"დედა დროებით "ათხოვებდა" შვილს რომელიმე უშვილო მამაკაცზე კარგი თანხის საფასურად" - სუროგაცია ქართულ სოფლებში
"დედა დროებით "ათხოვებდა" შვილს რომელიმე უშვილო მამაკაცზე კარგი თანხის საფასურად" - სუროგაცია ქართულ სოფლებში
ბოლო დროს ხშირად საუბრობენ იმაზე, კარგია თუ ცუდი სუროგატი დედობა და საერთოდ, უშვილოებისთვის პრობლემის ამგვარი გადაწყვეტა. რელიგიურად, ზნეობრივად თუ სხვა მრავალი კუთხით, სუროგატ დედებს ბევრი განიკითხავს და იმასაც ამტკიცებენ, რომ ეს დასავლეთის მიერ თავს მოხვეული საშინელებაა, რომელიც უნდა უკუვაგდოთ.
დავინტერესდით, როგორ აგვარებდნენ უშვილობის პრობლემას საქართველოში. უჩენდნენ თუ არა უშვილო წყვილებში ბავშვებს სხვა ქალები. ასეთი ამბები ყურმოკვრით გაგვიგონია, მაგრამ ვეცადეთ მოგვეძებნა ასეთი ფაქტების ცოცხალი მოწმე.
ბევრი ძებნა არ დაგვჭირვებია. საქართველოს სოფლები ხომ არაერთ საიდუმლოს ინახავს. სოფლად თითქმის არაფერი იმალება, ყველამ ყველაფერი
იცის, უბრალოდ, დუმილს ინარჩუნებენ.
ამ
ისტორიების გახსენებით არავის გაკიცხვა ან მხილება არ გვინდა. ამიტომ არ ვასახელებთ სოფლისა და მოქმედ პირთა სახელებს. ჩათვალეთ, რომ ეს უბრალოდ ამბავია, რომელიც წლების წინ მოხდა და გაგრძელებაც არ ექნება.

ჩვენი რესპოდენტი ხნიერი ქალია, მთელი ცხოვრება მთაში ცხოვრობს და ბევრი მსგავსი ამბაი გაუგონია. რედაქტირებული სახით გთავაზობთ მის ნაამბობს:

