ფეხებში ჩამივარდა და პატიება მთხოვა ქალბატონმა, რომელიც რედაქციაში დაგვიკავშირდა და თავი ნინიად გაგვაცნო, გვითხრა, რომ ჩვენთვის თავისი ამბის მოყოლა სურდა. მასთან სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც ნინიამ გაგვიმხილა, თუ როგორ აპატია ქმარმა ღალატი...
- დედისერთა ვარ. დედაჩემი ისეთი ლამაზი ქალია, რომ დღემდე ქუჩაში ყველა თვალს აყოლებს. მამაც ძალიან სიმპათიურია, არ ვიცი, მე ვის დავემსგავსე ასეთი შეუხედავი. თუმცა ეს წლების წინ იყო, ახლა სხვანაირი ვარ. ჩემი გარეგნობა ყოველთვის მაკომპლექსებდა. საბედნიეროდ, მამაჩემს ყოველთვის კარგი შემოსავალი ჰქონდა და როგორც კი სკოლა დავამთავრე, ერთი წლით საზღვარგარეთ გავემგზავრე და იქ რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია გავიკეთე. საშინელი, მძიმე დღეები გამოვიარე, მაგრამ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ბოლოს, როცა სახე დამიცხრა და სარკეში ჩავიხედე, იქიდან სულ სხვა ქალი იყურებოდა. პირველი რამდენიმე დღე საკუთარი გარეგნობა იმდენად მეუცხოებოდა, რომ მეგონა ვერასოდეს შევეგუებოდი ახალ ნინის, მაგრამ მერე ეს განცდა გამიქრა. თმა შევიჭერი, ქერად შევიღებე, ახალი ტანსაცმელი შევიძინე და თბილისში იმიჯშეცვლილი დავბრუნდი. ნათესავებმა და მეგობრებმა ვერ მიცნეს. მამაჩემი ყოველ წუთს მათვალიერებდა, მოკლედ, ჩემით ყველა აღფრთოვანებული იყო. მეორე წელს უმაღლესში ჩავაბარე და პოპულარულიც გავხდი, მაგრამ მე არავინ მომწონდა, მეგონა, რომ ყველა მამაჩემის ფულის გამო მამჩნევდა და მე არ ვუყვარდი.
- რატომ? თქვენ ხომ თქვით, რომ ოპერაციის შემდეგ საკმაოდ მიმზიდველი გახდით?..
- კი, ეს ნამდვილად ასე იყო, მაგრამ ვინც კი შემხედავდა, მეგონა, რომ მამაჩემის ქონების გამო მოვწონდი. ალბათ მაინც ვერ დავძლიე ბავშვობის კომპლექსი, რაც წლების განმავლობაში მტანჯავდა.
- მეუღლე როგორ გაიცანით?
- ერთ-ერთი ჯგუფელის სახლში. ლევანი ჩემი მეგობრის ბიძაშვილი იყო. იცით, მასში რამ მომხიბლა?! ლევანი უბრალო იყო, უპრეტენზიო და მორცხვი. მშობლები სოფელში ჰყავდა, თვითონ თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მისი მორთმეული გამხმარი ფოთოლიც კი ჩემთვის უფრო ღირებული იყო, ვიდრე სხვისი ნაჩუქარი ძვირად ღირებული თაიგულები. სიმართლე გითხრათ, თავიდან ჩვენს ურთიერთობაში ინიციატივას მე ვიჩენდი, მაგრამ მერე ისიც გააქტიურდა. ისე შევუყვარდი, ერთ დღესაც ვერ ძლებდა უჩემოდ. ოჯახის წევრებს ჩემი ამბავი რომ ვუამბე, მამაჩემმა მითხრა, სახლში მოიყვანე და გამაცანიო. პატარა სუფრა გავშალეთ და ლევანი სახლში მოვიპატიჟე. თავისი უბრალოებითა და უშუალობით მან ყველას მოაწონა თავი. მამაჩემმა მითხრა, სწორედ ასეთი კაცი მინდოდა შენ გვერდით მენახაო. მერე ჩვენ ყველანი ლევანის მშობლებთან სოფელში ჩავედით. პატარა სახლში ცხოვრობდნენ. ლევანის მამას ეზოში სხვადასხვა ხილის ხე ერგო და პატარა ბოსტანი ჰქონდა, თავი ამით გაჰქონდათ.
- თქვენი საქმრო თბილისში არ მუშაობდა?
- ბიძამისს სამკერვალო საამქრო ჰქონდა და იქ მუშაობდა ბუღალტრად. ფულს მშობლებსაც უგზავნიდა და თვითონაც ჰყოფნიდა, მაგრამ ის ფული ჩვენთვის საკმარისი ნამდვილად არ იყო. მამაჩემმა ქორწილი რომ გადაგვიხადა, ბინაც გვიყიდა, ჩემი ქმარი თავის ფირმაში წაიყვანა და მოადგილედ დანიშნა. ლევანმა კარგად აუღო ალღო საქმეს. მამაჩემმა ასწავლა ლაპარაკი, ქცევა, ჩააცვა, დაახურა და საზოგადოებაში გამოიყვანა. მერე მანქანაც აჩუქა... პირველი 4 წელი, ისევ ძველებური ლევანი იყო, მაგრამ ნელ-ნელა ისე შეიცვალა, ვეღარ ვცნობდი. გაგრძელება