ცოცხალი შვილის გლოვაში გასული 25 წელი და უმისამართო წერილები ქალისთვის სამშობიარო განყოფილებაში მოხვედრა დიდი ბედნიერების დასაწყისია... ზოგისთვის კი უდიდესი ტკივილისა და ტანჯვის საწყისი - რადგან ჩვილი ან ეღუპებათ, ან ისეც ხდება, რომ თეთრ ხალათში გამოწყობილი დესპოტები დედის კალთას აგლეჯენ და ყიდიან. საბედნიეროდ, დღევანდელ რეალობაში მსგავსი ფაქტები იშვიათად ხდება, მაგრამ წლების წინ, უსულგულო ადამიანებს ეს საქმე სარფიან ბიზნესად მიაჩნდათ, ამ საქმეში კარგად იყვნენ გაწაფულნი და არც ის უჭირდათ, რომ მშობელი შვილის სიკვდილში დაერწმუნებინათ...
28 წლის წინ სწორედ ასეთი ადამიანების მსხვერპლად იქცა ქალბატონი ნათელა ირემაძე, რომელიც საბერძნეთიდან დაგვიკავშირდა და თავისი გულისტკივილი გაგვანდო. ის ამბობს, რომ ექიმებმა მისი გულუბრყვილობით ისარგებლეს და შვილი წაართვეს. ეს ქალბატონი ახლა თავის ვაჟს ეძებს, მისი პოვნის იმედს არ კარგავს და უფრო მეტიც - მას ხშირად სწერს წერილებს, ლექსებს...
"პირველ რიგში, თქვენი ჟურნალის ყველა მკითხველს მივესალმები. თქვენთან ხშირად იბეჭდება იმ ბავშვების წერილები, რომლებიც თავის დროზე მშობელს ხელიდან გამოსტაცეს და გააშვილეს; იმ მშობლების წერილები, რომლებიც თავიანთ შვილებს წლების მანძილზე, უშედეგოდ ეძებენ. ჰოდა, მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. ცხოვრებისგან მწარე გაკვეთილი მივიღე და ახლა ვხვდები, რომ თურმე, ადამიანების გულუბრყვილოდ ნდობა არ შეიძლება.
ამქვეყნად არავითარი ხელწერილი, ჩემ მიერ მესამე შვილის უარყოფის დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს. ის უბრალოდ, მკვდრად გამომიცხადეს და 25 წელი მაგლოვეს ცოცხალი ადამიანი. მესამე წელია, უფლის ნებით, საშინელ საიდუმლოს ფარდა ნელ-ნელა ეხდება და იმედი გამიჩნდა, რომ ის ცოცხალია! მესამე წელია, შვილს ისე ველაპარაკები, როგორც ცოცხალ ადამიანს, რომელსაც უბრალოდ, მანძილის სიშორის გამო ვერ ვხედავ. იმედია, მალე სიმართლე იზეიმებს და მას გულში ჩავიკრავ...
იმედი რამ გამიჩინა? - სიცრუისთვის ახდილმა ფარდამ, წლების შემდეგ გამომზეურებულმა შემაძრწუნებელმა ფაქტებმა, თუ როგორ ყიდდნენ თეთრხალათიანი "მგლები" დედების უჩუმრად ჩვილებს, ჩემს წარსულზე ჩამაფიქრა და მივხვდი, რომ თავის დროზე, მეც მწარედ მომატყუეს... მეორეც: რატომღაც, ყოველთვის ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ბავშვის გვამი, რომელიც მაშინ ექიმებმა მიჩვენეს, ჩემი შვილის არ იყო. გარდა ამისა, ახლა, როცა დეტალებზე ვფიქრობ, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ თეთრხალათიანებმა ჩემი დაბნეულობით ისარგებლეს. და კიდევ, ხშირად მაქვს ე.წ. გამოცხადება. ერთხელ, როცა უკვე დასაძინებლად ვემზადებოდი, ფანჯრიდან ვიღაცამ შემომძახა, ჩემი შვილი რა სახელითა და გვარით უნდა მომეძებნა. მერწმუნეთ, ეს არც სიზმარი იყო და არც გიჟი ვარ, რაიმე რომ მომჩვენებოდა... მართალია, ვერ ვმარხულობ და ეკლესიაში ხშირად სიარულს ვერ ვახერხებ, მაგრამ ღმერთის მწამს, გამუდმებით ვკითხულობ ლოცვებს და დარწმუნებული ვარ, უფალი შვილის პოვნაში დამეხმარება.
ამ გამოცხადების შემდეგ, დავიწყე იმ ადამიანის ძებნა, რომლის სახელიც და გვარიც უკვე ვიცოდი. დარწმუნებული ვარ, ჩემს შვილს ელდარი ჰქვია; გვარიც ვიცი, მაგრამ ახლა შეგნებულად არ გწერთ; არ მინდა, მისი სახელისა და გვარის ჟურნალში ამოკითხვით, მისი აღმზრდელი მშობლები გავაღიზიანო. უკვე ვიცი, რომ ზემო იმერეთის ერთ-ერთ სოფელში მართლაც არსებობს ამ სახელისა და გვარის, სწორედ 1985 წლის სექტემბერში დაბადებული, თანაც - ნაშვილები პიროვნება, მაგრამ მისი აღმზრდელები ამ ამბავს ასაიდუმლოებენ და შვილს არავის აკარებენ...
1985 წლის სექტემბერი იყო. ფეხმძიმედ კი გახლდით, მაგრამ გამოთვლაში რაღაც შემეშალა და მაშინ, როცა მეგონა, რომ 7 თვის ორსული ვიყავი, მშობიარობა დამეწყო. ჭიათურის სამშობიაროს მიმღებში მისულს, რაღაცები კი გამომკითხეს, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, ისტორია არ გამიხსნეს. როგორც ჩანს, წინასწარ განსაზღვრეს, რომ ჩემი მოტყუება შეიძლებოდა; ეტყობა, კლიენტი ჰყავდათ და ჩემი შვილის გაყიდვის იმედი გაუჩნდათ; მე ხომ მეგონა, რომ ნაადრევი მშობიარობა მქონდა...
შემიყვანეს პალატაში, სადაც ჩემ გარდა, რამდენიმე მელოგინეც იყო. იმ დღეს ჩემს თავს კიდევ ერთი საოცრება მოხდა: იმის ნაცვლად, რომ სამშობიარო ბლოკში შევეყვანეთ, პალატაში, სხვა ქალების თვალწინ მამშობიარეს. ისტე-რიკა დამემართა, - რას აკეთებთ-მეთქი? უამრავ კითხვას ვსვამდი, მაგრამ არავინ მპასუხობდა. ბოლოს, როცა ბავშვი გაჩნდა, მისმა ძლიერმა ხმამ გონს მომიყვანა და დავწყნარდი. - ვაიმე, იტირა, რა ძლიერი ბიჭია-მეთქი, - დავილა-პარაკე. - ეს რა ტირილია, ღნავილიაო, - მითხრა ექთანმა უხეშად. მაშინაც კი საიმისოდ ამზადებდნენ ნიადაგს, რომ პატარა მკვდრად გაესაღებინათ... ახლა ვფიქრობ, ნეტავ, მაშინ სახლში მემშობიარა-მეთქი, მაგრამ რა ვიცოდი, ექიმები ასე თუ მომექცეოდნენ?!.
გაგრძელება