სამშობიაროში გატარებულმა სამმა დღემ გამაძლიერა. მითხრეს - რას იზამ, უნდა წაიყვანო, ღმერთმა ასეთი შვილი გარგუნაო... სოციალური ქსელის მეშვეობით ბევრი საოცარი ადამიანი გავიცანი - ძლიერი, უბადლო დედები. ხშირად მიკავშირდებიან უცხო, მაგრამ იმავდროულად, ძალიან ახლობელი ადამიანები. ბევრი მათგანი ახალბედა დედაა. ზოგი რჩევას მთხოვს, ზოგისგან თავად ვღებულობ ძალიან კარგ და ჩემთვის და ნინიკოსთვის აუცილებელ რჩევებს, ზოგი უბრალოდ, თავის პატარას მაცნობს და ნინიკოს ეფერება შორიდან (იხილეთ სტატია ინგა ლოლაძის და მისი პატარის შესახებ).
უამრავი სახის წერილი მომდის, უამრავი. და არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ არც ერთი მათგანი სასოწარკვეთილი დედის მიერ არ არის დაწერილი.
თამუნა ორი დღის წინ დამიკავშირდა. მისი ნებართვით მინდა საზოგადოების ფართო მასებს გავაცნო ორი თვის იოანეს დედიკოს წერილი, რომელიც სითბოთი და შვილის სიყვარულითაა სავსე:
„გამარჯობა, ინგა. დიდხანს ვფიქრობდი, მომეწერა და როგორც იქნა, გავბედე. მეც ორი ანგელოზის დედა ვარ. გაბრიელი სამი წლის მყავს, იოანე - ორი თვის. პატარა სტიგმებით დაიბადა და დაუნის სინდრომი დაუდგინდა, აღარ გავიხსენებ იმ სატანჯველ სამ დღეს, რაც სამშობიაროში გამომატარეს უვიცმა და უტაქტო ექიმებმა... გავიარეთ კონსულტაციები გენეტიკოსთან, კარდიოლოგთან, ნევროპათოლოგთან. იოანე ჯანმრთელია. სინდრომი არის და როგორც მეუბნებიან, მსუბუქი ფორმით. ვიზუალურად დიდად არც ეტყობა ჩემს გოჭს. მე უკვე ვხვდები ამ ბავშვების საოცარ ბუნებას. ვზრდი მას ისე, როგორც ვზრდიდი გაბრიელს... როცა ხელში მყავს, მთელი სხეული მითბება. ძალიან აქტიურია, თვალებით მეფერება და მეუბნება: დედა, მიყვარხარ... უყვარს როცა ვუმღერი და თავზე ხელს ვუსვამ... ინგა, თქვენი უსაყვარლესი ნინიკოს შემყურე გულში იმედი მეღვრება, ვიცი, რომ ყველაფერი კარგად ექნებათ მომავალში და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია ისეთივე ადვილად მოხდება, როგორც ჩვენთვის ერთ დროს...
სამშობიაროში გატარებულმა სამმა დღემ გამაძლიერა. მითხრეს - რას იზამ, უნდა წაიყვანო, ღმერთმა ასეთი შვილი გარგუნაო... და როცა ვიკითხე - როგორი? - პასუხი არავინ გამცა. მაშინ 4 საათის ნაოპერაციები ავდექი საწოლიდან და ხოხვით მივედი ბლოკამდე, სადაც იოანე იყო... ხელში ავიყვანე და ვუთხარი - როგორიც არ უნდა იყო, დედი, მე შენ მიყვარხარ... იქ დავტოვე ცრემლი და სიბრალული. ყველას ვეუბნები, რომ არავინ გაბედოს და იოანეს სიბრალულით არ შეხედოს, თორემ ჩემი ხელით დავახრჩობ... ყველას ვეუბნები, რომ დიახ, მას ერთით მეტი ქრომოსომა აქვს, რომელიც უფალმა აჩუქა... ძალიან უკვირთ, რომ ვერ ამჩნევენ.
ყველა ერთი და იმავე კითხვას სვამს, კი მაგრამ, ორსულობისას გამოკვლევებს არ იტარებდი? ექოზე არ გამოჩნდა? არა, არ გამოჩნდა და რომც გამოჩენილიყო, მერე რა? მე უფლებას მივცემდი, შემეწყვიტა მისი გულისცემა?
როდესაც იოანე ხეშლი მყავს, ხშირად ვფიქრობ, განა შეიძლება, კისრის ნაოჭის გამო მოუსპო პატარას ამქვეყნად მოვლინების შანსი... განა ოდნავ სხვანაირი თვალის ჭრილი გადამწყვეტია, რომ მან საზოგადოებაში ღირსეული ადგილი დაიკავოს! რა თქმა უნდა, არა... ვმადლობდეთ უფალს იმიტომ, რომ ღირსნი ვართ ამ საოცარი გრძნობის განცდის, რასაც დედობა ჰქვია.
მინდა ყველა დედას ვუთხრა, ნუ შეგეშინდებათ, შვილი ხომ ნებისმიერ შემთხვევაში უფლის საჩუქარია, ჰოდა ჩათვალეთ, რომ ის ერთით მეტი ქრომოსომა თქვენს შვილს, სწორედ უფალმა აჩუქა და მოავლინა ამქვეყნად იმიტომ, რომ ჭეშმარიტი სიყვარული გვასწავლონ..".
თამუნა ნოზაძე
გაიხარე თამუნა შენს ვაჟკაცებთან ერთად. ძალიან კარგი, ძლიერი დედა ხარ და სულ ცოტა ხანში შენი იოანეთი ჩვენც შენთან ერთად ვიამაყებთ.
ინგა ლოლაძე