სიმართლე მამაკაცებზე, ქალებზე და მათ მოთხოვნებზე მყავს 29 წლის დაქალი, რომელიც არასოდეს ყოფილა გათხოვილი და არ ჰქონია სერიოზული ურთიერთობები. დაბალია, პუტკუნა, მუშაობს სახელმწიფო სამსახურში, ანაზღაურება - მინიმალური, ცხოვრობს საერთო საცხოვრებელში, განათლება არ აქვს. ვმეგობრობთ უკვე 8 წელია და ამ ხნის მანძილზე ეძებს ცხოვრების თანამგზავრს, მაგრამ ვერა და ვერ იპოვა. მოვიდა ერთხელაც ჩემთან სტუმრად და დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რომ ჩვენი შემხედვარე (მეგობრების), ძალიან უნდა ჰყავდეს ოჯახი და შვილები, რომ წლები ემატება, ხოლო ბედი არა და არ ჩანს. მთხოვა დავხმარებოდი ვინმე წესიერი ადამიანის გაცნობაში.
ჩემი მეუღლე ავტოსერვისში მუშაობს, მივმართე მას და ვკითხე, თუ ჰყავდა ისეთი თანამშრომელი, რომელსაც ოჯახი არ ჰქონდა ჯერ შექმნილი და შეეფერებოდა ჩემს მეგობარს. მან მითხრა, რომ იყო ერთი ასეთი კაცი, რომელიც არ სვამდა, იყო მარტოხელა და ადეკვატური. გადავწყვიტეთ, გაგვეცნო ერთმანეთი.
მამაკაცი თანახმა იყო. მოვიწვიე ჩემთან ჩემი დაქალი, რათა დაგვეგეგმა შეხვედრა. მან სიხარულით მოირბინა და გამომკითხა ყველაფერი მის შესახებ. მეც დავიწყე: “ხელოსანია, შენი ასაკის, უცოლო, ბავშვები არ ჰყავს“. უცებ შეეცვალა სახის გამომეტყველება და მეუბნება პრეტენზიული ტონით: "რაო? ხელოსანი? რაში მჭირდება ხელოსანი, მე მინდა სოლიდური დირექტორი, ლამაზი და ჭკვიანი".
ლაპარაკის უნარი დავკარგე. მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა თავში: „კი მაგრამ რაში სჭირდები ლამაზ, განათლებულ და წარმატებულ კაცს შენ - უსწავლელი და უქონელი?“. არ მინდოდა ჩვენი მეგობრობის დანგრევა და ძლივს შევიკავე თავი.
ამასობაში ჩემი ქმრის თანამშრომელი ელოდებოდა ჩვენს პასუხს. ნამდვილად ვერ ვეტყოდით რეალურ მიზეზს და ამიტომ სიტუაციიდან გამოსავალი მოვძებნეთ: გავაცანით ჩემი მეორე მეგობარი გოგო, 30 წლის, საშუალო აღნაგობის. ნინა სიამოვნებით დათანხმდა შეხვედრაზე. გაცვალეს ტელეფონის ნომრები, დათქვეს შეხვედრის დრო და ადგილი.
ნინა აღფრთოვანებული იყო შეხვედრით და სულმოუთქმელად ელოდა მეორე პაემანს. კაცის სიტყვებით კი: „ისე არა უშავდა, მაგრამ ჩემი იდეალი არ არის. მე მომწონს მაღალი, ახალგაზრდა, იდეალური გარეგნობის ქალები“...
სამი ადამიანი, რომლებიც დიდი ხანია დაოჯახებული უნდა ყოფილიყვნენ, იდეალური პარტნიორის ლოდინში ვერ ამჩნევს უბრალო ადამიანებს. მერე მოდიან ჩვენთან სტუმრად და ამბობენ: “თქვენი მშურს, თქვენ ოჯახი გაქვთ, ბავშვები, სიმყუდროვე, მე კი მარტოდმარტო ვარ და უბედური“...
მოკლედ, მარტოხელა ადამიანებო, გეყოფათ ილუზიებით ცხოვრება, პრინცისა და პრინცესას ლოდინი. მიმოიხედეთ გარშემო, იქნებ შეამჩნიოთ თქვენ გვერდზე მდგომი არცთუ ისე მომხიბვლელი გარეგნობის, მოკრძალებული ხელფასის მქონე, მაგრამ წესიერი ადამიანი. ნუ განლევთ მთელ ცხოვრებას არარსებული პრინცის მოლოდინში.
ასევე ნუ შეგრცხვებათ, კრიტიკულად შეხედოთ საკუთარ თავს და დაუსვათ კითხვა: “მე თვითონ ვაკმაყოფილებ კი სხვის მოთხოვნებს?" და ჩემი რჩევა კაცებსაც და ქალებსაც: “გარეგნული სილამაზე წლებთან ერთად გაქრება, ფულიც არ არის მარადიული, სულის სილამაზე და მშვენიერება კი გაათმაგდება“.
ლია, 32 წლის