„უტყდებათ“ ის, რომ, თავიანთი ცხოველის „მოსაქმებული“ პარკში გაახვიონ და ურნაში ჩააგდონ, არადა, ბევრ ევროპულ ქვეყანაში ამაზე ჯარიმაა... ძაღლი რომ ადამიანის მეგობარია, ეს საყოველთაოდ არის ცნობილი. არც მე გახლავართ ძაღლთმოძულე, მაგრამ რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, ჩემი შვილი უფრო მეტად მიყვარს. ალბათ, ბევრი მშობელი დამეთანხმება, როდესაც ქუჩაში, პარკში, ეზოში ბავშვს ასეირნებ, გაათმაგებული ყურადღება გმართებს. უბრალოდ დაყრილ ნაგავზე აღარ ვსაუბრობ, საქმე უფრო სერიოზულ და მასობრივ პრობლემას ეხება. ძაღლების და კატების ფეკალური მასების მასობრიობა უკვე იმდენად შემაწუხებელი და აუტანელია, რომ მალე შესაძლოა ძალიან დიდი ინფექციის ტალღამ იფეთქოს, რომელსაც ვერც „ბ“ ჰეპატიტის ვაქცინა და ვერც საყოველთაო ჯანდაცვა უშველის. შეიძლება ზოოფობობაც დამწამოთ, მაგრამ არ მიმაჩნია სწორად ერთ სივრცეში ბავშვის და ძაღლის სეირნობა იმ პირობებში, როდესაც ძაღლის პატრონმა არ იცის ეთიკის წესები და არ გააჩნია სამოქალაქო თვითშეგნება. „უტყდებათ“ ის, რომ, თავიანთი ცხოველის „მოსაქმებული“ პარკში გაახვიონ და ურნაში ჩააგდონ. ეს რომ პირდაპირ უთხრა, ალბათ იმასაც გეტყვიან, თუ გაწუხებს მიდი და შენი თვითონ აიღეო. არადა, ბევრ ევროპულ ქვეყანაში ამაზე ჯარიმაა - ცხოველების პატრონებს თან დააქვთ სპეციალური პაკეტები და მასში ათავსებენ თავიანთი ცხოველების მოსაქმებულს. ზოგიერთ ქვეყანაში სპეციალური ადგილებიც არის ამისთვის. როგორც ბევრი საკითხი, ჩვენთან ესეც მოუგვარებელია, შესაბამისად, თუ კანონის ან ჯარიმის არ ეშინიათ, თავისით რატომღაც ვერ ხვდებიან ჩვენი მოქალაქეები, რომ მათი ცხოველი მათი ცხოველია და არ ყველასი, და თუ თვითონ გამოჰყავთ გარეთ, რომ სახლში არ მოისაქმონ და იქ არ დასვარონ, დანარჩენებმა, ვინც იმ "გარეთ" არის, რა დააშავეს? მით უმეტეს, ბავშვებმა, რომლებიც ისედაც მინიმუმამდე დაყვანილ პარკებში მინიმალურად სუფთა ჰაერის სასუნთქად გამოუყვანიათ მშობლებს?
ძალიან მაწუხებს, რომ პრობლემა მწვავეა, ეს პრობლემა პირდაპირ უკავშირდება ბავშვების ჯანსაღ გარემოს და ჯანმრთელობას. დროა, ერთად დავფიქრდეთ! იქნებ მეტად გააცნობიერონ ცხოველების პატრონებმა, რომ ეს ელემენტარული კულტურა, ეთიკა და სხვა ადამიანების პატივისცემაა. ცხოველების სეირნობას და მათზე ზრუნვას არავინ აპროტესტებს, ყველას გვიყვარს ცხოველები და პირიქით, მიხარია, რომ პატარამ უყუროს, ბავშვობიდან მიეჩვიოს და ისიც ვიცი, რომ ცხოველთან ურთიერთობა აკეთილშობილებს ადამიანს, თუმცა ყველაფერს ხომ აქვს თავისი წესები და ნორმები? ბავშვებს ხომ პამპერსები აცვიათ, რომ ასე ქუჩა-ქუჩა არ მოისაქმონ და მერე იმ პამპერსებს ნაგავში ვყრით, ცხოველების მფლობელებმაც უნდა ატარონ რაღაც პაკეტები ან ხელსახოცები, რომ აიღონ მოსაქმებული და გადააგდონ. ვიმეორებ, ბევრ ქვეყანაშია ეს აპრობირებული და ახალს არაფერს ვამბობ.
ნათია, 33 წლის.