"ამ ცხოვრებაში ბევრი რამ მინახავს. ჩემს ახალგაზრდობაშიც, რასაკვირველია, იყვნენ უშვილო წყვილები და ამ პრობლემას მაშინ სხვადასხვანაირად აგვარებდნენ. ამდენი გამოკვლევა და ტექნიკა სად იყო, ან კაცს ვინ მიიყვანდა ექიმთან გასასინჯად, ჰოდა თუ შვილი არ გაუჩნდებოდა წყვილს, დამნაშავედ მაშინვე ქალს გამოაცხადებდნენ. ბევრი ოჯახი დანგრეულა ამის გამო – უშვილო ქალი სახლიდან გაუშვიათ, თუმცა ისეც მომხდარა, კაცს არც მეორე ცოლთან გასჩენია შვილი და უშვილობის მთავარი მიზეზიც გამოაშკარავებულა. თუმცა თუ ცოლ-ქმარს ერთმანეთი ძალიან უყვარდა და ოჯახის დანგრევა არ სურდათ, მაშინ სხვა გზას მიმართავდნენ. სწორედ ამ "სხვა გზაზე"მინდა გიამბოთ.
პირველი და ყველაზე გავრცელებული, რასაკვირველია, შვილის აყვანა გახლდათ. ამ საქმეს ხშირად მამაკაცები აგვარებდნენ – რუსეთში ან რომელიმე სხვა მეზობელ ქვეყანაში მიდიოდნენ და იქ უბრალოდ, ყიდულობდნენ ჩვილებს და ჩამოჰყავდათ. ეს ყველაზე უსაფრთხო გზად მიაჩნდათ, რადგან ბავშვს მომკითხავი აღარ გამოუჩნდებოდა და ნაკლები ნერვიულობა ელოდათ მომავალში. ვინც ამაზე ნაკლებად ღელავდა ან სხვა ქვეყანაში წასვლის საშუალება არ ჰქონდა, ის საქართველოშივე ყიდულობდა პატარას – მრავალშვილიანი ოჯახებისგან, ან ისეთ ოჯახებში, სადაც ბევრი ჰყავდათ ერთი სქესის შვილი (ძირითადად, გოგო) და აღარ უნდოდათ (დიახ, ასეთი რამეებიც ხდებოდა). ან კიდევ, უკანონოდ თუ ჩნდებოდა პატარა, მასაც, უმრავლეს შემთხვევაში, გაშვილება ელოდა.
ჩემს საახლობლოში ისეთი შემთხვევებიც იყო, როდესაც ღვიძლ ძმას ან დას "დაუთმია" თავისი მესამე, მეოთხე შვილი უშვილო დედმამიშვილისთვის.
ჩემი შვილი სვანეთში იყო გათხოვილი და იქაური წესებიც გავიგე. საკმაოდ თანამედროვე შეხედულებები ჰქონიათ სვანებს ამ საკითხზე. როგორც ჩემმა გოგონამ მიამბო, ძველად (და ასეთი შემთხვევები ახლო წარსულშიც ხდებოდა), თუ სვანის ცოლს შვილი არ უჩნდებოდა, კაცს ჰქონდა უფლება, მეორე ცოლი მოეყვანა, ოღონდ ისე, რომ პირველს არ ეყრებოდა. შეთანხმების მიხედვით, მეორე ცოლიც ან სახლში მოჰყავდა და ორივე ცოლთან ერთად ცხოვრობდა, ან მეორე ცოლი მშობლების სახლში რჩებოდა და ქმარი ყველანაირად უზრუნველყოფდა მას. უმრავლეს შემთხვევაში, მეორე ცოლებთან შვილები უჩნდებოდათ, თუმცა ისე ახერხებდნენ, რომ ორივე ცოლს დიდ ყურადღებას აქცევდნენ და პირველი ცოლი არც შეურაცხყოფილი რჩებოდა ამით და არც გულნატკენი – პირიქით, ისიც მონაწილეობდა ხოლმე ბავშვის აღზრდაში.
თქვენ სუროგაციაზე მკითხეთ, ანუ სხვა ქალი რომ სხვისთვის აჩენს შვილს არა? ჩემს ბავშვობაში ჩემს გვერდით სოფელში ცხოვრობდა ულამაზესი გოგონა, რომელიც ღმერთმა მშვენიერი გარეგნობით დააჯილდოვა, თუმცა ჭკუასუსტი იყო. დღემდე არ ვიცი, რისი ბრალი იყო მისი ეს ნაკლი, თუმცა ფაქტია, რომ მისი გარეგნობითა და გონებრივი ჩამორჩენილობით არაერთ ადამიანს უსარგებლია, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, პირველ რიგში კი საკუთარ დედას. დიახ, სწორედ დედამ მოიფიქრა და წლების განმავლობაში ასრულებდა ამ ჩანაფიქრს: თავის შვილს დროებით "ათხოვებდა" რომელიმე უშვილო მამაკაცზე, რასაკვირველია, კარგი თანხის საფასურად. როგორც კი დაორსულდებოდა, მას, ისევე როგორც დღეს სუროგატ დედებს, ბავშვის მომავალი მშობლები ყოველმხრივ უვლიდნენ, ცხრა თვე დაჰფოფინებდნენ, მერე კი, როცა ბავშვი ჩნდებოდა, რა თქმა უნდა, ის თავისთან მიჰყავდათ. რაც მე ვიცი, ბარემ ათი ბავშვი მაინც გაუჩენია ასე იმ გოგონას. და სხვათა შორის, უმრავლესობა სრულიად ჯანმრთელი და საღ-სალამათი ებადებოდა. მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსოვს, როცა მისი გაჩენილი გოგონა ულამაზესი გაიზარდა, მაგრამ მასაც სწორედ ის ნაკლი ჰქონდა, რაც დედამისს და ჭკუა-გონება არ მოეკითხებოდა.
ასეთი "სუროგატი დედების" ამბავი სხვაც ბევრი გავიგე – ძირითადად სოფლებში... ასე რომ, არც სუროგაცია ყოფილა ქართველებისთვის უცხო და არც ორცოლიანობა". 

73106
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
ელისო
0
რას ბლანდავთ, რას წორაობთ... ეგაა სუროგაცია?
20:39 / 20-11-2022
123
0
რაც ცოდვაა უფლის თვალში, ის არასოდეს არ არის მისაღები, გინდ ქართველებისგან და გინდ უცხოელებისგან
07:38 / 27-09-2022
myquiz
მსგავსი სიახლეები