"ის ქალი ჩემს პატარას ისე მიარბენინებდა, უკან არც მოუხედავს" რამდენიმე დღის წინ ერთმა ქალბატონმა წერილი გადმომცა, რომელშიც შვილწართმეული მამის სევდიანი ამბავია მოთხრობილი. წერილის მიხედვით, მამა იმ შვილს ეძებს, რომელიც უნებურად, გაუაზრებლად გადასცა ქალბატონს, რომელმაც მისთვის მიცემული პირობა, - შვილს როცა მოგინდება, მაშინ ნახავო, - არ შეასრულა და უფრო მეტიც, პატარა ბიჭუნა საბოლოოდ წაართვა მამას, მის ობლად დარჩენილ და-ძმებს. ბატონი დავითი მადლობას უხდის შვილის გამზრდელ ქალბატონს იმისთვის, რომ მან თავის დროზე პატარა რამაზი სიღატაკეში ცხოვრებისგან იხსნა და სთხოვს, სიკვდილის წინ მაინც უჩვენოს შვილი უკვე დაბერებულ და დაუძლურებულ მამას.
გთავაზობთ ბატონი დავითის წერილს (იბეჭდება მცირეოდენი შესწორებით):
"არ გენატრება შენი სოფელი, სადაც დაიბადე და ფეხი აიდგი? მახსოვს ის დღე, როცა შენს ღარიბულ ოჯახში ტირილით დარბოდი, ეზოში დედას რომ ეძახდი: სადა ხარ, ჩემო დედიკოო? - მაგრამ ვერ იპოვე. ახლა მე გეძახი, შვილო, - სადა ხარ? ჩემო საყვარელო, დედით ობოლო ბიჭო, მოგიკვდეს უბედური მამა.
ერთი სოფლელი, პატიოსანი, მშრომელი ბიჭი ვიყავი. შემიყვარდა და დავოჯახდი. მერე სოფელში თოფიც გავარდა, - დავითს ვაჟიშვილი შეეძინაო. მიხაროდა, ბედნიერ კაცად მივიჩნევდი თავს...
ბედნიერი კი არა, დაწყევლილი ვყოფილვარ! მალე ხელიდან გამომეცალა ჩემი შვილების დედა. დარჩნენ ობლად ჩემი ბიჭები, მე კი მთელი ოჯახის სიმძიმე დამაწვა ზურგზე. ძალიან ვწვალობდი, შინ თუ გარეთ ერთნაირად, მუხლჩაუხრელად ვშრომობდი.
გადიოდა თვეები, წლები. ჩემი ოჯახი უკან-უკან მიდიოდა. არ მომასვენეს: მოიყვანე, დავით, ქალი, მოვლა-პატრონობა გჭირდებათ. თუ დაქორწინდები, შენც გეშველება და შენს შვილებსაცო. ამ ადამიანებს დავუჯერე...
მიხაროდა, რადგან ოჯახში კარგი დიასახლისი შემოვიდა. ის დედად მიიღეს ჩემმა შვილებმა. მის გვერდით ბედნიერად ვგრძნობდით თავს და გამხიარულდა ოჯახი, გავიხარეთ მეც და ჩემმა ვაჟებმაც. მერე კიდევ შემეძინა შვილები. ნაბოლარა რამაზი იყო. ჩემი საყვარელი პატარა გულში ჩავიკარი და გამათბო... მიყვარდი, შვილო. ყველაზე პატარა შენ იყავი... ჰოდა, ახლა შენს გზას გამოვცქერი, გელოდები.
მალე ჩემს ოჯახში სიხარული სევდამ ჩაანაცვლა, რადგან სიკვდილმა კიდევ ერთი საყვარელი ადამიანი გამომაცალა ხელიდან: წაიკითხეთ გაგრძელება