრა. ყველას ეგონა, რადგან ბიჭი დაიბადა, ნონიკოს ყურადღება მოაკლდებოდა, მაგრამ პირიქით... შმაგი სამი წლის იყო, როცა ჩემმა მეუღლემ სამუშაოდ გერმანიაში გამგზავრება გადაწყვიტა. გოგონა იზრდება, უნივერსიტეტში სწავლის ფული უნდა შევუგროვო და ცალკე ბინა ვუყიდოო. არ მესიამოვნა, ორი შვილით მარტო ვრჩებოდი, თან მართლა არ გვიჭირდა, ორივე ვმუშაობდით და საშუალოდ ვცხოვრობდით. მეუღლეს წინააღმდეგობა ვერ გავუწიე და ორ თვეში მართლა გერმანიაში წავ-იდა. იქ ვერ აეწყო და საცხოვრებლად შვედეთში გადავიდა. ახლა კარგადაა, ამბობს, რომ ლეგალურად მუშაობს და ყოველთვიურად საკმაოდ სოლიდურ თანხას გვიგზავნის.
- მას შემდეგ არ ჩამოსულა?
- არა, რამდენჯერმე მითხრა, რომ მე ჩავსულიყავი, ოღონდ სანახავად, მაგრამ საელჩომ არ გამიშვა. შემდეგ არალეგალურად ვცადე, მაგრამ შმაგი მარტო ვერ რჩება, როცა გაიგო მივდიოდი, ნერვიულობისგან სიცხე მისცა, ბავშვი კინაღამ მომიკვდა. ისედაც დაიჩაგრა, უმამოდ იზრდება და ვერ მივატოვე.
- ნონიკოს და მამამისს როგორი ურთიერთობა აქვთ?